სტერეოტიპებს შეწირული ბავშვები
ქუთაისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ხათუნას ოჯახში ორი მცირეწლოვანი ბავშვი იზრდება. მათ შორის ერთ-ერთს დაუნის სინდრომი აქვს. როგორც ხათუნა „ნიუპრესთან“ საუბარში აცხადებს, საზოგადოება ამ პრობლემის მიმართ ჯერ კიდევ სტერეოტიპულად აზროვნებს. ამისაგან თავისუფალი არც სამედიცინო პერსონალი აღმოჩნდა. ხათუნას უახლოესმა ადამიანებმა ზურგი აქციეს, იმის გამო, რომ მან საკუთარ შვილზე უარი არ თქვა. ის დღეს მარტოხელა დედაა და 2 შვილს ზრდის.
"აღმოჩნდა, რომ საზოგადოება ამ პრობლემის მქონე ადამიანთა მისაღებად სრულიად მოუმზადებელია. ნებისმიერ შემთხვევაში, რაც უნდა სჭირდეს ბავშვს, მიღებულია, რომ დედას ბავშვის გაჩენას ულოცავენ. ექიმები ბავშვის დაბადებას არ მილოცავდნენ და დაბნეული სახეებით დადიოდნენ. როცა ვკითხულობდი, ბავშვი სად არის-მეთქი, მეუბნებოდნენ, გულის პრობლემები აქვსო. ზოგადად, საქართველოში, როცა რაღაც პრობლემით იბადება ბავშვი, ექიმები გარშემო ყველას ეკითხებიან, მიუყვანონ თუ არა დედას ბავშვი", -იხსენებს ხათუნა. მისი თქმით, ბავშვის დაბადებისთანავე დაიწყო მისი და ბავშვის უფლებების დარღვევა. „ამ დამოკიდებულებამ ძალიან შემაძრწუნა. როცა დაუნის სინდრომით ჩნდება ბავშვი, მნიშვნელოვანია, თავიდანვე დედასთან მიიყვანონ, რომ სითბი იგრძნოს“, - აცხადებს ის.
გარდა აღნიშნული პრობლემებისა, ხათუნა თავადაც C ჰეპატიტით არის დაავადებული. როგორც თავად გვიამბობს, რამდენიმე წლის წინ საავადმყოფოში მედდად მუშაობდა და სწორედ მაშინ დაინფინცირდა. ახლა ამ მდგომარეობაში სრულიად მარტო, სოციალური დახმარების იმედად ზრდის ორ შვილს. თუმცა თანხა ძალიან ცოტაა. 2 წლის პატარას რამდენიმე კვირის წინ გულის ოპერაცია გაუკეთდა. ბავშვის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, თუმცა პრობლემები ყოველდღიურად ჩნდება. დაავადების გამო ხათუნა დღემდე უმუშევარია. დახმარების თხოვნით მან ძალიან ბევრ ორგანიზაციას მიმართა. იყო მცირედი დახმარებები. ახლობელმა არასამთავრობო ორგანიზაციის "INER – GEORGIA წყვილთა და სიცოცხლის სამსახურის" შესახებ უამბო. ორგანიზაციაში მისვლისას ჩაუტარდა ფსიქოლოგიური დახმარება.
"მიუხედავად არსებული პრობლემებისა, მე შევძლებ ჩემს შვილებს შევუქმნა მომავალი და ყველა დედას მოვუწოდებ, ნუ მოკლავენ საკუთარ შვილებს. როგორებიც არ უნდა იყვნენ ისინი. საზოგადოებას ვეტყოდი, რომ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი შეიძლება გაუჩნდეს დედამიწის ნებისმიერ კუთხეში ნებისმიერი ასაკის, ნებისმიერი სოციალური წარმომავლობის ადამიანს და ეს არ არის დაავადება, ეს არის გენეტიკური ცვლილება. შეიძლება, ნებისმიერ დროს ნებისმიერი ადამიანი ამის წინაშე დადგეს. ძალიან კატეგორიულები ნუ ვიქნებით და ნუ მოვითხოვთ ყველასგან, რომ ერთნაირი შესაძლებლობები გვქონდეს. მივეხმაროთ ერთმანეთს და მეტი არაფერი. ყველა მშობელს მოვუწოდებ, რომ მაქსიმალური სითბო აგრძნობინონ ბავშვებს. ჩემი შვილი ბედნიერია და ჩემთვის ესაა მთავარი",- აღნიშნავს ხათუნა.
"ნიუპრესსი" არასამთავრობო ორგანიზაციას "INER – GEORGIA" დაუკავშირდა, როგორც აღმოჩნდა ორგანიზაცია სოციალურად დაუცველებს და ახალგაზრდა წყვილებს სრულიად უფასოდ უწევს ფსიქოლოგიურ, აღმზრდელობით და სხვა სახის დახმარებებს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლელა ჩარკვიანი განგვიმარტავს, რომ მათი ორგანიზაციით ძირითადად ქალები სარგებლობენ. ორგანიზაცია 2002 წლიდან უფასო იურიდიულ-ფსიქოლოგიურ-აღმზრდელობით და ჰუმანიტარული პროგრამებით ეხმარება სხვადასხვა პრობლემის მქონე წყვილებს. ორგანიცაზიის მთავარი მიზანია - „არა აბორტს“. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი გვიამბობს, ხშირია შემთხვევები, როდესაც დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მოშორება, გაშვილება, ან ორსულობის შეწყვეტის სურვილი აქვთ.
"ჩვენ ასეთ დედებს ფსიქოლოგიურ სემინარებს ვუტარებთ, რადგან სიცოცხლის უფლება აქვს ყველას. ხათუნა ის ერთადერთი ძლიერი დედაა, რომელიც გაუმკლავდა ყველა რთულ პირობებს და დღემდე იბრძვის მისი შვილების მომავლისთვის. მქონია შემთხვევა, როდესაც დედას შვილის გაჩენა უნდა, მაგრამ მამა წინააღმდეგია სხვადასხვა მიზეზების გამო. სტერეოტიპის მსხვერპლი გახდა ახალგაზრდა გოგონა, რომელსაც ბავშვის მოშორებას მხოლოდ იმიტომ აიძულებდნენ, რომ ნაყოფი მდედრობითი სქესის იყო. ჩვენ მას ჩავუტარეთ ფსიქოლოგიური და იურიდიული დახმარება. მან შვილის გაჩენა, ასევე ყველა სირთულის გამკლავება გადაწყვიტა შვილის გამო", - განაცხადა ჩარკვიანმა.
დავინტერესდით, რა აკეთებს ადგილობრივი თვითმართველობა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად. როგორც მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურში განგვიმარტეს, ქუთაისში 15-მდე ბავშვია მსგავსი პრობლემის მქონე, რომლებზეც ზრუნვა დღის ცენტრებს აბარიათ. ადგილობრივი თვითმართველობა ასეთ ბავშვებს მხოლოდ ჰიგიენური საფენებით ამარაგებს.
გამოკვლევების მიხედვით, წელიწადში 80 ათასზე მეტი აბორტი კეთდება საქართველოში. ფეხმძიმობის შეწყვეტა 12 კვირამდე არის კანონით დაშვებული. აბორტის წინა მოსაფიქრებელ პერიოდი ადრე 3 დღე იყო. ახლა პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოსაფიქრებელი პერიოდი 5 დღემდე გაიზარდოს. უნდა დავამარცხოთ ის სტერეოტიპი, რომელიც ჯერ კიდევ არის საქართველოში და განსაკუთრებით ქუთაისში. ხშირად აბორტს იკეთებენ სქესის გამო და თუ დროულად გაიგეს დაუნის სინდრომის არსებობის შესახებ, უმეტეს შემთხვევაში ასეთი ბავშვების მოშორებას დაუფიქრებლად ახდენენ.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი