ქუთაისის მერიის კომპანიის ბუნდოვან ფინანსურ დარღვევებს აუდიტი იკვლევს
ქუთაისის მერიის მიერ დაფუძნებულ
შპს „ქართულ ტრადიციებს“ 2010 წელს დაკისრებული ჯარიმა, 200 000 ლარი, ამ დრომდე არ გადაუხდია. ორგანიზაციაში არსებულ
ფინანსურ და სხვადასხვა დარღევებს, აუდიტის დეპარტამენტი ერთი
წელია იკვლევს. ქუთაისის მერიაში კი „ქართული ტრადიციების“ არსებული
დავალიანებით, მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც
„ახალმა გაზეთმა“ აღნიშნულ თემაზე მასალების მოკვლევა დაიწყო.
2011 წლის 30 ნოემბერს, საკრებულოს
გადაწყვეტილებით, ქალაქში სასაფლაოებზე პატრონაჟი ადგილობრივმა თვითმმართველობამ ახალ
კომპანიას, შპს „ქართული ტრადიციები 2011“-ს დააკისრა, რომელიც იმ დროისთვის დაყადაღებული
„ქართულ ტრადიციები“ ბაზაზე დაფუძნდა.
შპს „ქართული ტრადიციების 2011“-ის
ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ მათთვის გაუგებარია თუ რატომ დაუგროვდა მათ წინამორბედ ორგანიზაციას 200 000 ლარის ოდენობის ჯარიმა. ორგანიზაციის
დირექტორის, გოჩა მარგველაშვილის განმარტებით, სასაფლაოების მოვლა–პატრონობაზე პასუხისმგებელი ორგანიზაცია, კანონის შესაბამისად, დამატებითი ღირებულების გადასახადისგან (დღგ) გათავისუფლებულია. თუმცა, მარგველაშვილის განცხადებით, ორგანიზაციას სხვადასხვა ტიპის გადასახადების
გადახდა ეკისრება.
„შესაძლოა, მერიამ
დაყადაღებული ორგანიზაციის ბაზაზე იმიტომ დააფუძნა ახალი კომპანია, რომ არსებული დავალიანების
გადახდა არ სურდა“, – ამბობს მარგველაშვილი.
2011 წელს, ქუთაისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, (#226 დადგენილებით), ქუთაისის მაშინდელმა მერმა და ამ დროისთვის საპარლამენტო
უმცირესობის წევრმა, გია თევდორაძემ, ამავე წლის 30 ნოემბერს დაფუძნებული შპს „ქართული
ტრადიციები 2011“–ის ხელმძღვანელად ზვიად ბეშკენაძე დანიშნა. ბეშკენაძე „ქართული ტრადიციები 2011“–ის
დირექტორად 2011 წლის 5 დეკემბერს დაინიშნა.
ბეშკენაძის განცხადებით,
ორგანიზაციას ფინანსური პრობლემები ჯერ კიდევ მის დანიშვნამდე ჰქონდა, ხოლო დაგროვილი
ფინანსური დავალიანების თაობაზე შპს „ქართული ტრადიციები 2011“–ის ყოფილი ხელმძღვანელი
განმარტავს, რომ 200 000 ლარიან ჯარიმაში, წლების განმავლობაში დაგროვებული საურავებიც შედის.
###
ოფიციალური დოკუმენტაციით ირკვევა, რომ 2003 წლიდან ქუთაისის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოვლა-პატრონობაზე
შპს „ქართულ ტრადიციები“ ზრუნავდა. კომპანიამ ფუნქციონირება 2010 წელს 45 000 ლარიანი
ჯარიმის გადაუხდელობის გამო შეწყვიტა. რის გამოც,
ის საგადასახადო უწყებამ დააყადაღა.
შპს „ქართული ტრადიციები“, რომელიც საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით,
2003 წელს არის დარეგისტრირებული, საგადასახადომ
2010 წელს დააყადაღა. საგადასახდომ ორგანიზაციას ჯარიმის სახით 45 000 ლარი დააკისრა.
ორგანიზაციის მაშინდელი ხელმძღვანელის
მოადგილის, ტარიელ ცხოვრებაძის განმარტებით,
აღნიშნული დავალიანების გარდა, „ქართულ ტრადიციებს“
2009 წლამდე 150 000 ლარის ოდენობის ჯარიმაც ჰქონდა დაგროვებული.
ცხოვრებაძის ინფორმაციით,
მისთვის უცნობია თუ რისთვის დაეკისრა ორგანიზაცის აღნიშნული დავალიანება. თუმცა, მისივე განმარტებით, 150
000 ლარიანი ჯარიმა ორგანიზაციას მოეხსნა და მხოლოდ 45 000 ლარის გადახდა დაეკისრა, რომელსაც წლების განმავლობაში საურავები დაერიცხა
და ამ დროისათვის 200 000 ლარი შეადგინა. ცხოვრებაძე ირწმუნება,
რომ ორგანიზაციაზე დაკისრებული ფინანსური დავალიანება უკანონო იყო.
როგორც „ქართული ტრადიციები 2011“–ში განმარტავენ, ორგანიზაციაში არსებულ
ფინანსურ და სხვადასხვა დარღევებს, აუდიტის დეპარტამენტი 2013 წლის ზაფხულიდან იკვლევს.
###
„მეწარმეთა შესახებ“
საქართველოს კანონის მიხედვით, შპს–ს დამფუძვნებელი პასუხს არ აგებს მის მიერ დაფუძნებული
ორგანიზაციის ფინანსურ დავალიანებაზე.
„ორგანიზაციამ თავად
უნდა გადაიხადოს ფინანსური დავალიანება, რომელიც დაკისრებული აქვს, ამ კონკრეტულ
შემთხვევაში, საგადასახოს მიერ“, –
ამბობს საიას ქუთაისის ფილიალის იურისტი, თამარ ფაჩულია.
თუმცა, „მეწარმეთა
შესახებ“ საქართველოს კანონი განმარტავს, რომ
ორგანიზაციის დამფუძვნებელმა (იგივე პარტნიორმა) ბოროტად არ უნდა გამოიყენოს მის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის პასუხისმგებლობის შეზღუდვა–შეჩერება.
იმ შემთხვევაში,
თუკი სასამართლო დაადგენს, რომ ქუთაისის მერიამ
შპს „ქართული ტრადიციები 2011“ იმის გამო დააფუძნა, რომ „ქართული ტრადიციების“ დავალიანება
თავიდან აეცილებინა, საქართველოს საგადასახადო
კოდექსის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობა
და შპს „ქართული ტრადიციები“ ჩაითვლებიან ცრუმაგიერ მფლობელებად. კანონის შესაბამისად
კი, ცრუმაგიერ მფლობელებს საგადასახადო გარკვეულ პასუხისმგებლობას
აკისრებს.
გადაიხდის თუ არა ქუთაისის მერია მის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის დავალიანებას,
ამაზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ. თუმცა, მიმდინარე პროცესების
ფონზე, გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი, შოთა მურღულია, მერიის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის შპს "ქართული ტრადიციები 2011"-ის მიმართ პასუხისმგებლობას იხსნის.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, ამ დრომდე ქალაქის მერს, (მერის
მოვალეობის შემსრულებელს) უფლება ჰქონდა ორგანიზაციისთვის დაევალებინა ამა თუ იმ მოქალქისთვის შეღავათიან ფასში მომსახურეობა.
„ეს იყო საკმაოდ დიდი პრივილეგია, რომელიც ამ დრომე ქონდა მერს. თან არ იყო განსაზღვრული, ვისზე შეიძლება ყოფილიყო შეღავათები. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არა ადამიანების პატიოსნებამ დააწესოს შეღავათი, არამედ დოკუმენტმა იმუშაოს და ეს პროგრამულად იყოს განსაზღვრული“, - განმარტა შოთა მურღულიამ.
ავტორი: თეკლე მორგოშია