გიორგი კეკელიძე - დღეს ხარისხის ნიშანი მთლიანად მოშლილია
პოსტმოდერნი, რომელიც 50 წელზე მეტია გრძელდება (და ზოგიერთი მკვლევარის რწმენით არც არასდროს დასრულდება) ბევრ გამოწვევას, მახეს, საფრთხეს, ამასთან ერთად სიკეთეს, სიმაღლეს, სიღრმეს აჩენს თანამედროვე ხელოვანისა და მომხმარებლის წინაშე. როგორ შეიძლება გაიკვლიოს გზა ავტორმა და მკითხველმა (მაყურებელმა, მსმენელმა) ამ პოსტმოდერნისტულ ლაბირინთებში? რა წარმოადგენს ლიტერატურული პროდუქტის ხარისხის ნიშანს? ვინ განსაზღვრავს მას? რა როლი აკისრია სოციალურ ქსელებს მთელ ამ პროცესში? ამ საკითხების მიმოხილვის სურვილით ქუთაისში, ჩაის სახლში „ფოე ფოე “ შეხვედრა გაიმართა. სადაც თანამედროვე ლიტერატურის მდგომარეობაზე, მისი ხარისხის განსაზღვრის მექანიზმებზე ან ამ მექანიზმის არარსებობაზე, ავტორიტეტებზე და ავტორიტეტების არარსებობაზე , ზღვარზე ავტორსა და მკითხველს შორი და ზღვარის არარსებობაზე გვესაუბრა საქართველოს საპარლამენტო ეროვნული ბიბლიოთეკის გენერელური დირექტორი, პოეტი გიორგი კეკელიძე.
-თანამედროვე ქართული პოეზია, ისევე როგორც მთელი მსოფლიოს პოეზია, ერთგვარ ფინიშზეა, რაც არც ერთ შემთხვევში არ გულისხმობს იმას, რომ თანამედროვე ქართული პოეზიის ხარისხი ვინმეზე რაღაცით ნაკლებია ან თანამედროვე პოეზიის ხარისხი ზოგადად არის ნაკლები. უბრალოდ, პოსტმოდერნის ეპოქამ განაპირობა ის, რომ დღეს წერენ ყველანაირ ლექსებს. მაგალითად, ისეთს როგორსაც წერდა აკაკი წერეთელი, პაოლო იაშვილი, ბესიკ ხარანაული ან როგორსაც დაწერდა ვინმე მომავლის კიბერპოეტი. ლექსი კონვენციურია, ვერლიბრია, ვერბლანია, სხვადასხვა ვერსიფიკაციულ ძიებებს და თემებს ემყარება და ა.შ. ეს მეორეხარისხოვანია, მთავარია - რა ხარისხის ლექსებს წერ. კიდევ უფრო გაართულა საქმე სოციალური ქსელების შემოსვლამ იმიტომ, რომ ყველა ჩვენგანს დიდი წარმატებით შეუძლია თავისი ლექსების პუბლიკაცია. ეს გაცილებით რთულად ხდებოდა სხვა პერიოდში, გულისხმობდა რედაქტორის ხელის გავლას, სარედაქციო საბჭოს ხელოვნურ თუ არახელოვნურ სელექციას. არ მინდა გამოვიყენო სიტყვა ცენზურა, რადგან
ცენზურა სხვა გამოცდილებაა და ცენზურის გამოცდილება წარმოადგენს ხელოვნურ დაბრკოლებას, სელექციური დაბრკოლება
კი რაღაც ხარისხის ნიშანს გულისხმობს. დღეს
ეს ხარისხის ნიშანი მთლიანად მოშლილია. რასაც აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები. დადებითია იმ თვალსაზრისით,
რომ ადამიანებს არ ექმნებათ ხელოვნური ბარიერი, ლიტერატურა კიჩური და პოპულარული გახდა
იმ აზრით, რომ ნებისმიერი ადამიანი წარმოადგენს
მკითხველს, ავტორს, შემფასებელს და კრიტიკოსს. უარყოფითი კი იმ თვალსაზრისითაა, რომ ძალიან მყიფეა საზღვარი გრაფომანიასა და ხარისხიან ლიტერატურას შორის. სელექციის თვალსაზრისით არ გვაქვს გარკვეული მოდელები და არ
გვყვანან ავტორიტეტები, რომლებიც შეიძლება საერთოდაც არ გვჭირდება. ეს ოდესღაც იყო
აუცილებელი ამბავი. ოდესღაც იყო აუცილებელი, თუ ვინ განსაზღვრავდა როგორი ლექსი იყო
უკეთესი. თუკი ვთქვათ ჟან პოლ სარტრი იტყოდა, რომ ელიოტის ლექსი არის კარგი, ითვლებოდა, რომ ეს
ლექსი იყო მართლაც კარგი, მაგრამ დღეს რომელია
კარგი? ის ვისაც მეტი ფეისბუკის ლაიქი აქვს, თუ ის რომელთაც უილიამ ბლეიკი ან როლან ბარტი იწონებს?! ამას ვერაფრით განსაზღვრავ, შეუძლებელია. ჩემთვის,
ამ შემთხვევაში, როგორც ფეისბუკის რიგითი მომხმარებლისთვის, საერთოდ უინტერესოა დიდი
კრიტიკოსის მოსაზრება, ამიტომ რაც მომწონს
ის გავაზიარე. ეს არის პოსტმოდერნის კარგი და ცუდი მხარე, გააჩნია რომელი კუთხიდან ვუყურებთ ამ საკითხს, რა არის ჩვენი პრიზმა და ქოთნის ყური რომელი მხრიდან გვინდა მოვარგოთ ქოთანს. მკითხველებს, რომელთაც გააჩნიათ გარკვეული ლიტერატურული
გამოცდილება, მათ ხარისხიან ტექსტზე აქვთ მოთხოვნილება.
თუმცა ესეც სადაო ხდება - რა არის ხარისხიანი და რა არა. იმიტომ რომ სუბიექტური მოცემულობაა. შესაბამისად მათი მოთხოვნილება ძირითადად კმაყოფილდება პრემიების
მიმღები ავტორების მოწონებით, თუმცა ამ ავტორებს შეიძლება ორი ნახვაც არ ქონდეს იუთუბზე,
ხოლო მეორე, რომელიც ხმამაღლა ყვირის რაღაც
ლექსებს, ათასობით ნახვით გამოირჩეოდეს. ეს
არ არის მხოლოდ ქართული პრობლემა, ამას ძალიან ბევრი მკვლევარი იკვლევს დღეს.
-
- ერთი მოსაზრების თანახმად მხატვრული ლიტერატურა, ისევე
როგორც კინემატოგრაფი, მუსიკა და ხელოვნების
სხვა დარგები მიდის ერთი დიდი შავი ხვრელისკენ (რომელიც შეიძლება არც იყოს
ვიღაცისთვის შავი ხვრელი), ვიდეოთამაშებისკენ, სადაც მთლიანად არის განფენილი ყველა ეს ხელოვნების დარგი.
ამ სივრცეში ყველა ავტორია, ყველა მონაწილეა და ა.შ. ამიტომ, არის იმის საფრთხე, რომ ჩვენ ყველანი ვირტუალურ რეალობაში
გადავალთ, რადგან ადამიანებისთვის შეიძლება უინტერესო გახდეს კლასიკური ფორმები. მაგრამ, რადგან საზოგადოების რაღაც ნაწილს ჯერ კიდევ
შემორჩენილი აქვს ლიტერატურის იმ ფორმით ინტერესი
რა ფორმითაც აქამდე არსებობდა, ამიტომ ჩვენ ვერ ვიმსჯელებთ ხაზგასმით და გადაჭრით ლიტერატურის მომავალზე. მსოფლიოში უამრავჯერ იყო
რიტორიკული და მანიფესტური განცხადება, რომ ლიტერატურა მოკვდა, რომანი, პოეზია მოკვდა.
მას კლავდა ჯერ კინო, მერე ტელევიზორი, ინტერნეტი და საერთოდაც მიიჩნეოდა, რომ ლიტერატურამ
ამოწურა თავისი თავი. გასული საუკუნის 50-იან წლებში ამბობდნენ, რომ რომანი არ უნდა
დაიწეროს, იმიტომ, რომ ის დამთავრდა და ა.შ. მაგრამ ფაქტია, რომ ყველაფერი ეს ისევ გრძელდება. შეძლება იმიტომ, რომ
ადამიანის გარდაუვალი მოთხოვნილება და სურვილია, რაღაც გადმოიტანოს ფურცელზე, სუბლიმაცია
მოახდინონ საკუთარი
სტრესების თუ ანტისტრესების. შეიძლება ეს დასრულდეს ადრე თუ გვიან...მაგრამ
ფორმები რომ იცვლება ცხადია...მოგეხსენებათ პოეზია იყო ზეპირმეტყველებითი, შემდეგ გადავიდა ეტრატებზე და
პაპირუსებზე, შემდეგ გადამისამართდა გუტენბერგის
მანქანაზე, რომელსაც თავის დროზე ეშმაკის მანქანას ეძახდნენ და ძალიან დიდი წიანააღმდეგობა
ქონდა, ისევე, როგორც დღეს აქვს დიდი წინააღმდეგობა კინდლს და კომპიუტერს. დღევანდელმა
ფორმებმა ავტორი და მკითხველი ერთობლივ პროცესშია ჩართო. მაგალითად, დაწერა ვინმემ
ტექსტი, სხვამ დააკომენტარა და ავტორმა პასუხი გასცა. ეს ყველაფერი ცოცხალ რეჟიმში მიდის. ამგვარი ფორმები დამახასიათებელი
იყო ყველაზე ადრეული ზეპირმეეტყველებითი ლიტერატურისთვის. როდესაც, ვთქვათ, ჰომეროსი იჯდა ცეცხლის პირას და
ყვებოდა ოდისევსის ან ტროას ამბებს, მსმენელები ალბათ აწყვეტინებდნენ და ეუბნებოდნენ
რომ ვთქვათ, რა საინტერესო ფარი აქვს აქილევსს. თავის მხრივ ჰომეროსიც აკვირდებოდა,
რომ აქილევსის ფარი უფრო საინტერესო იყო მსმენელისთვის, ვიდრე ძმები აიანტების შუბი და ეს შენიშვნა შეიძლება საინტერესო ყოფილიყო
ჰომეროსისთვის. ამიტომ, უფრო მეტს ყვებოდა აქილევსის ფარზე. მკითხველზე, აღმქმელზე ჰომეროსი ძალიან დამოკიდებული
იყო, ისევე როგორც ყველა სხვა დანარჩენი ავტორი,
რომელიც ზეპირმეტყველებით გადასცემდა თავის ლიტერატურას. დღესაც, მაგალითად, არის დიდი
საფრთხე იმისა, რომ ავტორები, რომლებიც წერენ ნაწარმოებს, აკვირდებიან მკითხველის რეაქციებს,
შესაბამისად ჩნდება ცდუნება, რომ კვლავ გაიმეორონ, მართალია ხარისხით ნაკლები, მაგრამ
ბევრი ლაიქისა და კომენტარის მომტანი ლიტერატურა. ჩვეულებრივი
ადამიანური საფრთხეა, რაც სრულიად არ გულისხმობს გადახრას გრაფომანიისკენ, მაგრამ გულისხმობს
გარკვეულ ლიტერატურულ ეშმაკობას, რომელიც ადრეც იყო, მაგრამ დღეს გაცილებით მძაფრად ფიგურირებს.
- სადღეისოდ არსებული ინფორმაციის, ტექსტების დიდი რაოდენობისა და შესაბამისად „კონკურენციის“ პირობებში ლიტერატურა რეიტინგის რომელ საფეხურზე შეიძლება განვიხილოთ?
- როცა დავჯდებით კომპიუტერთან, შეგვიძლია რამდენიმე ფანჯრის გახსნა, რომლებში სრულიად სხვადასხვა ამბები იქნება
მოწოდებული. მაგალითად, როგორ დამთავრდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რა აცვია რომელიღაც პოპულარულ მომღერალს, და რა დაწერა რომელიმე ავტორმა. ამ ინფორმაციებიდან
რომელიღაც გახდება დომინანტი. ხოლო ამის შანსი აქვს მას, რომელიც უფრო ახლოს არის ჩვენთან. სადღეისოდ, ყველაზე ახლოს სოციალური და პოლიტიკური თემებია. ამიტომ, ჩვენ გვაინტერესებს პირველ რიგში
ის, თუ ვინ გაიმარჯვა თვითმმართველობის არჩევნებში. შემდეგ გვაინტერესებს ვის რა აცვია
რომ მივბაძოთ და მხოლოდ ამის შემდეგ გვაინტერესებს ლიტერატურა. შესაბამისად, ლიტერატურა
ხდება მეათე, მეოცე, მეასეხარისხოვანი. ერთი მხრივ ეს კარგია, რადგან ლიტერატურა გახდა ვიწრო წრის ინტერესის სფერო და მხოლოდ წიგნით დაავადებული
ადამიანები მიიჩნევენ ლექსს, მოთხრობას პირველხარისხოვნად. იქნებ ეს რაღაც აზრით უკეთესი იყოს. რადგან საბჭოთა
გამოცდილებას თუ გავიხსენებთ, ცხადად დავინახავთ, რომ ის დიდი ტირაჟები,
ათიათასობით გამოცემული მეორეხარისხოვანი ლიტერატურა
არ იყო ადეკვატური მკითხველი საზოგადოების (თუმცა შეიძლება ადეკვატური იყო მყიდველი
მოსახლეობის რაოდენობის). ეს ადამიანები ყიდულობდნენ
ამ წიგნებს, ათავსებდნენ კარადებში და მერე ძალიან ძნელად თუ შლიდნენ. მაშინ არ არსებობდა
სტატისტიკა, ამიტომ დაკვირვება მეცნიერულ დონეზე არ წარმოებდა. ზედაპირული დაკვირვებით კი საბჭოთა კავშირის დროსაც იმდენივე ადამიანი
კითხულობდა, რამდენიც დღეს, უბრალოდ მაშინ
ყველაფერი სხვანაირად ჩანდა. ტირაჟების სიმრავლე განაპირობებდა იმას, რომ შექმნილიყო ილუზია ჩვენი დიდად ნაკითხობის შესახებ.
ეს ილუზია გაქრა 90-იან წლებში, როდესაც აღმოვჩნდით ძალიან დიდი სირთულეების წინაშე
და ჩვენი კომპეტენცია არ შეიქნა ამ სირთულეების საპირწონე.
- რა სახის მკითხველი არსებობს დღეს საქართველოში, როგორც ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს ალბათ გეძლევათ ამაზე დაკვირვების საშუალება?
- ამაზე დაკვირვების საშუალება მეტნაკლებად მართლაც მეძლევა
ჩემი სამსახურის გამო. მკითხველი დიდწილად ისევ კლასიკური ლიტერატურით ინტერესდება, გარკვეული ინერცია არის შენარჩუნებული. თითო-ოროლა ადამიანი თუ კითხულობს თანამედროვე ავტორებს. ეს არის მკვეთრი მანიშნებელი იმისა,
რომ ახალ ეტაპზე გადავდივართ და ამ ეტაპს ჭირდება
შორიდან დაკვირვება. დღეს დასკვნას ვერ გავაკეთებთ თუ როგორი ლიტერატურა არის პრიოროტეტული. ზუსტი მონაცემები
არ მაქვს, მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით მკითხველთა ასი პროცენტიდან პოეზიას ბიბლიოთეკაში
კითხულობს ალბათ დაახლოებით 0,5 პროცენტი.
და ამას აქვს თავისი მიზეზები. ასე რომ საკითხის დრამატიზება არ ღირს. რადგან, საზოგადოებაში
ინტერესი მაინც არსებობს, თუმცა არც ილუზიის
შექმნა ღირს. არ შეიძლება ვიძახოთ, რომ ჩვენ ქართველებს ყველაზე მეტად გვიყვარს პოეზია.
მიუხედავად იმისა, რომ თუკი მსოფლიო ლიტერატურაში სადმე ხარისხიანი პოეზია არსებობს,
მათ შორის არსებობს საქართველოში, უბრალოდ საქართველოს არ გაუმართლა იმ აზრით, რომ
პატარა ქვეყანა ვართ და გვაქვს საკუთარი ენა. ენა, რომელიც ვრცელდება დიდწილად იმ მოსახლეობაზე
რა მოსახლეობასაც შეადგენს ჩვენი ქვეყანა.
ეს არის ალბათ მთავარი არგამართლება რუსთაველის, ვაჟა ფშაველას გალაკტიონის ქყეყანაში. ამან განაპირობა ის, რომ
საზღვარგარეთ არც ერთი მათგანის შესახებ არ იციან. მეტნაკლებად აქვთ ინფორმაცია რუსთაველზე,
მაგრამ იციან როგორც ერთ-ერთი რიგითი ეპიკური ტექსტის ავტორი და არა როგორც გენიოსი. ნაკლებად ხდებოდა ქართული ლიტერატურის
პოპულარიზება საზღვარგარეთ, ამიტომ უცხოეთში ყველაზე დიდი ტირაჟით გამოცემულ ქართველ
ავტორად რჩება გრიგოლ რობაქიძე მისი ტექსტით „ჰიტლერი“, რომელიც თავის დროზე 8 მილიონი გაიყიდა.
ავტორი: ეკა კუხალაშვილი