„თეატრი მოდაშია“- ქუთაისის თეატრალური კვირეული იხსნება
17-დან 23 აპრილის ჩათვლით ქუთაისი დიდ თეატრალურ კვირეულს უმასპინძლებს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს წამყვანი თეატრები, რომელთა რეპერტუარში პოპულარული და თეატრმცოდნეების მიერ აღიარებული სპექტაკლებია.
თეატრალურ კვირეულს მისი მასპინძელი - ლ. მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი გახსნის სპექტაკლით "იქ, სადაც ჩემი სახლია", სპექტაკლის რეჟისორია კახა გოგიძე.
მესხიშვილის თეატრი უკვე რამდენიმე წელია, რაც სლოგანით „თეატრი მოდაშია“ აქტიურად ეწევა თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციას.
კვირეულის გახსნაზე, თეატრის ფოიეში წარმოდგენილი იქნება მესხიშვილის მუზეუმში დაცული თეატრალური ესკიზების, სასცენო კოსტიუმებისა და თეატრალური აფიშების გამოფენა, რომელშიც ასახული იქნება თავად თეატრის ისტორია. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ელენე ახვლედიანის, ფარნა ლაპიაშვილის, დიმიტრი თაყაიშვილის და სხვების მიერ სხვადასხვა დროს მესხიშვილის თეატრის სპექტაკლებისთვის შესრულებული ესკიზები.
თეატრალური კვირეულის ორგანიზატორი ქალაქ ქუთაისის მერიაა, რომელმაც გასულ წლებში უკვე გაუკეთა ორგანიზება მსგავს კვირეულებს, კერძოდ, 2013 წელს ქუთაისმა უმასპინძლა ქართული თეატრის დღისადმი მიძღვნილ კვირეულს, ხოლო 2014 წელს „შექსპირიადას“ - შექსპირის დაბადებიდან 450 წლისთავისადმი მიძღვნილ კვირეულს.
კვირეულის პროგრამა დღეების მიხედვით კი შემდეგნაირად ნაწილდება:
18 აპრილი - კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი - „უსახელო ვარსკვლავი“
19 აპრილი - მოძრაობის თეატრი - „პარფიუმერი“
21 აპრილი - ფოთის ვ. გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი -
„მკვდარი ქალაქები“
23 აპრილი - მ. თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი - „მეფე ლირი“
ავტორი: ნიუპრესი