|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სწავლის პროცესი 15 სექტემბერს, სავარაუდოდ, ვერ განახლდება

 ეპიდსიტუაცია თუ არ გაუმჯობესდება, 15 სექტემბერს სწავლის პროცესი ვერ განახლდება,  - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სწავლის განახლების რეკომენდაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი ოთხ პროცენტზე დაბლა იქნება.

„თუ ამ ტიპის ეპიდსიტუაცია იქნება 15 სექტემბრისთვის, როცა სწავლა უნდა დაიწყოს, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვერ გასცემს რეკომენდაციას სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით. ჩვენ ველოდებით, რომ ამ შეზღუდვებმა, რომელიც ახლა შემოვიტანეთ, აცრების ინტენსიფიკაციამ სერიოზულად უნდა შეამციროს ახალი შემთხვევების მაჩვენებელი ქვეყანაში. თუ დადებითობის მაჩვენებელი ჩამოვიდა ოთხ პროცენტს დაბლა, დღეს გვაქვს დაახლოებით 10 პროცენტის ფარგლებში, მაშინ დადგება საკითხი სწავლის განახლების შესახებ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

17 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 6 208 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი კი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 11,14 პროცენტს შეადგენს.

ავტორი: ნიუპრესი