|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზელიმხან უძილაური – რელიგიური ორთოდოქსები კულტურის გაუპატიურებასა და კონტროლს ცდილობენ

გასული საუკუნის 90–იან წლებში  აღნიშნავდნენ, რომ ყველა ქართველი პოლიტიზებულია. ახლა პოლიტიკა ოდნავ უკანა პლანზე გადავიდა და მისი ადგილი 

რელიგიამ დაიკავა.  ამიტომ სადღეისოდ ამბობენ, რომ „ყველა რელიგიურია“. რამ განაპირობა და რა შედეგები ახლავს ამ საყოველთაო რელიგიურობას? რა აქვს საერთო ჩვენს დღევანდელ რელიგიას ქართულ თუ ზოგადად კულტურასთან? ვის ეხება რელიგია?

აღნიშნულ საკითხებზე newpress.ge-ს ესაუბრება  რელიგიათმცოდნეობის მაგისტრი, ტუბინგენის უნივერსიტეტის დოქტორანტი ზელიმხან უძილაური.
– ყველას მოგეხსენებათ, რა ტრივიალურ თემად იქცა რელიგია. ეკლესიის რეალური რელიგია იგულისხმება -  ძალადობრივი ელემენტებით უხვად გაზავებული.

„რელიგია ულტიმური კონცერნია“ , „ჩვენ ყველას გვეხება“ ... პაულ თილიხის ეს ცნობილი აფორიზმები თუ სადმეა ძალაში და ჭეშმარიტებაში, ესაა ჩვენთან და ესაა ახლანდელ ჩვენ ყოფიერებაში და ჩვენს ირგვლივ.

რელიგია დღეს ჩვენ ქვეყანაში ყველას გვეხება, თვითონ რელიგიისმსახურთათვის შესაძლებელია სასარგებლოა ეს შეხება, მაგრამ ყველა დანარჩენისთვის, მინიმუმ სახამუშოა, არაკომფორტული და ზიგმუნდ ფროიდის გამოთქმა რომ ვიხმაროთ, unbehagen… ეს დედნური სიტყვა შემთხვევით არ გამოვიყენეთ ხიდად კულტურისკენ. რელიგია, ისევ თილიხის სიტყვებით, „კულტურის უღრმესი დიმენსიაა“...

– კულტურას და დღევანდელ რელიგიას საქართველოში რა აქვთ საერთო?

– ძნელი სათქმელია, რა აქვს საერთო ჩვენს დღვანდელ რელიგიას ქართულ თუ ზოგადად კულტურასთან. მე ეს ამოცანა ვერ ამოვხსენი, ამიტომ ისევ ყველასთან მოხახუნე, შემხებ და მოძალადე რელიგიას დავუბრუნდები. როგორც ერთმა შინაურმა თეოლოგმა მოსწრებულად აღნიშნა, რადიკალ-ორთოდოქსებს განხურვება სჭირთ... უფრო ცუდი კი ჩემი აზრით ისაა, რომ ამ განხურვების ოცნება არა ქალი, არამედ ზოგადად კულტურაა. ისინი კულტურის დაუფლებას, გაუპატიურებას და კონტროლს ცდილობენ...

ჩვენ ყველა ჩვენი კულტურის ნაწილი ვართ და ამ აზრითაც ის მოძალადე რელიგია ყველას გვეხება, ყველას ეხება და ეხახუნება. ეხება მაგ. რეჟისორს - ათეისტს თუ მორწმუნეს, ვინც სპექტაკლში წმინდანად შერაცხილი ისტორიული პიროვნებები გამოიყვანა. მას მიუცვივდებიან რელიგიის სახელით და რას დააწევენ, ვინ იცის! ამის მაგალითები იცით!

რელიგია შეიძლება შეეხოს მავან მეცნიერს, ვინც შეიძლება მაგ. ქრისტიანულ კულტურას იკვლევდეს, რაიმე დასკვნები დადოს ქართულ-სომხური ეკლესიების ისტორიიდან და ის დასკვნები მიუღებელი აღმოჩნდეს რადიკალებისთვის. რადიკალებს ვინ ჩივის, საპატრიარქოს საგანმანათლებლო კომისიის თვამჯდომარისთვის. ამ უკანასკნელმა  შეიძლება მოუწყოს ავტორს თუ მოაწყობინოს მისთვის  აუტოდაფე, შერისხვა და დევნაც არ დააკლოს... ამის მაგალითებიც იცით.

რაღა შორს ვიაროთ? თვითონ ერთი საპატრიარქოს 2 მღვდელი მანქანით გამოუდგა მათთვის არმოსაწონ მესამე მღვდელს (გიორგი ჩაჩავას), შუქმნეს საავარიო სიტუაცია და აგინეს...არგუმენტები და მაგალითები უხვადაა, ათასი მაინც გაახსენდებოდა, ვინც ასე თუ ისე ჩახედულია ჩვენ რელიგიურ სრბოლაში...

მაგრამ ეს ულტიმური  შეხება და თილიხი წარსულია მაინც. ის პროტესტანტი თეოლოგი იყო, ჩვენ კი ორთოდოქსები გახლავართ, ამიტომ მოდით ვაჯობოთ და წავიდეთ წინ.

– რელიგია და ძალადობა ძალიან დაახლოვდნენ. ეს დროებითი „ახლობლობაა“ თუ მათ დიდი ხნის „ნათესაობა“ გააჩნიათ?

– ულტიმური კონცერნი და აბედი კი არა, ჩვენთან რელიგია თვით საბრძოლო იარაღად იქცა. ის მოგვევლინა თავისი უკონტროლო ფორმით, როგორც მახვილი, სისხლის წყურვილი, გამოღვიძებული მხეცი და თუ ეს ყველაფერი გეზედმეტებათ, უბრალოდ აგრესია. ნუ დავიწყებთ ახლა სირაქლემობანას და იმის მტკიცებას, რომ 17 მაისის ტაბურეტიანი მამაო 17 კი არა, მხოლოდ ერთი ფრაგმენტული გაელვება იყო ძალადობისა. იქ მთელი სამამაოეთი დრტვინავდა, თან წინ ლეგიტიმური ეკლესიის მეორე პირი, კათალიკოს-პატრიარქის მოადგილე ანუ  ქორ-ეპისკოპოსი მოუძღოდათ და დაახლოებით 40 სხვანაირის წინააღმდეგ  40.000 მრევლი-თავდამსხმელი იბრძოდა!

რაც არ უნდა ვგმოთ, ვაკრიტიკოთ ეს ყველაფერი, - და ეს კიცხვა-რეფლექსია ხომ უკვე უკან მოვიტოვეთ, -   რელიგიას ჩვენ მაინც ვერ გარდავქმნით.

როგორც ცნობილია, რელიგია და ძალადობა ტყუპისცალებია, ჰომო რელიგიოზუს და ჰომო ნეკანს ანუ ადამიანი - მკვლელი ხშირად ერთიდაიგივეა, იდენტურია.

მე მგონი დადგა დრო, რომ რელიგიაზე ესთეტიზირებული, იდეალიზირებული და უბრალოდ ხბოურ-გულუბრყვილო წარმოდგენა უკან მოვიტოვოთ და ყური ვათხოვოთ იმ ავტორებს, რომლებიც რელიგიის თანდაყოლ ძალადობრივ ელემენტებზე საუბრობენ.

– და რომელი ავტორები აერთიანებენ რელიგიას ძალადობასთან?

– რელიგიის მეცნიერების (religious studies, Religionswissenschaft) ნებისმიერი, 2001 წლის 11 სექტემბრის შემდგომი სახელმძღვანელო რომ გადაშალოთ, აღმოაჩენთ, რომ იქ განსაკუთრებული ადგილი უკავია რელიგიის 2 თეორეტიკოსს: ვალტერ ბურკერტს(Walter Burkert, „Homo Necans. Iterpretationen…) და რენე ჟირარს (René Girard, « La Violence et le Sacré »)მათ შემთხვევით ერთსა და იმავე, 1972 წელს,  გამოსცეს თავ-თავიანთი წიგნები და ამ წიგნების ლექტურა რელიგიის ყველა მკვლევარისთვის იქცა რელიგიური  ძალადობის, წმინდასა და ძალადობრივს, რიტუალსა და კვლას შორის ურთიერთკავშირის,  რელიგიის ბიოლოგიური არსის და კიდევ უამრავი შემადგენელი თემის, განსაკუთრებით კი მიმეტური თეორიის, მიმეზისის განუყოფელ ნაწილად...

მაშასადამე, მოკლედ და კონკრეტულად, ჩვენი 11 სექტემბერი 17 მაისია, ხოლო თვითმფრინავი კი - რკინის ტაბურეტი(აქამდე ხის მეგონა, კარგად რომ დავაკვირდი ფოტოს, რკინა აღმოვაჩინე!).

რენე ჟირარს და ვალტერ ბურკერტს ავადსახსენებელ 11 სექტემბრამდე, იმ საუკუნის ბოლოში გავეცანი ერთი გერმანული უნივერსიტეტის ‘პრეზენტბიბლიოთეკაში’. მათი და ზოგი სხვა ავტორის საგულისხმო ნააზრევი დავაკოპირე და გადავაბარე საქაღალდეს, სახელწოდებით: „რელიგიის ბიოლოგია“... ეს დავიწყებული საქაღალდე გუშინ აღმოვაჩინე, ანუ დაახლ. 15 წლის შემდეგ და იქვე დამხვდა ერთი შემდგომი, 2003 წლის სემინარის მასალებიც: Menschliche Gewalt zwischen Biologie und Kultur –Sinnvolle Lösungsansätze aus dem religiösenKontext, Dozent: Dr. Med. Dr. phil. Peter Kaiser

გასახსენებელი ამ სემინარიდან ბევრი მაქვს და განსაკუთრებულად კი ამ ორმაგი დოქტორის  გაოცებული თვალები ერთი აფრიკული საველე კვლევის რეზულტატებს რომ მოგვითხრობდა. იმ ეთნიკურ გარემოში ხშირი ყოფილა არასრულწლოვანთა გაუპატიურება. როდესაც ევროპელი მეცნიერები ამ დანაშაულს ან სამართალდამცავებს ან მსხვერპლის ნათესავებს შესჩიოდნენ და რეაგირებისკენ მოუწობდნენ, თითქმის ვერავითარ შედეგს ვერ აღწევდნენ. დოქტორმა პეტერ კაიზერმა გამოთქვა ეჭვი, რომ გაუპატიურება იმ ეთნოსის კულტურის, რელიგიურობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა.

– რამდენად ხედავთ იმის ალბათობას რომ  სასიკეთო შედეგი ვიხილოთ?

– ზემოთნათქვამმა ამბავმა გამიჩინა შემდგომი ეჭვი: თუ რატომაა შედეგი ასევე ნულოვანი, როცა ჩვენ ხელისუფლებას და სამართალდამცავებს რელიგიური ძალადობის საწინააღმდეგო რეაგირებისკენ მოვუწოდებთ? აი, რატომ? ხომ არაა, აღვირახსნილი აგრესია, კვლა და ტაბურეტი-იარაღი ქართული კულტურის და რელიგიურობის ნაწილი? ამ ეჭვს აძლიერებს ფაქტი, რასაც ფოტოზე ხედავთ: პირიქით, აგერ პრემიერ-მინისტრი მოძალადე ტაბურეტიანს  მოწიწებით ესალმება. ჩვენც ხომ მოწიწებით ვკითხულობთ ქართულ ზღაპრებს, სადაც ისე უბრალოდ კლავენ ავსა თუ კარგს და ისეთი მრავალფეროვნებით, რომ ტაბურეტი იქ სანატრელიც კია! აბა წაუკითხეთ ეს თქვენ პატარებს, თუ გინდათ, არა მხოლოდ ადამიანების, ცხოველების სიყვარულიც ასწავლოთ:

„სწვდა კოკროჭინა კატას და ისაც ზედ დააკლა.ნახა ქვაბი თუხთუხებდა, აკუწა ის კატა და შიგ ჩაყარა“... :)

კატა და კოკროჭინა კი არა,  დაგვრჩა ოხრად ბურკერტისა და ჟირარის ლექტურა!... მაიცათ, რა ყველაფერს მე ხომ ვერ დაგიღეჭავთ, კაცნო მეცნიერნო და ქვეყნის გულშემატკივარნო. აგერ ინტერნეტი, გუგლის წიგნები და მისი ჯანი. ეგ ორნი და სხვა ავტორები დაღეჭილიცაა და გადაღეჭილნიც. დასაწყისისთვის ამას გირჩევდით და მერე უფრო შორს კი თვითონაც გაიგნებთ:

– სანამ ჩვენ გავიგნებთ გზას მანამდე თქვენ რომ შეაჯამოთ...

– როგორც ჩანს, „რელიგია ადამიანური კულტურების უნივერსალური ფენომენია“ – Religion – ein universales Phänomen menschlicher Kulturen( Walter Burkert, „Wozu braucht der Mensch Religion?“).ჩვენს უახლოეს ნათესავებს - შიმპანზეს და ბონობოს რელიგიის ქონა არ უდგინდებათ. თუმცაღა მათ ჩვენგან განსხვავებული 2% გენეტიკაც კი არ აბადიათ!

ეს ნიშნავს, რომ ამ 1– ზე მეტი და 2 –ზე ნაკლები პროცენტული გენეტიკის გაჩენის 4 მილიონი წელიწადი რელიგიის დაბადების ევოლუციონური, წინასამუშაოა. საკუთრივ რელიგია კი ვერ გაჩნდებოდა სიმბოლური რევოლუციის წინარე ეპოქაში. სემანტიკა, საკუთარი სხეულის მოხატვა ნიშნავდა რელიგიის არსებობის წინაპირობების შექმნას. ანუ რელიგია მაქსიმუმ 120 000 წელს ითვლის. ზოგიერთი ავტორი რელიგიის გაჩენას ენის წარმოშობას უკავშირებს და მისი შობიდან დაახლოებით 40.000 წელს ანგარიშობს. ჩვენ აქ ამ თეორიების გამოწვლილვით წარდგინებისათვის არც დრო გვაქვს და არც ადგილი, ერთი რამ კი უნდა დავძინოთ, უფრო სწორად, დავაციტატოთ: 

„როგორც ჩანს, რელიგია ჩვენ გვჭირდება. ადამიანური კულტურები რელიგიის გარეშე, ჩანს, არ არსებულან. რელიგიის ძალადობრივი გაუქმების მცდელობანი, ვერ შედგა, ან მათ ნაცვალ-რელიგიამდე, მაგ. სტალინიზმამდე მიგვიყვანეს“ ...(Hennig Stieve, ‘Über biologische Wurzeln religiösen Verhaltens’).

ასე, რომ... ძნელია მიწვდე თუ სადამდე მიგვიყვანა რელიგიური  ძალადობის შემწყნარებლობამ. მგონი ის 4 მილიონი წელი, რელიგიის გენეტიკურ დასაფუძვლებას რომ დაჭირდა(თავის 120 000 წლიანი სემანტიკით და აქვე ენის პერიოდით), უკან მოვიტოვეთ და შიმპანზეს ვითომ არარსებულ  რელიგიამდე დავედით. მოგეხსენებათ, რა უმოწყალოდ ექცევა შიმპანზე თავის მსხვერპლს, ჯერ თვალებს და თავს აჭამს და დანარჩენსაც მერე ნთქავს!

და განა ქართული საზოგადოება, რომელიც ამ შიმპანზურ რელიგიასთან და მის რეპეზენტანტ მამაოებთან ერთად შეხმატკბილებულად გრძნობს თავს, სხვა რამე შეიძლება იყოს, გარდა თავმოჭმული მსხვერპლისა?!

ავტორი: ეკა კუხალაშვილი