ნათია ფანჯიკიძე - თუ საკუთარ თავთან არ დაბრუნდი, ვერავისთან დაბრუნდები
ნივთიერებაზე დამოკიდებულ ადმიანებს, რომელთა რიცხვი საქართველოში არც თუ მცირეა, უკან დაბრუნების სურვილი უჩნდებათ. საამისოდ დიდი და რთული გზის გავლა უწევთ.თუმცა უკან დაბრუნების პროცესში მათ საქართველოში სულ რამოდენიმე ორგანიზაცია ეხმარება. ერთ-ერთი მათგანია ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი "კამარა".
რამდენად ბევრს უჩნდება უკან რეალურ, ფხიზელ ცხოვრებაში დაბრუნების სურვილი? როცა დაბრუნდებიან ჩვენ (სახელმწიფო, საზოგადოება)რას ვახვედრებთ აქ? რამდენად შეგვიძლია „განსხვავებულების“ მიღება?
newpress.ge-ს ამ და სხვა კითხვებს პასუხობს ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრ "კამარას" დამფუძნებელი და თერაპიის პროგრამის ხელმძღვანელი ნათია ფანჯიკიძე.
-დაბრუნების სურვილი ბევრს აქვს. მით უფრო ბევრს, რაც
მეტად ვრცელდება კამარას არსებობის შესახებ ინფორმაცია და იგებენ, რომ არსებობს სახლი,
სადაც შეუძლიათ თავიდან დაიწყონ სიცოცხლის
აღქმა და დაუბრუნდნენ საკუთარ თავს. თუ საკუთარ თავთან არ დაბრუნდი, ვერავისთან ვერ
დაბრუნდები. თუმცა ზოგჯერ იმდენად ჩამკვდარია, გამქრალია რეალურ ცხოვრებაში შემოსვლის
სურვილი, რომ ზოგს უჭირს გაიაზროს თავისი მდგომარეობა, აღიქვას დაავადება და დაიწყოს
მასთან ბრძოლა, მაგრამ ჩვენამდე მოსული ადამიანი გააზრებულად მოდის იმისთვის, რომ აღიდგინოს
დაკარგული თვისებები. სწრაფად ფეხზე დადგომა ინდივიდუალურია თვითონ პიროვნების რესურსიდან,
ძალიდან გამომდინარე, რაც მას შერჩა მიუხედავად ხანგრძლივი და მძიმე სულიერი ავადმყოფობისა.
სამწუხაროდ ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არის საფეხურებად,
რაციონალურად ჩამოყალიბებული რეაბილიტაციის სტრატეგია და არ
არსებობს სპეციალური სოციალური პროგრამა, რომელიც ჩვენგან გასულ პაციენტს შესთავაზებდა
სამუშაო ადგილს. ეს დიდი პრობლემაა და იმედს ვიტოვებ, რომ როდესმე, (ვისურვებდი მალე)
შეიცვლება.
-გარდა იმისა,რომ ნივთიერებაზე დამოკიდებულ ადამიანს ჭირდება მკურნალობა, რამდენად სამკურნალოა "ჯანმრთელი" საზოგადოება,ვართ თუ არა მზად ჩვენ საიმისოდ, რომ მივიღოთ „განსხვავებული“, ერთ დროს პრობლემების მქონე ადამიანები? რამდენად ვამჟღავნებთ „მკურნალობის“სურვილს ამ მიმართულებით?
-„განსხვავებული” არის ნებისმიერი ჩვენგანი და აგრესიის
მსხვერპლი ვხდებით ყველა. განსაკუთრებული განსხვავებულობა სულაც არაა საჭირო საიმისოდ,
რომ გვიგუონ ან არ გვიგუონ ადამიანებმა. ნებისმიერი თანაცხოვრება, ოჯახურიდან
საზოგადოებრივამდე, დიდ კულტურას მოითხოვს, “შეღავათებით” უნდა ისარგებლოს ყველამ
და ამავე დროს გაუწიოს სხვას ანგარიში. სწორად სტრუქტურირებულ გარემოში ჩვენი საზოგადოებაც
ისევე ნორმალურად შეხვდება ყველა “განსხვავებულს”, როგორც სხვა, დამშვიდებულ ქვეყნებში
ახერხებენ ამას, მითუმეტეს, როცა ეს ნივთიერებაზე დამოკიდებულ პირებს ეხება, რადგან
ამ დაავადების გავრცელება იმდენად დიდია, რომ სამწუხაროდ ეგზოტიკად არ აღიქმება, პრაქტიკულად
ყოველ მეორე ოჯახს ეხება. ხალხს ბევრი პრობლემა აქვს, იმდენად ბევრი, რომ ვერ ვიქნები
მკაცრი ვერავის მიმართ და ვერც სამკურნალოს ვუწოდებ მათ. იმდენი გაჭირვება გადაიტანა
ჩვენმა ქვეყანამ, რომ მთლად რომ არ გადაგვტეხა ამდენმა სტრესმა და კიდევ რაღაცას ვახერხებთ,
ეს ქებას უფრო იმსახურებს, ვიდრე პირიქით.
-საქართველოში დიდ პატივს მიაგებენ გარდაცვლილებს, მითუმეტეს,თუკი წმინდანადაა აღიარებული,ძალიან მაღალია მათი თაყვანისცემისხარისხი, მათ „მოსანახულებლად“ ასიათასობით ადამიანი იცლის და სახსრებსაც პოულობს.სამაგიეროდ საქართველო მეორე ადგილზეა ევროპაში ბავშვთა სიკვდილიანობის კუთხით,ბავშვებისთვის გამოდის, ცოტა იცლის და დასახმარებლად სახსრებიც ნაკლებად მოიძებნება.ანუ შეიძლება ითქვას, რომ დიდ პატივს მივაგებთ სიკვდილს და ნაკლებ პატივს ვცემთ სიცოცხლეს. თუკი ძალიან არ ვამძაფრებ(ან მცდარად არ ვაყენებ) საკითხს რატომ ჯაბნის სიკვდილის ფეტიში სიცოცხლის (და ცოცხლების) სიყვარულს საქართველოში?
-სიკვდილთან დამოკიდებულება ერთ-ერთი მთავარი ეგზისტენციალური
თემაა, რომელიც არც სხვა ქვეყნებშია უმნიშვნელო საკითხი, თუმცა ინტერვიუში ამ უსაზღვრო თემის განხილვა ალბათ ზედმეტად
ფილოსოფიური გზით წაიყვანს ჩვენს საუბარს და ძალიან გაგვიგრძელდება. ამიტომ რადგან
თქვენ სიკვდილის მიმართ სიმპატიის მაგალითად წმინდანების თაყვანისცემა მოიყვანეთ, ამ
ნაწილზე გეტყვით ჩემს აზრს, რომ ამ შემთხვევაში სიკვდილის იდეალიზება ყველაზე ნაკლებად
არის გამოხატული. წმინდანის, თუნდაც მისი ნეშტის თაყვანისცემა სიცოცხლისკენ მიმართული
ნაბიჯი უფროა, რადგან ადამიანები მისთვის პატივის მისაგებად მიდიან თავიანთი ტანჯვით,
ნატვრით, განკურნების, სიცოცხლის გაძლიერების იმედით,ანუ მიდიან სურვილებით და არა
უბრალოდ ქედის მოსახრელად.
ის, რომ ნაკლებად მხიარულები და სიცოცხლის მოყვარეები
ვართ, ალბათ საუკუნოვანი ტრაგიკული ისტორიაც ბრალეულია ამ დრამატული ხასიათის ჩამოყალიბებაში
და განსაკუთრებით ბოლო 25 წელი. ხალხი ემოციურად გამოფიტული, დაცლილია და სიცარიელეს
ხშირად აგრესია და გამღიზიანებლობა იკავებს. დეპრესიული საზოგადოებისთვის სიცოცხლე
ნაკლები ღირებულებაა. თუმცა მეეჭვება, რომ ბავშვების ავადმყოფობა ან სიკვდილი გულგრილს
ტოვებდეს ჩვენს საზოგადოებას. პირიქით, უკიდურესი გაჭირვების მიუხედავად, მეტნაკლებად
მაინც შეძლო ხალხმა ერთმანეთის გვერდში დგომა თავისი შესაძლებლობის ფარგლებში და ვინც
გადარჩა, ერთმანეთით გადარჩა.
-საქართველოში ნაკლებად უყვართ ხასხასა ფერები ( ცოტა ხნის წინ რაგბს ვუყურებდი და სტადიონი ძალიან გადამუქებული იყო, მაშინ როცა ევროპული სტადიონები ძალიან ჭრელია) რატომ გვეშინია ფერების?
-იმიტომ რომ ფერები გრძნობებია. გრძნობის გამოხატვა იმ
საზოგადოებაში, სადაც შეიძლება მინიმუმ დაგცინონ, მაქსიმუმ გაგლანძღონ, ალბათ ცოტა
ძნელია. კიდევ ერთი ფაქტორი გაჭირვებაა, - როცა ბევრი ტანსაცმელი არ გაქვს, შავი ოპტიმალურია.
თუმცა მე მეჩვენება, რომ ბოლო რამდენიმე წელიწადია ბევრად უფრო ფერადად აზროვნებს ხალხი,
ვიდრე აქამდე.
-პრიორიტეტულ სფეროთა, საკითხთა თქვენეული იერარქია როგორია? რა არის უმთავრესი, რას უნდა მიეხედოს პირველ რიგში?
მე, როგორც ჩემი
პროფესიით შეპყრობილი, მთავარ პრიორიტეტად სულის საკითხებს ვთვლი. მენტალური ჯანმრთელობა,
სიმშვიდე, უსაფრთხოების და საკუთარი ძალის აღქმა და რწმენა ადამიანს უფრო ქმედითს,
აქტიურს ხდის.
მაგრამ ისე, ზოგადად,
ქვეყნისთვის ჩემი, როგორც დილეტანტის პოზიციიდან, მთავარი მგონია ახალგაზრდული ენერგიის
გამოყენება ქვეყნის მშენებლობაში და სიღარიბის დაძლევაში. მინდა რომ განათლების მინისტრმა
სტუდენტების დიპლომის დაცვის წესი მთლიანად შეცვალოს და პრაქტიკულიგახადოს, ამაში დაეხმაროს
ყველა, ვისაც ეს შეიძლება ფინანსურად, ან ნებართვის მხრივ ეხებოდეს. სხვადასხვა პროფესიის
სტუდენტებს რომ ააწყობინონ პირველ რიგში სოფლები და რაიონები,დაახმარონ გლეხებს, რომ
დაუგეგმონ კომპლექსურად სხვადასხვა ტიპის ბიზნესი, ტურიზმი, მოუარონ კულტურას, ააშენონ
ლამაზი შენობები... თავის თავსაც გამოსცდიდნენ, ერთმანეთთან გუნდურ მუშაობასაც ისწავლიდნენ,
რაიონებსაც გამოაცოცხლებდნენ და რაც მთავარია, სიყვარულით აივსებოდნენ. შენი საკუთარი
შექმნილი გიყვარს, გენანება, გაფრთხილება გინდა, გენატრება... მოკლედ, ფანტაზიას გავყევი,
მაგრამ მომწონს ეს ფანტაზია.
ავტორი: ეკა კუხალაშვილი