|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სტიქიის გამომწვევი ძირითადი მიზეზი კლიმატის ცვლილებით არის გამოწვეული - ოთარ შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა თარ შამუგიამ  რაჭაში 3 აგვისტოს განვითარებული სტიქიური მოვლენებისა და 6-7 თებერვალს სოფელ ნერგეეთში მეწყრული პროცესების შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების საბოლოო დასკვნა წარადგინა. 

მისივე თქმით, როგორც კვლევის შედეგებმა აჩვენა, სტიქიის გამომწვევი ძირითადი მიზეზი კლიმატის ცვლილებით არის გამოწვეული.

„შვეიცარიელი ექსპერტების მხრიდან მიღებული რეკომენდაციების თანახმად, მდინარე ბუბისწყლის ხეობაში და კურორტ შოვის სტიქიის გავრცელების არეალისთვის უნდა შემუშავდეს გადაადგილების წესები და მოეწყოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები. ზოგადად, მსგავსი ტიპის ხეობებში, ტექნიკურად, კაპიტალური დამცავი ღონისძიებების გატარება ანალოგიური მასშტაბის პროცესებზე პრაქტიკულად შეუძლებელია. ამ დროისთვის საუკეთესო და ყველაზე ეფექტიან გზას ადამიანთა და ინფრასტრუქტურის დასაცავად ტერიტორიის სივრცითი დაგეგმარება წარმოადგენს. მსგავსი მასშტაბის კომპლექსური სტიქიური მოვლენის შესახებ ადრეული გაფრთხილების – განგაში სისტემის მოწყობა, სტიქიის სწრაფად განვითარების გამო, ვერ უზრუნველყოფდა ეფექტიან ადრეულ გაფრთხილებასა და საფრთხეების შერბილებას.

რაც შეეხება მეწყრული პროცესის განვითარებას ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, მდინარე ხანისწყლის მარჯვენა ფერდობზე, მიუხედავად იმისა, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ყოველწლიურად შედგენილ და გამოცემულ საინფორმაციო გეოლოგიურ ბიულეტენში სოფელ ნერგეეთზე მითითებულია, რომ სოფლის ტერიტორია მოქცეულია მეწყრული მოვლენების შესაძლო გააქტიურების ზონაში, კონკრეტულად ის ლოკაცია, სადაც 2024 წლის 7 თებერვალს ადგილი ჰქონდა კლდეზვავური ტიპის მეწყრული მოვლენის განვითარებას, შეფასებული არ ყოფილა. ერთ-ერთ მთავარ მაპროვოცირებელ ფაქტორად მოგვევლინა ბოლო დღეებში (5-6-7 თებერვალი) მოსული უხვი ატმოსფერული ნალექები (81მმ) და მიმდებარე ფერდობებზე არსებული თოვლის საფარის ინტენსიური დნობა. სამი დღის განმავლობაში მოვიდა მთელი თვის ნალექების ნორმის 46%, რაც დროის ამ მონაკვეთისთვის ძალიან მაღალი მაჩვენებელია. მეწყერმა სრულად დაანგრია ოთხი საცხოვრებელი სახლი და ადგილი ჰქონდა ადამიანთა მსხვერპლს (ცხრა ადამიანი). მიმდებარე ფერდობიდან დღესაც ნარჩუნდება საფრთხე და შესაბამისად 7 თებერვალს ადგილზევე გაიცა რეკომენდაცია იქ მცხოვრები შვიდი ოჯახის გეოლოგიურად მდგრად ტერიტორიაზე გადაყვანასთან დაკავშირებით. დანარჩენ დასახლებულ უბნებზე გაგრძელდება მონიტორინგი“, – აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის მიხედვით, საქართველომ როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სამოქალაქო უსაფრთხოებისა და კატასტროფების რისკების მენეჯმენტის სისტემების განვითარებისთვის, თუმცა გაცილებით მეტია საჭირო და გაცილებით სწრაფ ტემპში.

ამ მიზნით გარემოს ეროვნულ სააგენტოს ბიუჯეტი 13 მილიონი ლარით იზრდება, რაც ითვალისწინებს თანამედროვე მონიტორინგის ქსელის კიდევ უფრო გაფართოება-გაძლიერებას. კერძოდ: წლის ბოლოს ქვეყნის მასშტაბით იმუშავებს 245 დაკვირვების ჰიდრომეტეო სადგური, რაც გააუმჯობესებს ადრეული გაფრთხილების სისტემას.

ავტორი: