თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო იმართება
თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა იგეგმება.
სხდომაზე სიტყვით გამოვიდა მიხეილ სააკაშვილი, მან საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის მიმართ გამოცხადებული ინვალიდიზაციის და მკვლელობის პროცესი მიმდინარეობს. პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა უვადო შიმშილობის დაწყების შესახებ განაცხცადა.
სხდომაზს ესწრებიან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ნიკა მელია და პეტრე ცისკარიშვილი.
სასამართლოში იმყოფება ყოფილი პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია.
ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.
ავტორი: ნიუპრესი