|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ირაკლი ხვადაგიანი - გაიდეალებული "წარსულის" ზღაპრები ვერ მოვიცილეთ

საბჭოთა კავშირის მიმართ ნოსტალგია დღესაც არსებობს. ეს შესამჩნევია როგორც რიგით მოქალაქეებში, ასევე სახელისუფლო წრეებში. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? რამდენად ვიცნობთ ჩვენს უახლეს ისტორიას? რა შეიძლება ჩაითვალოს საბჭოეთის ყველაზე ბნელ მხარედ? რამდენად დიდია ისტორიოგრაფის, მკვლევარის პასუხისმგებლობა ისტორიის "წაკითხვაში"? რამდენად სამარლიანად უდგება სახელმწიფო საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს დაზარალებულ  ადამიანებს და ინსტიტუციებს?


ამ კითხვებზე პასუხებით newpress.ge-ს სტუმარია  ილიას უნივერსიტეტის მაგისტრი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის წარმომადგენელი ირაკლი ხვადაგიანი.


- საბჭოეთის ნოსტალგიის ერთ-ერთი მიზეზი ისიც ხომ არ არის, რომ ხალხი არ იცნობს უახლეს ისტორიას?

ძალიან ძნელია განაზოგადო და შემდეგ სახელი მოუძებნო იმ არაერთგვაროვან განწყობებს რაც ჩვენს თანამოქალაქეებს (ან უმრავლესობას, რამდენადაც ბევრს საერთოდ არ აინტერესებს და არც არაფერი იცის) აქვთ გასული საუკუნის დიდი ნაწილის მიმართ - რომელსაც საბჭოთა პერიოდს ვეძახით. როგორც მე მეჩვენება - თუკი სიმპათია აქვს ვინმეს, მეტწილად ეს დღევანდელობის მიმართ აგრესიით და უკმაყოფილებით არის განპირობებული; როდესაც ადამიანს პრობლემები აქვს და თვითრეალიზებას ვერ ახერხებს, ალბათ გამოიგონებს ხოლმე უკეთეს, იდეალურ დროების ხატს, რომელიც წარსულში დარჩა. ამ განწყობას მით უმეტეს ზურგს უმაგრებს, 60-70-იანი წლების სტერეოტიპული "პოზიტიური" მეხსიერება. შესბამისად, სადაც მსგავსი იმპულსი არის, იქ ობიექტური "ცოდნის" ადგილი აღარ რჩება და არც ძიების სურვილი იენს თავს, რომ გავიგოთ, რეალურად რას წარმოადგენდა ეს გაიდეალებული დრო და გარემო.

- საბჭოეთის ყველაზე ბნელ მხარედ, რაც მას განასხვავებს სხვა ტოტალიტარული სისტემებიდან, რომელს მიიჩნევდით?

- პირადად მე (საკმარისი კომპეტენციის არქონის გამო) გამიჭირდება რამე განსაკუთრებული ნიშნით გამოვარჩიო სხვა რეჟიმებისაგან; ჩემი აზრით, მხოლოდ იმიტომ გვეჩვენება საბჭოთა რეჟიმი უფრო საშინელად, რომ ხანგრძლივი არსებობიდან გამომდინარე, მიაღწია იმას, რომ საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს მეხსიერება, საკუთარი "სახის" აღქმა დაუმახინჯა - ყალბი ვერსია შეაჩეჩა. ჩაახშო სოლიდარობის, ნდობის კულტურა და რაც ყველაზე მთავარია - იმით რომ დეკლარირებული იდეალის - კომუნიზმის შექმნის აქტიური პროპაგანდის პარალელურად, პრაქტიკაში ძალზე ბნელ და პრიმიტიულ ინსტინქტებზე დამყარებულ ურთიერთობებს ნერგავდა და ეყრდნობოდა, მოშალა ზოგადად იდეის ერთგულების, მისთვის ბრძოლის და პრინციპულობის აღქმა, მნიშვნელობა და პრაქტიკულობის განცდა.

- მთავარი ზიანი, რომელიც რუსულმა საბჭოთა იმპერიამ საქართველოს მიაყენა? დღემდე დაუძლეველი  საბჭოური "მონაპოვარი", ნაყოფი რასაც დღესაც ვიმკით, რომელი მიგაჩნიათ?

აქედან გამომდინარე სწორედ ეს მიმაჩნია მთავარ ტრაგედიად და დღევანდელობის - როგორც საბჭოთა მემკვიდრეობის გამოწვევად; აქ არ აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა საქართველოს, უკრაინას თუ ბელორუსიას - ეს მთელი საბჭოთა სივრცის სურათი მგონია. ასევე, უადგილოა "რუსულ საბჭოთა იმპერიაზე" საუბარი ამ კონტექსტში - ის ფაქტი რომ საბჭოთა რეჟიმი აქტიურად იყენებდა ამ ერის სისუსტეებსა და რესურსებს, არ ნიშნავს იმას, რომ ეს ამ ერის სასიკეთოდ ხდებოდა.

- რამდენად დიდია ისტორიოგრაფის, მკვლევარის პასუხისმგებლობა ისტორიის "წაკითხვაში"? რატომ ხდება რაღაც კონტექსტის, ან იდეოლოგიის გათვალისწინებით ისტორიული მოვლენების არასწორი მოწოდება, ფაქტების დამალვა, ისტორიის მითისა და ზღაპრის ფორმატში გადმოცემა? ისტორიის" გათეთრებით","ან პირიქით გამუქებით, ფაქტების დამალვით რამდენად რთული შედეგები შეიძლება დადგეს აწმყოში?

ამ პრობლემას მხოლოდ კონკრეტული პიროვნებების - ისტორიკოსების პასუხისმგებლობამდე ვერ დავიყვანთ. მე მგონია, რომ ეს საზოგადო პრობლემაა, გამოწვეული ალბათ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებით. პრობლემა შეიძლება შემდეგნაირად დავახასიათოთ: ჩვენ გაწყვეტილი გვაქვს კავშირი საკუთარ წარსულთან; ვერ ვგრძნობთ მას, როგორც საკუთარი მოქმედებების - შეცდომების და წარმატებების დღიურად, ან "საშინაო დავალების რვეულად" შესაბამისად, ადამიანს უხარია და მოსწონს კორექტირებული, დავარცხნილი სურათი და აშფოთებს ცუდი კვალი და მის მიჩქმალვას ცდილობს. ეს სიტუაცია მოჯადოებულ წრეს ჰგავს - ჯერ ვერ გადაგვილახავს პირველი ეტაპი; გამოგონილი, გაიდეალებული "წარსულის" ზღაპრები ვერ მოვიცილეთ და შემდეგ უკვე საკუარი წარუმატებლობების და მანკიერებებისათვის თვალის გასწორებისათვის შეჩვევა დაგვჭირდება. ამ პრობლემის ილუსტრაცია მე ასე წარმომიდგენია: ჩვენ ბავშვობიდან გვიტენიან თავში ამ გაპრიალებულ მზა ცოდნა-წარმოდგენებს ჩვენი წარსულის-ისტორიის შესახებ და დროთა განმავლობაში გააზრებულად თუ ქვეცნობიერად ადამიანი აფიქსირებს, რომ მას აბსოლუტურად არაფერი აქვს საერთო ამ სიუჟეტების პერსონაჟებთან და ვერ ხვდება, რატომ უნდა ჰქონდეს მისთვის მნიშვნელობა ამ ამბებს.

ხელისუფლების გადაწყვეტილებით ოთხი რელიგიური გაერთიანება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.  ამ დაფინანსებამ  ნაწილობრივ უნდა აანაზღაუროს საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანი. როგორ შეაფასებდით ამ  გადაწყვეტილებას?

- ეს საკმაოდ რთული საკითხია, მაგრამ ვეცდები მოკლედ ჩამოვაყალიბო: ერთი მხრივ მისასალმებელია, რომ დღეს საქართველოს სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას და ვალდებულებას, დააფიქსიროს პოზიცია და კონკრეტული ნაბიჯები გადადგას საბჭოთა რეჟიმის დანაშაულებების შეფასების და შედეგების აღმოფხვრის კუთხით. მსგავსი ქვეტქსტი ჰქონდა კონკრეტული კონფესიებისათვის ბიუჯეტიდან დაფინასების გამოყოფის საკითხს, როგორც საბჭოთა პერიოდში შევიწროების კომპენსაციად წარმოჩენა; თუმცა აქ ნახსენები იყო "ჯადოსნური სიტყვა" – სიმბოლური კომპენსაცია, რომელიც განმარტეს იმ კუთხით, რომ დევნისა და მორალური ზიანის დათვლა და ფულით შეფასება ძნელია. აქ ჩანს სახელმწიფოს არათანმიმდევრული დამოკიდებულება - ძალზე მარტივია კონკრეტული შევიწროების, ინსტიტუციების (რელიგიური გაერთიანებების) მატერიალური ზარალის დათვლა და ანაზღაურება - კერძოდ, ჩამორთმეული ქონების - შენობა-ნაგებობების და მიწის ნაკვეთების, ფულადი სახსრების დათვლა; დანგრეულის საზღაურის განსაზღვრა (როგორც ნაგებობის და არა ისტორიულ-კულტურული ძეგლის), შენარჩუნებულის დაბრუნება საკუთრებაში, რაც დიდწილად, ერთი კონკრეტული კონფესიის - საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიმართ, დიდი ხანია სრული სვლით ხორციელდება, ხოლო სხვა კონფესიებს და რელიგიურ ჯგუფებს სწორედ ეს პრობლემები უდგათ პირველ რიგში ყველაზე მწვავედ; ბევრი მათგანი ვერ ახერხებს საკუთარი ტაძრების დაბრუნებას (სომხური ეკლესია, კათოლიკური ეკლესია). თუკი სახელმწიფო გამოთქვამს სურვილს გადადგას ეს ნაბიჯი, მაშინ პროცესი სრული, გამჭვირვალე და ხელშესახები უნდა იყოს და არა "სიმბოლური". სხვა ტიპის "ზარალზე" საუბარი ინსტიტუციების მიმართ (ამ შემთხვევაში რელიგიური გაერთიანებების), როგორიცაა ღვთისმსახურებაში ხელის შეშლა, დევნა რელიგიურ ნიადაგზე და ა.შ. ძნელია, რადგან აქ მართლაც რთულია კონკრეტული ზიანის დადგენა და დათვლა-შეფასება საზღაურის, ოღონდ თუკი "მოსარჩელედ" ინსტიტუციას - კოლექტიურ გაერთიანებას, ეკლესიას წარმოვიდგენთ. აქ უფრო კონკრეტული შემთხვევის-ფაქტის და დაზარალებულის - პიროვნების პრეცენდენტის მოდელია. სწორედ აქ არის ასევე გარკვეული არათანმიმდევრულობა სახელმწიფოს მხრიდან. დიდი ხანია მიღებულია კანონი საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლთა - რეპრესირებული ადამიანების სამართლებრივი დაცვისა და კომპენსაციის შესახებ, მაგრამ რეალურად კომპენსაციის ნაწილი დღემდე არ ამუშავებულა და ტრაგი-კომიკურ სახეს იღებს. ბოლო პრეცენდენტებით, ხშირ შემხვევაში სასამართლომ რუტინულად, 800 ლარად შეაფასა ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა. იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ხსენებულ დაზარალებულ "ინსტიტუციებს" ადამიანები წარმოადგენდნენ და ინსტიტუციების გარეშე მყოფთა შორის იყო მსხვერპლის უდიდესი ნაწილი, უცნაურია, რომ სახელმწიფო უხერხული დუმილით და მწირ ბიუჯეტზე მითითებით გვერდს უვლის კონკრეტული დაზარალებული ადამიანების კომპენსაციის საკითხს. საზოგადოების უმრავლესობაც გაუაზრებლად ეთანხმება, მისი სახელით გარკვეული ინსტიტუციებისათვის კომპენსაციის გაცემას, როცა მწვავედ და უარყოფითად რეაგირებს საკუთარი თანამოქალაქეებისათვის კომპენსაციის მიცემის ალბათობაზე მისივე გადასახადებიდან შევსებული საერთო ბიუჯეტიდან (ქუთაისის დისკუსიაზე კარგად გამოჩნდა ეს). როცა მაგალითად მე, როგორც მოქალაქეს, შემიძლია მსგავსი კითხვა დავსვა - თუკი სახელმწიფო უნაზღაურებს მართლმადიდებელ ეკლესიას და კიდევ 4 სხვა კონფესიას ჩამორთმეულ ქონებას და მატერიალურ დოვლათს, რა დააშავა ჩემმა დიდმა პაპამ, რომლის კანონიერად კუთვნილ მიწაზე დღეს ლამის ნახევარი სოფელი ცხოვრობს და ეს საკუთრება მას 1930-იან წლებში - კოლექტივიზაციის დროს ჩამოერთვა??? თუკი ეს გამართლებულია, ან ვგმობთ, მაგრამ ვერ ვანაზღაურებთ, რელიგიური ინსტიტუციების საკუთრების უფლებაც ზუსტად ანალოგიური მიზნებით - "მშომელთა კეთილდღეობისა და ეკონომიკის გაძლიერებისათვის" დაირღვა იმავე წლებში.

 

 

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა