|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სულხან გოგოლაშვილი - ჩვენ ხშირად ვიგვიანებთ, თითქოს დროს ვერ ვეწევით

მსახიობი და დრო,

მსახიობი და როლი.

როგორ 

მუშაობენ მსახიობები როლებზე? რას ადარებენ საკუთარ შრომას? რა დილემის გადალახვა უწევთ ქართველ მსახიობებს ყოველდღიურად? რა უფრო მნიშვნელოვანია -პიროვნული ხიბლი თუ „უმი“ ნიჭი?  რატომ არის პოსტმოდერნიზმი ყველაზე ახლოს ქართველ ხელოვანთან? 
ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრის მსახიობი სულხან გოგოლაშვილი.

თუკი მაინცადამაინც რაიმე სიმბოლოს მოგთხოვდნენ, რა სიმბოლოთი გამოსახავდით მსახიობის პროფესიას?

ამ შემთხვევაში მე ვერაფერს შევცვლიდი, რადგან თეატრი და მსახიობი სცენაზე გამოხატავს ადამიანის მდგომარეობას, და როცა სიმბოლოზეა საუბარი აქ მისი შექმნისთვის პროფესიის განზოგადება შორს წაიყვანდა იმ ადამიანს, რომელიც ამ სიმბოლოს შექმაზე იფიქრებდა და შესაძლოა ამ შემთხვევაში, მას თავიც ვერ მოება მისთვის. ამიტომ, ჩემი აზრით,  ეს გენიალურად გამოხატეს თეატრის შემქმნელმა ძველმა ბერძნებმა, მათ სიმბოლოს ანალოგი არა აქვს. ანუ ორი ნიღაბი სადაც ერთი იცინის, ხოლო მეორე კი ტირის, ანუ ტრაგედია და კომედია. ამ კონკრეტიკას ვერსად გავექცევით, ეს თეატრია და  მასში ამ ორ სახეს გამოხატავს მსახიობი. ანუ თეატრი უმსახიობოდ თეატრი არაა, შესაბამისად პირიქითაც! მოკლედ თეატრს და მსახიობს ვერ გავყოფთ, ამიტომ მათ ერთი და იგივე სიმბოლოთი გამოვხატავდი. სიმბოლო, რომელიც ყველასათვის ნაცნობია.

- ზიგმუნდ ფროიდი განასახიერეთ მესხიშვილის თეატრის სპექტაკლში "სტუმარი". საამისოდ ვიცი რომ დაწვრილებით შეისწავლეთ სახელოვანი ფსიქიატრის რამოდენიმე ნაშრომი, ასევე მისი ბიოგრაფია. ამიტომ ეს როლი ალბათ ძალიან საინტერესო უნდა ყოფილიყო თქვენთვის მრავალი თვალსაზრისით...

- ალბათ იცით, რომ ეს ჩემი პირველი როლია იმ 20 წლის მანძილზე, რაც მე წყვეტა მქონდა ჩემს პროფესიასთან. ამ როლით დავბრუნდი თეატრში, როცა რეჟისორმა ლევან ბიბილეიშვილმა მთხოვა განმესახიერებინა ზიგმუნდ ფროიდი, ერიკ ემანუელ შმიტის პიესაში „სტუმარი“. მე მას პირველი რაც ვუთხარი ის იყო, რომ რისკავდა ჩემი ამ როლზე დაკავებით, რადგან მე პროფესიაში საკმაოდ დიდი წყვეტა მქონდა და ამხელა პასუხიმგებლობის აღება არ ღირდა. მისი  პასუხი იმდენად მტკიცე იყო ჩემთვის მის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ მე  ვეღარ შევეწინააღმდეგე და დავთანხმდი. თან  ნებისმიერი მამაკაცი მსახიობისთვის ასეთი როლი ძალიან საინტერესო იქნებოდა მისი კარიერისთვის, მეც უფლება არ მქონდა არ გადამედო თავი.  როლს ძალიან დიდი პასუხიმგებლობით მოვეკიდე, პრაქტიკულად გავწყვიტე ურთიერთობა ოჯახისა და შემოქმდებითი ჯგუფის გარდა ყველასთან, ბევრს ვშრომობდი,  რეპეტიციის დამთავრების შემდეგ კი წიგნებით საფუძვლიანად ვეცნობოდი ზიგმუნდ ფროიდის  ბიოგრაფიას, დეტალებს მისი ცხოვრებიდან, მის ნაშრომებს. ფროიდის ნაშრომების სრულიად  წაკითხვა ამ მოკლე ხანში შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ ეს ძირითადად მის უმნიშვნელოვანეს ნაშრომს „ფსიქო ანალიზს“ და „სიზმრებს“ ეხებოდა, თავი წიგნებში მქონდა ჩარგული, ვიძინებდი გვიან და დილით 5 საათზე ისევ წიგნებში ვიყავი, პარალელურად ვსწავლობდი როლს! რაღაც ძალამ გამაძლებინა რომ არ გადავიღალე! მოკლედ ვთვლი, რომ სპექტაკლი წარმატებული გამოგვივიდა, მთელ შემოქმედებით ჯგუფს. მინდა  ყველას დიდი მადლობა გადავუხადო კიდე ერთხელ ერთმანეთის გვერდში დგომისთვის, ძალიან კარგი ჯგუფი შეიკრა მაშინ, ძალიან მენატრება ის რეპეტიციები. რაც შემეხება მე, თუ როგორ ვითამაშე ეს როლი, ეს უმჯობესი იქნებოდა თქვენ გესაუბრათ. ვისაც არა აქვს ნანახი ეს სპექტაკლი, ვურჩევდი ენახა და თუ რაიმე კრიტიკას დავიმსახურებდი დიდი სიამოვნებით მოუსმენდი და გავითვალისწინებდი კიდეც.

