თავდაცვის სამინისტროს მჭიდრო კავშირი რეგიონებთან და საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირება
"ნატო და უსაფრთხოება“ _ საინფორმაციო შეხვედრები აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აგრძელებს საქართველოს რეგიონების ინფორმირებას ნატოსა და უსაფრთხოების თემებზე. სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია მთელი საქართველოს მასშტაბით, უზრუნველყოს საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა და ინფორმირება საქართველოს დასავლური კურსისა და ქვეყნის უსაფრთხოების შესახებ. სწორედ ამ მიზნით 19 მაისს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით ვაზიანში აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
ნატო და უსაფრთხოება“_ ასე ერქვა შეხვედრას, რომლის მიზანი საქართველოს ნატოში ინტეგრაციისა და ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე რეგიონების წარმომადგენლებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება იყო.
„შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოს რეგიონების თვითმმართველობებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის მიწოდებას ნატოსა და უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე მათ მომხსენებლები უტარებენ სემინარებს საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობის შესახებ და აწვდიან ინფორმაციას, თუ რა ეტაპზე დგას საქართველო ნატოში ინტეგრაციის გზაზე, _ განაცხადა თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის შიდა აუდიტორიისა და საინფორმაციო გარემოს მონიტორინგისა ანალიზის სამმართველოს უფროსმა შალვა თევდორაძემ.
ღონისძიებაზე საქართველოს რეგიონებში არსებულ საინფორმაციო გარემოზე, უსაფრთხოებაზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობისა და სამშვიდობო მისიებში მიღებული გამოცდილებების საკითხებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე და ვარშავის სამიტთან დაკავშირებულ მოლოდინებზე გამახვილდა.
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ლელა ქიტესაშვილი: „მადლობა მინდა ვუთხრა თავდაცვის სამინისტროს ამ შეხვედრის ორგანიზებისთვის. ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია თვითმმართველობის როლი ქვეყნისა და რეგიონების მასშტაბით უსაფრთხოების თვალსაზრისით, ინფორმაციის მოსახლეობამდე მიტანის მხრივ. ძალიან საინტერესო პრეზენტაციები შედგა, როგორც მედიისა და საინფორმაციო გარემოს მხრივ, ასევე უსაფრთხოებისა და გამოწვევების შესახებ.
31 მაისს პროექტის მეორე ეტაპზე, დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა სენაკის სამხედრო ბაზაზე მოიყარეს თავი. რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები, საქართველოს შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაცია და ნატოსთან თავსებადობა, საერთაშორისო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობის მნიშვნელობა და მიღებული გამოცდილება, ნატო-საქართველოს ურთიერთობები და არსებული გამოწვევები, ვარშავის სამიტის მოლოდინები _ ეს იმ თემების ნაწილია, რომელიც ორგანიზატორებმა და სპიკერებმა შეკრებილ აუდიტორიას წარუდგინეს. ღონისძიების ბოლოს კითხვა-პასუხის რეჟიმში დისკუსიაც წარიმართა.
თვითმმართველობების წარმომადგენლებთან შეხვედრა თავდაცვის სამინისტროს მიერ, ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან კოორდინაციით ხორციელდება.
სტატია მომზადდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35
ელ-ფოსტა: stratcom@mod.gov.ge
ვებ-გვერდი mod.gov.ge
ავტორი: