|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში შექსპირის იუბილეს თეატრალური კვირეული მიეძღვნება

ქუთაისში 14-23 აპრილს შექსპირის დაბადებიდან 450 წლისთავთან დაკავშირებით თეატრალური კვირეული გაიმართება.კვირეულში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სხვადასხვა თეატრები, რომელთა რეპერტუარში  შექსპირის პიესების მიხედვით დადგმული სპექტაკლებია.

„ქართულ თეატრში ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა შექსპირის პიესების მიხედვით დადგმულ სპექტაკლებს. შექსპირი ის ერთგვარი საჯილდაო ქვა თუ თამასაა,რომელიც რეჟისორისა თუ მსახიობების პროფესიონალიზმის ხარისხს განსაზღვრავს, თან სამწუხაროდ უკანასკნელი 450 წლის განმავლობაში დიდი ინგლისელის პიესებში დასმული არცერთი პრობლემა არ განელებულა“, - მიაჩნია მერიის კულტურის სამსახურის მთავარ სპეციალისტს თამთა თურმანიძეს.

კვირეულზე წარმოდგენილი იქნება:

14 აპრილი - მ. თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი  - R+J

15 აპრილი - ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი - „რომეო და ჯულიეტა“

16 აპრილი - კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი - „როგორც გენებოთ“

22 აპრილი - ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრი - „მაკბეტი“

23 აპრილი - ლ. მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი - „მაკბეტი’

აღნიშნული სპექტაკლების უმეტესობა ქუთაისში პირველად იქნება წარმოდგენილი.

15 აპრილს ლექციაც გაიმართება თემაზე „შექსპირი ქართულ თეატრში“, რომელსაც თეატრმცოდნე დოდო ხურცილავა წაიკითხავს.

კვირეული ქალაქის მერიის კულტურის სამსახურის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართება.

ავტორი: ნიუპრესი