დღევანდელობამ, ახალმა დროებამ რა დილემა ან  გამოწვევა დააყენა მსახიობის წინაშე? რა ჭირდება დღეს მსახიობს რომ ის "შემჩნეული" იქნეს?

იცით. ნიჭიერი მსახიობი შეუმჩნეველი არასოდეს დარჩება, ჩვენს თეატრში, მენდეთ, ძალიან ბევრი კარგი და ნიჭიერი მსახიობია, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს,  არამედ მსოფილიოს ნებისმიერ თეატრს დაამშვენებდა. 2013 წლის საქართველოს წლის საუკეთესო მსახიობად დასახელდა ჩვენი თეატრის მსახიობი დავით როინიშვილი, ამ ამბავმა ყველა ძალიან გაგვახარა, რადგან ეს წოდება მან დამსახურებულად მიიღო! ნიჭიერ, პროფესიონალ მსახიობს არ ჭირდება დიდი პიარი, მისი შესრულებული როლი და მაყურებლის აპლოდისმენტები ყველაზე დიდი პიარია მისთვის. მენდეთ, მსახიობობა ურთულესი პროფესიაა, ის მოითხოვს როგორც ინტელექტუალურად, ასევე, ფიზიკურად დაუღალავ შრომას. ბევრი ცნობილი ადამიანი მსახიობის ფიზიკურ შრომას, მეშახტის შრომაზე უფრო მძიმე შრომას ადარებდა, მე სრულად ვეთანხმები ამ მოსაზრებას.

სულ ეხლახანს ჩვენს თეატრში დაიდგა უილიამ შექსპირის გენიალური პიესა „მაკბეტი“, რომელიც რეჟისორმა ვანო ხუციშვილმა განახორციელა. მასში მონაწილე ყველა მსახიობი იმდენად დაიხარჯა და გადადო თავი რეპეტიციებზე, რომ ეხლა როცა სპექტაკლის პრემიერა უკან დარჩა, ვეღარც წარმოგვიდგენია კიდევ თუ შევძლებდით ამის გაკეთებას. ყველას გვიხარია, რომ სპექტაკლი წარმატებული გამოდგა, ეს შემოქმედებითი ჯგუფისთვის ყველაზე დიდი საჩუქარია!

თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს უამრავი პრობლემა, რომელზეც გამუდმებით მიდის საუბარი როგორც ჩვენთან შიდა სამზარეულოში,  ასევე, გარეთ, პრესის ფურცლებზე თუ ტელეეკრანებზე. ეს გახლავთ მსახიობებისა და თეატრში მომსახურე პერსონალის ხელფასები. ამ პრობლემის გამოსასწორებლად თეატრის ხელმძღვანელობა გამუდმებით იბრძვის, თუმცა ვერადა ვერ მოგვარდა ჯერჯერობით. აქ ისევ გარკვეულ ბიუროკრატიასთან გვაქვს საქმე. უცნაურია, მაგრამ ეს პრობლემა თბილისის სახელმწიფო (და ზოგიერთ კერძო) თეატრებში მოგვარებულია,  გარდა იმ სახელფასო ფონდისა, რომელსაც სახელმწიფო უხდის მათ, დამატებით თანხას უხდის ბიძინა ივანიშვილის (რაღაც) ფონდი.და ეს თანხა ხშირ შემთხვევაში ხელფასს ორჯერ, სამჯერ და ხუთჯერაც აღემატება. ეს შესანიშნავია, (ნეტა ამ მაგალითს სხვა ბიზნესმენებმაც მიბაძონ) არავის არ შურს, პირიქით სასიხარულოა, რომ შენს კოლეგებს ასე აფასებენ, მაგრამ რა დააშავეს რეგიონებმა? მენდეთ ქუთაისის თეატრი არავისზე ნაკლები არაა, აქ არიან შესანიშნავი მსახიობები და რეჟისორები, ძლიერი შემოქმედებითი ჯგუფი. დამერწმუნეთ, ამ ხალხის მინიმუმ 98%-ს,   დღის განმავლობაში გონება იმისკენ აქვს მიმართული თუ როგორ არჩინოს ოჯახი, როგორ მოაგვაროს ეკონომიკური პრობლემები, რომელ მაღაზიაში რომელი „ნისია“ გაისტუმროს. მსახიობები ხშირ შემთხვევაში ითავსებენ ისეთ სამსახურს, რომელიც პირდაპირ გეტყვით, მიუღებელია ამ პროფესიისთვის. არა იმიტომ რომ სათაკილოა, არამედ იმიტომ, რომ ისინი კარგავენ  შემოქმედებით მუხტს. შესაბამისად, შრომისუნარიანობასაც. ეს კი აზარალებს მათ პროფესიას და თეატრს პირველ რიგში. სახელმწიფომ უნდა მისცეს მას საშუალება მშვიდად იფიქროს მის საქმეზე (როლზე, მიზანსცენაზე, სპექტაკლის დადგმაზე). დღეს კი ისედაც გადაღლილები, ორმაგად იღლიან თავს, მოკლედ ამ თემაზე საუბარი კიდე არაერთხელ იქნება სხვადასხვა მედიასაშუალებებით მანამ, სანამ ეს არ გამოსწორდება. ნუ დაგვავიწყდება, რომ ქართული თეატრის ერთ-ერთი საძირკველი ქუთაისია. ქართულ თეატრს არ ქმნის ერთი ქალაქი, მას ქმნის ერთად აღებული სხვადასხვა თეატრალური დასები და კოლექტივები თბილისიდან, ქუთაისიდან, ბათუმიდან, ჭიათურიდან, გორიდან და ასე შემდეგ..... ცოტა მწვავედ კი გამომივიდა, მაგრამ რა ვქნა?! ეს პრობლემა არსებობს და სასწრაფოდაა მოსაგვარებელი!

- რამდენად მნიშვნელოვანია რომ მსახიობი პიროვნულად იყოს საინტერესო, რომ ქართულ სივრცეშიც არსებობდნენ  მსახიობი -პიროვნებები, თუ მაინც „უმი“ ნიჭი და გარდასახვის ტექნიკა "ქაჩავს"ყევლაფერს?

მსახიობი პიროვნულად იყოს საინტერესო ეს ჩემთვის ძალიან პირობითი რამ არის. ადამიანი, პიროვნულად ყველა საინტერესოა, გააჩნია ჩვენ რომელი ინტერესით და რა კუთხიდან შევხედავთ მათ. მე საერთოდ ვთვლი, რომ უნიჭო ადამიანი არ არსებობს, თქვენ რა გგონიათ მეწაღეობას,  მეეზოვეობას, მეურნეობას, დურგლობას, ზეინკლობას, გეოლოგობას, ინჟინრობას და ნებისმიერ სხვა პროფესიას ნიჭი არ ჭირდება? რატომღაც ჩვენ მივეჩვიეთ, რომ სიტყვა „ნიჭთან“ ხელოვნების წარმომადგენლები გავაიგივოთ მხოლოდ, ეს მცდარი  შეხედულებაა. ყველა პროფესია საინტერესოა, მთავარია არჩევანში არ შევცდეთ და  ამის შემდეგ გავხდეთ ჩვენი საქმის პროფესიონალები. უბრალოდ, მსახიობი საზოგადოების ხელის გულზე დევს და საოცრად გამჭირვალეა მისი ცხოვრება. ამიტომ მისი პიროვნება ბევრისთვის ძალაუნებურად ხდება საინტერესო, მისი ნიჭიერება კი ამ ინტერესს აორმაგებს. მენდეთ, თავად მსახიობებს უბრალო ხალხი და მათი პიროვნება უფრო აინტერესებთ, რადგან იქ ისეთი ხასიათი და პიროვნული ხიბლია დამალული ხშირად, რომელსაც ვერ იპოვი ძალიან ბევრ ცნობილ ადამიანში.

- თქვენთვის რომელია მსოფლიო მნიშვნელობის, აქტიორული შესრულების თვალსაზრისით „უმაღლესი პილოტაჟის“ როლები?

დასახელება ბევრის შემიძლია, ძალიან მიყვარს ჩეხოვის, ბულგაკოვის გმირები, იბსენის, მოლიერის, დავით კლდიაშვილის გმირები, კიდევ ბევრი შემიძლია ჩამოვთვალო, რაღა თქმა უნდა უილიამ შექსპირის გმირები, რომლის პიესებიდანაც ძალიან მინდა ვითამაშო „მეფე ლირი“, თავად ლირი განვასახიერო, ეს ძალიან ამბიციური განცხადებაა  კარგად მესმის , მაგრამ, ხომ გაგიგონიათ: „იმ ჯარისკაცს რა ვუთხარი, რომელიც გენერლობაზე არ ოცნებობსო“ , ვინ იცის, იქნებ ოდესმე ეს ოცნებაც ამიხდეს.

- რას იტყვით თანამედროვე ქართულ ხელოვნებაზე ? რამდენად ვპასუხობთ დროს?

პასუხი მოკლე მექნება, ძალიან საინტერესოა, თუმცა ჩვენ ხშირად ვიგვიანებთ. დროს ვერ ვეწევით თითქოს, ჩვენ ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვყავს. ზოგადად მე, ნიჭიერი ქართველი ხელოვანის შემოქმედებას  თავად პოსტმოდერნიზმს შევადარებდი. ჩემი აზრით ჩვენი ნიჭიერება ამ კუთხით უკეთესად ვლინდება, მეტ თვითმყოფადობას იძენს. თითქოს ჩვენში დევს ეს მიმდინარეობა როგორც გენი.  გადასარევად აქვს ნათქვამი ქართველ პოსტმოდერნისტ მწერალს ზურაბ ქარუმიძეს, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ, როცა ის მიმდინარეობა „პოსტმოდერნიზმის“ ახსნას ცდილობს მკითხველისთვის, მისივე გენიალურ წიგნში „ჯაზის ცხოვრება“. სადაც ის ამბობს, რომ ამ მიმდინარეობაზე საუბარი დაულეველია და ბოლომდე მაინც ვერ ავხსნიო, ამისათვის ეს წიგნიც არ გვეყოფაო, ამიტომ შევეცდები მოკლედ და ქართულად ავხსნა ეს მიმდინარებაო. აი ჩვენ რომ ვიცით ხშირად ქართველებმა სუფრის ბოლოს, სადღეგრძელოს თქმა „ჩვენს დაშლა არმოშლას გაუმარჯოსო“, აი ეს არის პოსტმოდერნიზმიო. ჩემი აზრით ეს სავსებით გენიალური შემოკლებული ახსნაა ამ მიმდინარეობის, რომელიც ქართველის შემოქმედებით ბუნებაში დევს.

მეც პოსტმოდერნისტი გახლავართ აზროვნებით, ამიტომ თანამედროვე ხელოვნებაში  მოდერნიზმი დიდად არ მიზიდავს, ის მალე ჩამოიშლება ხოლმე, მალევე გვავიწყდება, პოსტმოდერნიზმი კი გამყარებულია ძველი გამოცდილებით და მისი ჩამოშლა ძალიან ძნელია. ამიტომაც ვთვლი, რომ როგორც კი ქართველი ხელოვანი ამ სიმყარეს მოდერნიზმს ამატებს, ის ძალიან საინტერესო ხდება.  და  არა მხლოდ ქართულ სივრცეში.

- რის არსებობას ისურვებდით საქართველოში, რის დეფიციტს განიცდით ყველაზე მეტად და პირიქით, რა გეზედმეტებათ, რისგან გაათავისუფლებდით ქართულ სივრცეს?

ამაზე საუბრი ეხლა ჩვენ გადაგვღლის, ამიტომ ამ კითხვაზეც მოკლედ გიპასუხებთ, მიუხედავად იმისა რომ სურვილი ბევრი მაქვს...

მინდა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში თავისუფლად დავდიოდე როგორც ჩემს ქვეყანაში !

მინდა ქართველებმა დროის ფასი ვიცოდეთ და სხვის დროს პატივი ვცეთ!

მინდა ახალმა თაობამ ბევრი იკითხოს და განათლებულები გვყავდეს, რათა ჩვენი სახელმწიფოს მომავალი მათ ხელშია!

ჩემის აზრით, განვიცდით პროფესიონალიზმის დეფიციტს და არ განვიცდით ქეიფის დეფიციტს.

ქართულ სივრცეს გავათავისუფლებდით ამპარტავნებისგან.

 

 

 

 

 

 

ავტორი: ეკა კუხალაშვილი