|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თავდაცვის სამინისტროს ბიზნესსექტორთან თანამშრომლობის შედეგად ჯარისკაცები ათობით კომპანიაში შეღავათით ისარგებლებენ

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა პროექტ ARMY  CARD -ში ჩართულ ბიზნესმენებთან გამართულ შეხვედრაზე თავდაცვის უწყების წარმომადგენლებს ახალი სახელფასო ბარათები გადასცა. ბარათები პირველ ეტაპზე საქართველოს შეიარაღებული ძალების IV ბრიგადის, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის და სამინისტროს სამოქალაქო ოფისის თანამშრომლებს დაურიგდათ. უახლოეს პერიოდში ARMY  CARD უწყების ყველა წარმომადგენლისთვის დამზადდება.

ღონისძიება 2016 წლის 26 ივლისს, ვაზიანის მე-IV ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე გაიმართა, რომელსაც პროექტ ARMY  CARD  -ის მონაწილე კომპანიების წარმომადგენლები, „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი მურთაზ კიკორია და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. თავდაცვის მინისტრმა პროექტში ჩართული კომპანიების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა და საზოგადოებრივი აქტიურობისთვის თითოეულ მათგანს პერსონალური მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ მივმართეთ ყველას, რომ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში გვერდით დადგომოდნენ შეიარაღებულ ძალებს, მათ ოჯახებს, განსაკუთრებით კი დაჭრილი და დაშავებული სამხედროების ოჯახებს. მათზე ზრუნვა ჩვენი ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ, არანაკლებ მნიშვნელოვანია, გავუფრთხილდეთ იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც გუშინ, დღეს, ხვალ ჩვენი ქვეყნისა და შვილების უკეთესი მომავლისთვის საკუთარ სიცოცხლეს წირავენ. უკვე 26 კომპანია მონაწილეობს ამ პროექტში და ყველა მათგანს დიდი მადლობა უნდა ვუთხრა. ვფიქრობ, ნებისმიერი კომპანიისთვის საამაყო უნდა იყოს, თუ მათ კარზე იქნება სტიკერი, რომელიც ჩვენ დავამზადეთ და რომელსაც ჰქვია „მადლობა ერთგულებისთვის“, _ შეიარაღებული ძალებისა და ქვეყნის ერთგულებისთვის. ნატოს წევრ ნებისმიერ ქვეყანაში ნახავთ კომპანიებს, რომელსაც აწერია _ აქ გმირები მსახურობენ. ეს არის სოლიდარობა, რომელსაც საზოგადოება სამხედროების მიმართ იჩენს. მინდა, მივმართო ყველას, ვინც ჯერ არ არის პროექტში ჩართული, თუნდაც მცირე წვლილი გაიღოს იმისთვის, რომ ბრძოლის ველზე მყოფმა სამხედრო მოსამსახურემ იცოდეს, რომ მისი ოჯახი დაცულია“, _ განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

მნიშვნელოვანია, რომ ARMY  CARD  სამხედრო მოსამსახურეებს ეტაპობრივად დაურიგდებათ. თავდაცვის სამინისტროს, „საქართველოს ბანკსა“ და კერძო კომპანიებს შორის თანამშრომლობის შედეგად თავდაცვის უწყების წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები ათობით კომპანიაში მნიშვნელოვანი შეღავათით ისარგებლებენ.

„ეს არის თავდაცვის სამინისტროს პროექტი, რომელიც გამიზნულია შეიარაღებული ძალების თანამშრომლების, მათი ოჯახის წევრების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისთვის. „საქართველოს ბანკი“ არჩეული იქნა კონკურსში. ჩვენ შევთავაზეთ საინტერესო მიდგომები, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ პარტნიორ მერჩანტებთან ერთად უზრუნველვყოთ ჯარისკაცებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სპეციალური ფასდაკლებები. მათ ამ ბარათით სარგებლობისას სხვადასხვა სახის ბენეფიტები და მგზავრობისას შეღავათები ექნებათ“, _ განაცხადა საქართველოს ბანკის დირექტორმა მურთაზ კიკორიამ“.

სამხედროებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შეთავაზება აქვს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს. უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელის განცხადებით, თავდაცვის უწყების თანამშრომლებსა და მათ შვილებს საშუალება ექნებათ, საბაკალავრო პროგრამებსა და ტრენინგკურსებზე დაწესებული სწავლის საფასურის მხოლოდ 50% გადაიხადონ. საინტერესო შეთავაზებები აქვთ პროექტში მონაწილე სხვა კომპანიებსაც.

„გვაქვს პატივი მცირე წვლილი შევიტანოთ ქვეყნის სამსახურში მყოფი პირების მხარდასაჭერად და ამით ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადავუხადოთ მათ. სწორედ ამიტომ, აღნიშნულ პროექტში, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი სიხარულით ჩაერთო. იმედს გამოვთქვამთ, რომ თავდაცვის უწყების თანამშრომლების შვილებს, ხელს შევუწყობთ განათლების მიღებაში და ამით ერთობლივად ვემსახურებით საქართველოს", _ განაცხადა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ილიას ჩილოღლუმ.

„კლინიკა ხერხემალი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს კონსულტაციასა და კომპლექსურ მკურნალობაზე სთავაზობს 10%-იან ფასდაკლებას. მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა ამ ფორმით გამოვხატოთ ჩვენი სამოქალაქო მოვალეობა“, _ კლინიკა „ხერხემალის“ დამფუძნებელი, ნინო ფალიანი-კაციტაძე.

ARMY  CARD  სადებეტო პლასტიკური ბარათია. მის მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ, კვების ობიექტებში, სუპერმარკეტებში, სააფთიაქო ქსელში, ბენზინგასამართ სადგურზე, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიებში, სპორტულ-გამაჯანსაღებელ, კულტურულ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში სპეციალური ფასდაკლებებით ისარგებლონ. მნიშვნელოვანია, რომ ყოველი გადახდისას მომხმარებელს გარკვეული თანხა ე.წ. Cash Back-ის სახით უკან დაუბრუნდება. ARMY  CARD  ექსკლუზიურად სამხედრო თემატიკაზე შეიქმნა და უნიკალური დიზაინით გამოირჩევა. ბარათის მოქმედების ვადა 4 წელია და ის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს და მათ მეუღლეებს უფასოდ გადაეცემათ.

„მადლობა სამსახურისთვის“ _  ეს პროექტ ARMY  CARD  -ის მთავარი გზავნილია. პროექტის მთავარი მიზანი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ საზოგადოების დანარჩენი ნაწილის მხრიდან მეტი ყურადღების გამოხატვაა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო კი პროექტში ჩართულ თითოეულ ორგანიზაციას კიდევ ერთხელ უხდის მადლობას ერთგულებისთვის.

 

 

სტატია მომზადდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ

ტელ: +995(32) 2 72 35 35

ელ-ფოსტა:  stratcom@mod.gov.ge

ვებ-გვერდი mod.gov.ge

 

 

 

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.45%
გაუარესდა - 52.94%
არ შეცვლილა - 12.61%
სულ - 119 ხმა