"სხვაზე მეტი დაპირება მე არ გამიცია"–გუბაზ სანიკიძე
სხვაზე მეტი დაპირება მე არ გამიცია - ეს განცხადება, "ეროვნული ფორუმის" ლიდერმა და პარლამენტის ვიცე–სპიკერმა გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია "იბერიის" ეთერში გააკეთა. მან 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს გაცემულ დაპირებებზე ისაუბრა.
მისი თქმით, პოლიტიკოსების მთავარი პრობლემა არის გულწრფელობა. "მთავარი პრობლემა გულწრფელობაა. თუნდაც იმ საკითხებში, სადაც ჩვენ გარკვეული პირობა დავდეთ, მაგრამ ვერ შევასრულეთ. ბოდიშის მოხდა არის ძლიერი ადამიანის თვისება. ქუთაისში მთავარი დაპირება იყო 24 საათიანი წყალმომარაგება და ეს კეთდება. მეორე დაპირება იყო ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და ნაწილობრივ, შეიძლება, განხორციელდეს. სხვა დაპირებას, რაც შეეხება, მე იგივეს ვეუბნებოდი საზოგადოებას, რასაც ამბობდნენ "ოცნების" სხვა წარმომადგენლები, ყველა ქალაქში და ყველა რაიონში. სხვა დაპირება არ გამიცია, თუმცა მე ბოდიშიც შემიძლია მოვიხადო", – განაცხადა სანიკიძემ, რომლის თქმითაც, ხალხი მათგან არა ლუკმა პურს, არამედ სამართლიანობის აღდგენას ელოდა.
"რაც არ გაკეთდა, ეს არის სამართლიანობის აღდგენა. ქართველი ხალხი ჩვენ არ გვთხოვდა ლუკმა პურს, არც ტერიტორიების სწრაფ დაბრუნებას. მთავარი მოთხოვნა სამართლიანობის აღდგენა იყო, რაც არ გაკეთდა, რის გამოც ბოდიშის მოხდა ყველას გვიწევს. თუმცა წილი პასუხისმგებლობის განსხვავებულია. ჩვენი პასუხისმგებლობა ნაკლებია, რადგან აღმასრულებელ ხელისუფლებაში პოსტები არ გვეჭირა", – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
მისი თქმით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, 7/8 სუბიექტს აქვს პარლამენტში მოხვედრის შანსი. სანიკიძე ამბობს, რომ მანდატების მიღება გარანტირებული აქვს ორ პოლიტიკურ სუბიექტს, "ნაციონალურ მოძრაობას" და ქართულ ოცნებას", დანარჩენ პარტიებს კი მოუწევთ დაარწმუნონ ამომრჩეველი საკუთარი დაპირებების გულწრფელობაში.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი