|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მესხიშვილის თეატრს მუშაობა არ შეუწყვეტია და სულ მალე ახალ სპექტაკლებს წარუდგენს მაყურებელს - კოტე აბაშიძე

თეატრს მუშაობა არ შეუწყვეტია და სულ მალე ახალ სპექტაკლებს წარუდგენს მაყურებელს -  წერს  მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი კოტე აბაშიძე სოციალურ ქსელში და გულშემატკივრებს თეატრის საერთაშორისო დღეს ულოცავს. 
მისივე თქმით, პანდემიური ერთი წელი მესხიშვილის თეატრმა ღირსეულად დაძლია.
"პანდემიამდე კვირაში ექვს დღეს კარი ღია იყო ჩვენი მაყურებლისთვის. სამწუხაროდ, ბოლო ერთი წელია, აღარ გვაქვს სცენაზე დგომის ბედნიერება. მაგრამ თეატრს მუშაობა არ შეუწყვეტია და სულ მალე ახალ სპექტაკლებს წარუდგენს მაყურებელს. ეს ერთი წელი ჩვენთვის დიდი გამოწვევა იყო, რომელიც, როგორც ვფიქრობთ, ღირსეულად დავძლიეთ.
სამი აპრილიდან, მესხიშვილის თეატრი, პრაქტიკულად, ახალ სიცოცხლეს იწყებს. გეპატიჟებით ყველას, ვისაც გიყვარვართ და მოგენატრეთ. ჩვენს მაყურებელს უღრმეს მადლობას ვუხდით მუდმივი გვერდით დგომისთვის, გამხნევებისთვის, კეთილი სურვილებისთვის.
პროფესიულ დღეს გილოცავთ, ჩვენო კოლეგებო!
მივესალმებით ჩვენს დამეგობრებულ თეატრებს. შემოქმედებით წინსვლას და წარმატებებს გისურვებთ!
ჩვენთვის დიდი პატივია ევროპული თეატრალური ოჯახის წევრობა.
ვულოცავთ ევროპის თეატრალური კონვენციის წევრ ყველა თეატრს. ვიმედოვნებთ, ჩვენი მეგობრობა და შემოქმედებითი ურთიერთობები, ძალიან მალე, ჩვეულ რეჟიმში განახლდება.
გისურვებთ, არასოდეს დაშვებულიყოს თეატრის ფარდა! წინ მრავალი გამარჯვება გველის ერთად!
შექსპირის ციტატას დავესესხები : "რაოდენ გრძელიც არ უნდა იყოს შავბნელი ღამე, ბოლოს მზე მაინც გამოანათებს, წყვდიადს გააპობს'', წერს  კოტე აბაშიძე  მესხიშვილის თეატრის ფეისბუკ გვერდზე.
 შეგახსენებთ, 3 აპრილს, მესხიშვილის თეატრის სცენაზე პრემიერაა. წარმოდგენილი იქნება ლუის კეროლის ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლი "ელისი საოცრებათა ქვეყანაში".
 

ავტორი: ნიუპრესი