"თეატრალური ფესტივალის მიზანი დასების პოპულარიზაციაა"
ქუთაისის მესხიშვილის თეატრში ფესტივალი "თეატრალური იმერეთი " მეცხრედ ტარდება. ფესტივალი, რომელიც თეატრალური საზოგადოების და იმერეთის გუბერნიის ორგანიზებით იმართება, მუნიციპალური თეატრების პოპულარიზაციას ემსახურება.
ფესტივალი 2002 წელს დაიწყო და წყვეტის შემდეგ კვლავ აღდგა. მეოთხე წელია, საერთაშორისო სახე მიიღო და მასში სხვადასხვა ქვეყნის თეატრალური დასებიც მონაწილეობენ.
იმერეთის თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარის ლევან როხვაძის განცხადებით, ფესტივალის ფარგლებში გამოვლინდებიან გამარჯვებულები.
"2002 წელს დავიწყეთ, ყველა რეგიონის თეატრში გაკეთდა პრემიერა, თეატრები ფესტივალისთვის. პირველ ფესტივალზე ჟიურის თავმჯდომარედ მყავდა ოტია იოსელიანი, მეორეზე რეზო ჭეიშვილი. შემდეგ იყო წყვეტა, ორჯერ შეჩერდა, რის შემდეგაც აღვადგინეთ და წელს მეცხრედ იმართება. მეოთხე წელია, საერთაშორისო გახდა, სხვა ქვეყნების დასები მონაწილეობენ. ასევე წელს ჩავრთეთ ოპერის თეატრი, თოჯინების და ნიღბების თეატრები, დამოუკიდებელი დასი და წერეთლის უნივერსიტეტის დასი. 20-მდე სპექტაკლი იქნება. უდიდესი როლი გუბერნიამ, ქუთაისის მერიამ, მუნიციპალიტეტებმა და თეატრალურმა საზოგადოებამ მიიღო. ყველას შემოწირულობით გროვდება საორგანიზაციო ხარჯი, რომ ნომინაციებში გამარჯვებული დაჯილდოვდნენ. მადლობა, მინდა გადავუხადო თეატრალური საზოგადოების ჯგუფს, რომელიც მაქსიმალურ საქმეს აკეთებს. ფესტივალის მიზანი გახლავთ ის, რომ თეატრების პოპულარიზაცია მოხდეს. ჩვენი ფესტივალის წყალობით სამი, თუ ოთხი თეატრი სახალხო თეატრიდან ნახევრად პროფესიული გახდა. სპექტაკლებზე გამორჩეული მსახიობები გამოვლინდებიან. მადლობა მინდა გადავუხადო მაყურებელს, რომელიც ყველა სპექტაკლს ყავს. ჩვენ გადავწყვიტეთ, დასწრება უფასო ყოფილიყო, რომ ადამიანებს შეეძლოთ მოსვლა და მეტად მიეჩვიონ თეატრს", -განაცხადა ლევან როხვაძემ.
ფესტივალის ბოლოს ჟიურის მიერ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდებიან. წელს ჟიურის შემადგენლობაში არიან: ნერონ აბულაძე, თეატრთმცოდენ დოდოშკა ხურცილავა, ააიპ კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი ვაჟა ჯუღელი, მისი მოადგილე ბაია კოღუაშვილი, გუბერნიის წარმომადგენელი დავით გორდელაძე, მოქანდაკე გიორგი კიკვაძე.
ლევან როხვაძის თქმით, ასევე მუშაობენ ახალგაზრდული და საბავშვო ჟიური, ჩოხოსნების ჟიური, რომლებიც ჟიურისთან ერთად გამარჯვებულებს თავიანთ კატეგორიაში გამოავლენენ.
ფესტივალის დახურვას წელს ტრადიციულად დაესწრებიან თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე და კულტურის მინისტრი.
რაც შეეხება საორგანიზაციო ხარჯებს, მას ქუთაისის მერია და მუნიციპალიტეტები იხდიან. თეატრალური საზოგადეობის წარმომადგენლის მაია პაქსაშვილის ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილე თითოეულმა მუნიციპალიტეტმა ფესტივალი 3 000 ლარით დააფინანსა, 11-მა მუნიციპალიტეტმა ჯამში 33 000 ლარი გამოყო.
ქუთაისის მერიამ დააფინანსა თეატრის საიჯარო ხარჯი და უცხოელი სტუმრების სასტუმროს მომსახურების ხარჯი. თეატრის დირექტორის ინფორმაციით, დარბაზის დასაქირავებლად მერია თეატრთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში დღიურად 1500 ლარს იხდის, რაც ჯამში 25 000 ლარი, ამას ემატება სასტუმროს მომსახურეობა 3 200 ლარი. ჯამში ქუთაისის მერია ფესტივალს 28 700 ლარით აფინანსებს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი