თავდაცვის სამინისტროს გენდერის კვირეული
3 მარტიდან 8 მარტის ჩათვლით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით გენდერული კვირეული ჩატარდა. #ქალიქვეყნისსამხახურში _ სწორედ ასეთი სახელწოდებით დასათაურდა კვირეული, რომელმაც როგორც შიდა აგრეთვე გარე აუდიტორიისთვის მრავალი საინტერესო ღონისძიება მოიცვა: ლექცია-დისკუსიებით, ვიზიტებით, ფოტოგამოფენებითა და სხვადასხვა ტიპის აქტივობებით დატვირთული კვირეული საინტერესო აღმოჩნდა როგორც სამინისტროში დასაქმებული ადამიანებისთვის აგრეთვე, სტუდენტებისთვის და ზოგადად საზოგადოებისთვის.
კვირეული 3 მარტს, მრავალშვილიან სამხედრო ოჯახში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის ვიზიტით დაიწყო. სამინისტრომ ვიცე-პოლკოვნიკ ზაზა ლობჟანიძესა და მის მეუღლეს მეოთხე შვილის დაბადება მიულოცა.
ამავე დღეს თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს სხვადასხვა ქალაქების ქუჩებში საინტერესო პერფორმანსი წარმოადგინა. ერთდროულად, დედაქალაქში _ ქართველმა ჯარისკაცებმა, გორში _ ეროვნული თავდავის აკადემიის იუნკრებმა, ხოლო ქუთაისში _ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის სამხედრო ლიცეუმის კადეტებმა, ქალბატონებს დედის დღე იებით მიულოცეს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელმა ორკესტრმა დედაქალაქში დედებს საჩუქარიც გაუკეთა. სამხედრო ორკესტრის ბენდმა ევროპის მოედანზე ქალბატონებისთვის კონცერტი გამართა და სხვადასხვა ცნობილი კომპოზიციები შეასრულა.
4 მარტს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გენდერული თანასწორობის 2016 წლის სამოქმედო გეგმის განხილვა გაიმართა. შეხვედრა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა დოლიძემ გახსნა. შეხვედრას სამოქალაქო ოფისისა და გენერალური შტაბის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები დაესწრნენ. ანა დოლიძემ სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებში გენდერული თანასწორობის მნიშვნელობასა და 2016 წლის გეგმის განხორციელებაზე გაამახვილა ყურადღება. თავდაცვის სამინისტროში გენდერულ საკითხებზე პერმანენტული ხასიათის შეხვედრების მოწყობა, საინფორმაციო კამპანიების დაგეგმვა, გენდერული მრჩევლის ინსტიტუტის გაძლიერება, გენდერის კუთხით არსებული მდგომარეობის რეგულარული ანალიზი, შეფასება, კვლევების, გამოკითხვების წარმოება, რეკომენდაციების შემუშავება, საგანმანათლებლო მოდულების შექმნა და განვითარება 2016 წლის გენდერული გეგმის მნიშვნელოვან საკითხებს წარმოადგენს.
ამავე დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ანა დოლიძის საჯარო ლექცია „ქალი _ ლიდერი“ გაიმართა. ლექციას სხვადასხვა უნივერსისტეტის სტუდენტები, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის იუნკრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ყურადღება საზოგადოებაში ქალის როლის მნიშვნელობაზე გაამახვილა. „ქალი ლიდერების მომრავლება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ლიდერი, ეს არის ადამიანი, რომელსაც გააჩნია ხედვა სახელმწიფოს, უწყების, ერთი ინსტიტუტის განვითარებასთან დაკავშირებით. როდესაც ქალები საზოგადოებაში მეტად მონაწილეობენ, ბუნებრივია, მათ მოაქვთ განსხვავებული პერსპექტივა ამ ხედვებთან დაკავშირებით, მათ მოაქვთ საკუთარი გამოცდილება, მოაქვთ თანაგრძნობა და ბევრი ის თვისება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს სახელმწიფოში, სახელმწიფო ინსტიტუტებში. ამიტომ, აუცილებელია ხშირი საუბარი ამ თემაზე, იმაზე, რომ გვქონდეს შესაძლებლობა და ისეთი გარემო პირობები, რომელიც ხელს შეუწყობს მრავალი ქალი ლიდერის შექმნას, _ განაცხადა ანა დოლიძემ.
7 მარტს სტუდენტებისთვის გენდერული თანასწორობის შესახებ კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. ლექცია წარმოადგინა ხუთმა სპიკერმა, მათ შორის, როგორც თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ნინი ბაქრაძემ, აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელმა ელენე რუსეცკაიამ. ლექცია-დისკუსია ეხებოდა სამინისტროს გენდერულ პოლიტიკასა და გენდერულ წარმოდგენებს ქართულ საზოგადოებაში.
მნიშვნელოვანია, რომ წელს თავდაცვის სამინისტრო, გენდერული თანასწორობის კუთხით, მოწინავე უწყებად აღიარეს. 2015 წლის მონაცემებით, თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში ხელმძღვანელ თანამდებობებზე 28.5% ქალი და 71.5% მამაკაცი მუშაობს.
სულ, სამოქალაქო ოფისში დასაქმებულთაგან 45.8% ქალია, ხოლო 54.2% მამაკაცი.
დღეისათვის სამინისტრო გენდერული თანასწორობის და გაეროს №1325 რეზოლუციის (გაეროს უშიშროების საბჭოს №1325 რეზოლუცია, რომელიც ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებს მოიცავს) განხორციელების ხელშეწყობასა და მონიტორინგს წარმატებით ახორციელებს.
გენდერული თანასწორობის განმტკიცების მიზნით 2014 წელს შემუშავდა და დამტკიცდა თავდაცვის სამინისტროს გენდერული თანასწორობის სტრატეგია, რომლის განსახორციელებლად სამინისტროში გენდერული თანასწორობის მონიტორინგის ჯგუფი და გენდერული მრჩევლის ინსტიტუტიც შეიქმნა.
8 მარტს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გენდერის კვირეული საზეიმოდ დაიხურა.
ღონისძიება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა გახსნა. მან სამ ოფიცერ და ერთ სერჟანტ ქალბატონს მოულოდნელი საჩუქარი გაუკეთა. ოფიცრებს _ ნათია ჩიტაურს, ეკატერინე ხარაშვილს და რუსუდან რომელაშვილს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით ვიცე-პოლკოვნიკის წოდება მიენიჭათ, სერჟანტ ნანა ცხადაძეს კი, თინათინ ხიდაშელმა საჩუქრად საცხოვრებელი ბინის გასაღები პირადად გადასცა.
„ჩემი ამოცანაა, ყველა პრინციპის, ყველა წესის და სტანდარტის დაცვით, რაც შეიარაღებულ ძალებში მოქმედებს, შესაძლებლობების თანაბრობა გავაჩინოთ ქალი სამხედრო მოსამსახურეებისთვის. ჩვენ, ეს პროცესი სიმბოლურად 8 მარტს დავიწყეთ, როდესაც შეიარაღებულ ძალებს სამი ვიცე-პოლკოვნიკი ქალი შეემატა და გარწმუნებთ, რომ ასეთი სიურპრიზები, რომელიც მათი დამსახურებიდან, მათი საქმიანობიდან გამომდინარეობს, კვლავ იქნება. ქალებს შეიარაღებულ ძალებში წოდებრივი წინსვლა ექნებათ“_ განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
სტატია მომზადდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35
ელ-ფოსტა: stratcom@mod.gov.ge
ვებ-გვერდი mod.gov.ge
ავტორი: