„ერთ ფილმში შვიდი გმირი ქალი განვასახიერე"
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე 17 წელია დგას. ამბობს, რომ მის ცხოვრებაში ფარდა არასოდეს იხურება.
ელზა სულაძე 1975 წელს ქუთაისში დაიბადა. დაასრულა ქუთაისის მე-19 საჯარო სკოლა. ამბობს, რომ თეატრი მისთვის დიდი გამოწვევა იყო, სადაც სრულიად შემთხვევით მოხვდა. აქ გაიცნო მისი მეუღლე, თანაქალაქელებისთვის კარგად ცნობილი მსახიობი და პოეტი გიორგი შალამბერიძე.
ქუთაისელი მსახიობი ახლახანს ისტორიულ-დოკუმენტურ ფილმში გადაიღეს, სადაც შვიდი ქალის, მედეას, წმინდა ნინოს, შუშანიკის, თამარ მეფის, ქეთევან დედოფლის, მაია წყნეთელისა და მარიამ დედოფლის განსახიერება შეძლო.
-როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა თეატრთან ?
- 1999 წელს მესხიშვილის თეატრში იდგმებოდა სპექტაკლი „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“. ნინიკოს როლისთვის ეძებდნენ ახალგაზრდა გოგონას. ჩემს ერთ მეგობარს უთხრეს, რომ როლისთვის ეძებდნენ უცხო გარეგნობის ქალბატონს. მას კი, მე გავახსენდი. ასე, სრულიად შემთხვევით, უცხო ადამიანები მომადგნენ სახლში, ვისაუბრეთ, მეორე დღეს შემომთავაზეს თანამშრომლობა. შოკში ვიყავი, ვერ წარმომედგინა სცენაზე დგომა. მეორე დღეს მივედი მესხიშვილის თეატრში და როლზე დამამტკიცეს. „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“,-აი, ამ სპექტაკლში შედგა ჩემი დებიუტი. ძალიან ბედნიერი ვიყავი, არასდროს დამავიწყდება ის ემოცია. ამ როლის შემდეგ ქუჩაში ყველა ნინიკოს მეძახდა.
- სასიყვარულო ურთიერთობაც თეატრს უკავშირდება. გვიამბე, როგორ გაიცანით ერთმანეთი?
-მე და გიორგი, თითქმის ერთად მოვედით მესხიშვილის თეატრში. კოლეგები ვიყავით, თუმცა პარტნიორები არა. რამდენიმე სპექტაკლში ვთამაშობდით ერთად. თეატრიდან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა და დაგვირგვინდა 2007 წელს. გიორგი არის კარგი მსახიობი, პოეტი, თუმცა პირველ რიგში, არის კარგი ადამიანი. გვყავს ორი შვილი.
- რამდენ სპექტაკლში გაქვს მონაწილეობა მიღებული და შენი საყვარელი როლი რომელია?
- არაერთ სპექტაკლში მიმიღია მონაწილეობა, თუმცა ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი, მაინც პირველი როლია, სადაც დავიბადე, როგორც მსახიობი. ძალიან კარგად მახსენდება ის პირველი განცდა, ქუჩაში რომ გამოვიდოდი და იძახდნენ, აი, ნინიკო მოდის, ნინიკო მოდისო.
-რომ არა თეატრი, ვინ იქნებოდი?
-არასდროს მიფიქრია მსახიობობაზე. ბავშვობაში უფრო სხვა გატაცებები მქონდა. მინდოდა პედაგოგობა, შემდეგ სამხატვრო სკოლაში დავდიოდი. ყველაფერი ვცადე, მაგრამ ვერსად ვიპოვე საკუთარი თავი, ვიდრე სცენაზე არ მოვხვდი.
- როგორ ახერხებ მსახიობობასთან ერთად ორი შვილის აღზრდას ?
- თავდაპირველად, როდესაც პატარები მყავდნენ, კულისებში ვაჭმევდი, ძალიან მეხმარებოდნენ თანამშრომლები და მშობლები, ასე მოვედი დღემდე.
- „დუპლეტი“ არის ერთ-ერთი წარმატებული სპექტაკლი, სადაც მთავარ როლს ასრულებთ, თქვენი პარტნიორები არიან ცნობილი და წარმატებული მსახიობები, დავით როინიშვილი და ზვიად სვანიძე,როგორი იყო ამ როლზე მუშაობა ?
- „დუპლეტი“ ჩემთვის ყველაზე ემოციური როლი იყო. იმ პერიოდში, როდესაც ამ სპექტაკლზე ვმუშაობდით, გავრცელდა საშინელი, ციხის კადრები. ძალიან დაძაბული ფონი შეიქმნა ქვეყანაში. ამ დროს გვიწევდა მუშაობა. პიესა რომ წავიკითხე, რამდენიმე თვე ვცდილობდი როლში შესვლას. ეს სპექტაკლი სპეციფიურია და ძალიან მძიმე.
სპექტაკლში, სამივენი, მე დათო და ზვიადი მთავარ როლში ვართ და საინტერესოა იმითაც, რომ სამივე ორ სხვადასხვა როლს ვთამაშობთ. მე ჯერ ბავშვი ვარ, რომელსაც კლავენ, შემდეგ ამ ბავშვის დედა. ძალიან რთული და საინტერესო სამუშაო იყო, ემოციური ამავდროულად. შეგიძლია გულიდან ამოიგლიჯო ტკივილი, რაც გაქვს და გადმოაფრქვიო. რომ არა ზვიადი და დათო, მე ვერაფერს შევძლებდი. მათი მადლიერი ვარ და რა თქმა უნდა, ჩემი რეჟისორის, კოტე აბაშიძის.
-გარდა თეატრისა, როგორც ვიცი, კინოშიც გამოსცადეთ საკუთარი ძალები ?
-ისევე როგორც თეატრში, ჩემი ეკრანიზაციაც სრულიად შემთხვევით მოხდა. ამერიკიდან ჩამოვიდა ახალგაზრდა, ნიჭიერი ქართველი რეჟისორი მედეა ასათიანი, რომელმაც იმდენად განსხვავებული და საინტერესო პროექტი შემომთავაზა, ამავდროულად საპასუხისმგებლო, რომ არ დავთანხმებოდი, ნამდვილად სირცხვილი იქნებოდა. ამავდროულად შემეშინდა, ძალიან ვინერვიულე. დავთანხმდი, მაგრამ შემდეგ ვფიქრობდი, უარი ხომ არ ვთქვა მეთქი. საოცარი დილემის წინაშე დავდექი, ძალიან რთული იყო. წარმოიდგინეთ, თამარ მეფე, წმინდა ნინო, მედეა, ქეთევან დედოფალი, მარიამ დედოფალი, შუშანიკი, მაია წყნეთელი - ერთ ფილმში შვიდი გმირი ქალი განვასახიერე, რომლეთა წყალობითაც დღემდე ვარსებობთ. ყველაფერი უნდა გაგეთავისებინა, რომ შვიდივე ქალი შეგეგრძნო. რთული იყო, თუმცა ამ ყველაფერში ძალიან დამეხმარა ჩემი რეჟისორი მედეა ასათიანი. ისეთი მნიშვნელოვანი, პატარ-პატარა დეტალები მომცა, რამაც შემაგრძნობინა ამ ქალების სიძლიერე. რამდენად გავართვი თავი, ეს უკვე მაყურებელმა უნდა განსაზღვროს.
- მეტი გვიამბეთ ამ ფილმის შესახებ
-ეს არის ისტორიულ-დოკუმენტური ფილმი. რეჟისორის გათვლა არის ის, რომ ქართველი ქალების როლი დაანახოს საზოგადოებას, თუ რა ძლიერი ქალები ყავდა ჩვენს ქვეყანას. პრეზენტაცია დეკემბერში იგეგმება და მალე ყველაფერი ცნობილი გახდება.
-სად უფრო კომფორტულად გრძნობ თავს თეატრში, თუ კინოში?
- თეატრი ჩემთვის არის ბედნიერება. როდესაც სცენაზე გავდივარ, მავიწყდება სხვა ყველაფერი , ვხდები ის, ვისი როლიც უნდა ვითამაშო. ერთი ნაბიჯის გადადგმა და მორჩა, სხვა სამყაროში ხარ. ფილმში, შეიძლება, რაღაც შეგეშალოს, გადაიღო მეორე, მესამე, მეოთხე დუბლი, მაგრამ სცენა შეცდომებს არ გაპატიებს. სცენაზე ერთი და ნაღდი უნდა იყო. ამ ყველაფერს ოვაცია და ტაში რომ მოყვება, აღმაფრენაა, სიტყვებს რომ ვერ ვუძებნი, ისეთი გრძნობაა.
-როგორ შეაფასებთ ქუთაისელ მაყურებელს?
- სამწუხაროა, თუმცა რეალობა, რომ თეატრში მაყურებლის ნაკლებობაა. ადრე, შაშიაშვილის გუბერნატორობის დროს თეატრიდან სკოლაში დადიოდნენ ჩვენი მსახიობები და კვირაში ერთ გაკვეთილს ატარებდნენ. იმდენად საინტერესო იყო მათი გაკვეთილები, თითქმის ყველა ბავშვი მოდიოდა თეატრში. სურვილი უჩნდებოდათ სპექტაკლებზე დასწრების , რადგან ამ მსახიობებთან ურთიერთობა ქონდათ. ეს ძალიან კარგი იყო, სასურველია, თუ კიდევ მოხერხდება მსგავსი შემეცნებითი ხასიათის გაკვეთილების ჩატარება სკოლებში. რადგან მაყურებელი დაგვშორდა, ჩვენ უნდა მივიდეთ მასთან. ამ კუთხით თუ წავა მუშაობა, ძალიან კარგი იქნება.
- და ბოლოს, სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით ?
- თეატრში, ჯერჯერობით არაფერი იგეგმება. მაქვს რაღაც შემოთავაზებები. ვგეგმავ კიდევ ერთ ფილმში მონაწილეობას, თუმცა დეტალებს ახლა გავდივართ.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი