|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელი ავტორები იქით უნდა იყვნენ მაგალითის მიმცემი დედაქალაქელებისთვის - წიგნის პრეზენტაცია ქუთაისში

ქუთაისში, ჩაის სახლში "ფოე ფოე" პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის,პოეტ გიორგი კეკელიძის ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. კრებულში 2008- 2013 წლებში დაწერილი ლექსები შევიდა. გიორგი კეკელიძის თქმით ამ კრებულით ის ასრულებს ლიტერატურასთან პოეზიის კუთხით ურთიერთობას და პროზით ინტერესდება.

პოეტი სხვა ინტერესებსაც შეეხო, რომელიც პოსტმოდერნისტულ ეპოქაში შეიძლება ძალიან მრავალფეროვანი იყოს როგორც მწერლისთვის ისე მკითხველისთვის. თუმცა პოსტოდერნიზმამდე გიორგი კეკელიძემ მოდერნი,ქართული მოდერნის „სამშობლო“ ქუთაისი და ქუთაისელი ნოვატორი ავტორები გაიხსენა. „არ ვიცი რამ განაპირობა ეს ამბავი თავის დროზე, რა კონტექსტები მუშობდა ამის სასარგებლოდ, რომ სწორედ ქუთაისი იყო მოდერნიზმის ერთგვარი სტარტი, რომელიც საქართველოში განვითარდა გასული საუკუნის ათიან და  ოციან წლებში.( მერე გასაგები მიზეზების გამო  შეჩერდა. ვგულისხმობ, იმ ცუდ 70 წლიან გამოცდილებას როგორც ქართული სახელმწიფოებრიობისთვის, ასევე ლიტერატურისთვის). ვფიქრობ,  ამ თვალსაზრისით გადმოსაღები და გადმოსატანი არაფერი არ გაქვთ მითუმეტეს, რომ მე  ვიცნობ თანამედროვე ქუთაისელ ავტორებს, რომლებიც იქით უნდა იყვნენ მაგალითის მიმცემი, ასე ვთქვათ, დედაქალაქელი ავტორებისთვის თავისი სითამამით და ნოვატორობით“, - აღნიშნა გიორგი კეკელიძემ.

პოეტმა თანამედროვე ლიტერატურაში მიმდინარე პროცესები მიმოიხილა და ერთგვარ ფინიშზე მიუთითა რომელზეც იმყოფება როგორც ქართული ისე მსოფლიო პოეზია.

„თანამედროვე ქართული პოეზია, ისევე როგორც მთელი მსოფლიოს პოეზია, არის ერთგვარ ფინიშზე, რაც არც  ერთ შემთხვევში არ გულისხმობს იმას, რომ ხარისხი  თანამედროვე ქართული პოეზიის არის რაღაცით ნაკლები ვინმეზე ან საერთოდ თანამედროვე პოეზიის ხარისხი არის ნაკლები. უბრალოდ  პოსტმოდერნის ეპოქამ განაპირობა ის, რომ დღეს წერენ ყველანაირ ლექსებს... იმდენად სინთეზური გახდა ეს პროცესი, რომ რაღაც თვალსაზრისით აღარ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რომელიმე მიმდინარეობა არის დომინანტური,მითუმეტეს მოდური. მთავარია რა ხარისხის ლექსებს წერ, სხვა დანარჩენი მეორეხარისხოვანი ამბავია“, - განმარტა გიორგი კეკელიძემ.

 პრეზენტაციის ბოლოს ავტორმა საკუთარი კრებულიდან რამდენიმე ლექსი წაიკითხა.

 

 

 

 

 

ავტორი: ეკა კუხალაშვილი