სიდუხჭირე გაურკვეველი ვადით და ქუთაისელი დევნილების ყოველწლიური მოლოდინი
ქუთაისიდან 15 კილომეტრის მოშორებით, მაღლაკის გზაზე, იქ სადაც ჰუალინის ჯგუფის ყვითლად შეღებილი კორპუსები მთავრდება, "საბჭოთა საავტომობილო კანტორის" (атк) ორსართულიანი შენობა დგას. ძნელია იმის წარმოდგენა, რომ ამ სიძველისგან გაშავებულ, უფანჯრო შენობაში, სამ დევნილ ოჯახს უკვე მესამე ათეული წელია, სიდუხჭირესა და გაუსაძლის პირობებთან გამკლავება უწევს.
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მონაცემებით, 2012 წლამდე საქართველოში საცხოვრებელი ბინით გრძელვადიანად 23 973 ოჯახი იყო უზრუნველყოფილი, ხოლო ფულადი კომპენსაცია ბინის სანაცვლოდ 5 155 ოჯახს ჰქონდა მიღებული. სამინისტროში განმარტავდნენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან საბინაო უზრუნველყოფას 2013 წელს 58 575 ოჯახი საჭიროებდა, რომელთაგან 35 000-ზე მეტი ოჯახი უკიდურესად მწვავედ განიცდიდა საცხოვრებლის პრობლემას. წელიწადნახევრის განმავლობაში, 2012 წელის 1 ოქტომბრიდან დღემდე, გრძელვადიანი განსახლების პროგრამის ფარგლებში, კრიტერიუმების შესაბამისად, ბინები მხოლოდ 1 710 დევნილ ოჯახს გადაეცა. სოფლად მყოფი დევნილებისთვის შეძენილი იქნა 70 სახლი საკარმიდამო ნაკვეთებით და 939 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ობიექტები სიმბოლურ ფასად (1 ლარად) საკუთრებაში გადაეცა.
"საავტომობილო კანტორა" იგივე ე.წ "ატეკა 11"-ში დევნილთა საცხოვრებელი ოთახები მეორე სართულზეა განთავსებული. ვინაიდან შენობა კერძო საკუთრებას წარმოადგენს, სამ ოთახს "ატეკის" დირექცია საკუთარი საჭიროებისთვის იყენებს. დანარჩენი ოთახები კი დევნილებს აქვთ განაწილებული. ოთახების სიმცირის გამო, სველი წერტილები, სამზარეულო და დერეფანი მათ საერთო სარგებლობაში აქვთ.
"ატეკაში" სტუმრობისას, იქ მცხოვრებთა სისუფთავე განსაკუთრებით თვალშისაცემია. მიუხედავად ამისა, ის, რასაც დევნილები სველ წერტილებს და სამზარეულოს უწოდებენ, ელემენტარულ საყოფაცხოვრებო პირობებს მოკლებულია. ე.წ "ატეკის" დევნილები, სამყოფ ოთახებში, ჭერზე თხელი ფიცრებით მიმაგრებული ორმაგი პოლიეთილენის პარკით, სახურავიდან ჩამოსულ წყალს ებრძვიან. ოთახები, რომლებსაც დევნილები ერთდროულად საძინებლად და ყოველდღიურ სამყოფადაც იყენებენ, დერეფნის ორივე მხარესაა განთავსებული.
თუმცა, კვარაცხელიების ოჯახს, რომელთა სამყოფი ოთახი ეზოს გადაჰყურებს, განსაკუთრებით უმძიმს. მანუჩარ კავარაცხელია ამბობს, რომ "ატეკის" შენობის უკან განთავსებული ქუთაისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების საიზოლაციო კომპანიის მიერ დაპატიმრებული მსხვილფეხა საქონლის და უპატრონო ძაღლების გამაყრუებელი ხმა მუდმივად აწუხებთ. გაუსაძლის, არადამიანურ პირობებში მყოფ დევნილებს, სიმშვიდეს შენობის პირველ სართულზე მოქმედი ავეჯის საამქროც ურღვევთ. თუმცა, მანუჩარ კვარაცხელიას თქმით, საამქროში მუშაობა მისი ოჯახის ერთადერთ შემოსავალს წარმოადგენს. საამქროს მესაკუთრე, მას დამზადებულ ავეჯზე ლაქის გადასმაში მცირე თანხას უხდის.
კვარაცხელიები, ისევე როგორც "ატეკაში" მცხოვრები სხვა ოჯახები, სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიეკუთვნებიან. ქუთაისში საცხოვრებელი ფართის მიღების განაცხადი "ატეკა 11-ში" მცხოვრებმა სოციალურად დაუცველმა დევნილებმა 2012 წელს შეავსეს. მათი უმძიმესი საცხოვრებელი პირობები სახალხო დამცველის გასული წლების საპარლამენტო ანგარიშებში არაერთხელ აისახა და შესაბამისად, ყოველ ჯერზე გაიცა რეკომენდაციები, მათი სასწრაფოდ განსახლების თაობაზე. თუმცა, იმის გამო, რომ აღნიშნულ ცენტრებში მაცხოვრებელ დევნილებს დაბალი ქულები მიენიჭათ, საცხოვრებელი ფართით ახალ რეაბილიტირებულ ობიექტებში ვერ დაკმაყოფილდნენ. ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, სახალხო დამცველის აპარატმა დაადგინა, რომ გასულ წელს დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის პროცესი შეფერხებით მიმდინარეობდა და კომპაქტური განსახლების ობიექტებში მცხოვრებ დევნილებს პრობლემები ექმნებოდათ. 2013 წლის მონაცემებით, საქართველოში დევნილთა კომპაქტურად განსახლების 1 399 ობიექტია რეგისტრირებული.
"ქუთაისში რჩება მთელი რიგი კოლექტიური ცენტრები, რომლებშიც საცხოვრებელი პირობები კრიტიკას ვერ უძლებს და სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს. ეს შენობებია: ტურბაზა რიონი, ყოფილი ატეკა-11, გუმათის სკოლა-ინტერნატი, ფირმა ანკომი, ბაგა-ბაღი 1, ე.წ. შშმ პირთა სახლი, ნორჩ ტურისტთა სახლი," - ნათქვამია სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიშში, რომელიც ომბუდსმენმა, უჩა ნანუაშვილმა პარლამენტს გასულ კვირას წარუდგინა.
ქუთაისში, "ატეკა-11"-ში მცხოვრები დევნილები ამბობენ, რომ მათი საცხოვრებელი პირობებით დღემდე არც ერთი უწყება არ დაინტერესებულა, გარდა ქუთაისში არსებული დევნილთა რეგიონალური შტაბისა. თუმცა, როგორც დევნილი მანუჩარ კვარაცხელია ამბობს, აღნიშნული სამსახურის წამომადგენელთა ყურადღება მხოლოდ ფოტოების გადაღებით შემოიფარგლებოდა.
"მოდიან, ფოტოებს გადაგვიღებენ და არაფერი. სიდუხჭირეში ყოფნისას ფოტოების გადაღება ვერაფერი ნუგეშია. ყველა ოთახში სახურავიდან წყალი ჩამოგვდის და მარტო ფოტო რას გვიშველის," - ამბობს მანუჩარ კვარაცხელია.
დევნილთა და განსახლების სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, მიმდინარე და მომავალ წელს, განსახლებული დევნილი ოჯახების რიცხვი გაორმაგდება. სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ამ მიზნით, სამინისტრო ფართომასშტაბიან მშენებლობას იწყებს თბილისსა და ქუთაისში. აღნიშნული მშენებლობა 2016 წელს დასრულდება და ქუთაისში სულ 1 728 დევნილი ოჯახი განსახლდება. საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს იმ ობიექტებიდან დევნილთა განსახლებას, რომელთა რეაბილიტაციაც შენობის მძიმე მდგომარეობის გამო შეუძლებელია და საფრთხეს უქმნის იქ მაცხოვრებელთა ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. ასეთი ობიექტების ნუსხაში სახალხო დამცველს ე.წ "ატეკა-11"-იც ჰყავს მოხსენიებული.
ავტორი: დეა მანაგაძე