|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თემურ ცამციშვილი - ვინც მარიხუანას მოიხმარს, მოყვანის უფლებაც უნდა ჰქონდეს

საქართველოში მარიხუანას წარმოებასა და რეალიზაციის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილებას საზოგადოებაში ვნებათაღელვა მოყვა.  საკითხი მთავრობამ ყოველგვარი წინასწარი განხილვისა და დისკუსიის გარეშე გამოიტანა. საკანომდებლო ინიციატივა პარლამენტში უახლოეს დღეებში შევა. პრემიერისა და შსს მინისტის განცხადებით, მარიხუანის რეალიზაცია და ექსპორტი იქნება ლიცენზირებული და მკაცრად კონტროლირებადი.

საკითხის გადაწყვეტის სისწრაფითან გამომდინარე, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ მარიხუანას რეალიზაციით ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი ბიძინა ივანიშვილია დაინტერესებული. 

მარიხუანას ლეგალიზაციაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პოლიტიკურმა ცენტრმა "გირჩი". საკითხთან დაკავშირებით პოზიციის დასაფიქსირებლად "ნიუპრესი" გირჩის იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელს თემურ ცამციშვილს დაუკავშირდა. 

-კანონპროექტი ჯერ არ არის პარლამენტში დარეგისტირებული, დღესაც შევამოწმეთ.  ამდენად, დეტალებთან დაკავშირებით საუბარი არ შეგვიძლია. ერთადერთი, რაც შეგვიძლია ვთქვათ, ფაქტია, რომ მთავრობა დადგა ახალი რეალობის წინაშე - პროდუქტი ლეგალიზებულია, შესაბამისად, უნდა მისი მოპოვება შესაძლებელი უნდა იყოს. თუმცა, მთავრობის განცხადებები  ბუნდოვანია. თავს იკავებენ და ბოლომდე ვერ ამბობენ, რისი გაკეთება უნდათ.  გაუგებარია, რას ნიშნავს, რომ მარტო ქვეყნის გარეთ რეალიზაცია. ჩვენი მთავარი კითხვა არის - მონოპოლია ექნება ვინმეს, სახელმწიფოს ან კონკრეტულ ადამიანებს, თუ ზოგადად, პროდუქტის მოყვანა აღარ იქნება სისხლის სამართლის დანაშაული? მოგეხსენებათ, რომ არსებული კანონმდებლობით ეს ისჯება. ჩვენი პოზიციაა, რომ არ ქონდეს ვინმეს უპირატესი მდგომარეობა.  საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მოიხმარს მარიხუანას, რატომ არ უნდა ჰქონდეს, მოყვანის უფლება?

- ზოგადად, გადაწყვეტილებას, რომ მოხდება კულტივაცია და რეალიზაცია, ამას თქვენ ეთანხმებით და მიიჩნევთ, რომ ეს ქვეყნისათვის არანაირ საფრთხეს არ შეიცავს?

-დიახ, ვეთანხმებით. მარიხუანას კულტივაციას ეწევა ძალიან ბევრი წარმატებული ქვეყანა, მაგალითად, დიდი ბრიტანეთი და უამრავ მოგებას ნახულობს.

-თქვენი აზრით, საქართველოს ამ რეალობაში ეს პრობლემას არ შეუქმნის?

-არ ვიცი, საქართველოს რეალობა რა არის, ჩემთვის გაურკვეველი სიტყვებია, არსებობს ეკონომიკა, არსებობს კონკრეტული გადაწყვეტილებები, არსებობს სიღარიბე, სიმდიდრე, არსებობს სწორ პოზიციაზე დადგომა და არსებობს მითებში ცხოვრება..

-მხედველობაში მაქვს მასობრივი უმუშევრობა, რაც არის წინაპირობა იმისა,  რომ ახალგაზრდა მეტად დაკავდეს მარიხუანის მოწევით, თუკი აქვე, სადმე ახლოს იარსებებს მარიხუანას პლანტაციები, ეს არ გაზრდის მოხმარებას?

-ეს არის მითი. როდესაც აკრძალული იყო, მაშინაც არსებობდა მოხმარება. არ მუშაობდა შემაკავებელი სასჯელი. შეიცვლება მხოლოდ ის,  რომ ეს ადამინი აღარ დაიმალება და ფსიქოლოგიური წნეხი აღარ ექნება. მაგალითად, როგორც ალკოჰოლის დალევის არ ეშინია ვინმეს, ისე მოიხმარს კანაფსაც, ეს იქნება განსხვავება. რაც შეეხება სიღარიბეს, ეს გამოწვეულია იმით, რომ ეკონომიკა არ იზრდება. კანაფის რეალიზაციის შემდეგ, თუ მის რეგულირებას სახელმწიფო ნორმალურად მოახდენს, ისე როგორც ცივილურ ქვეყნებშია, ეს ეკონომიკისათვის ძალიან კარგი იქნება.

-არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რის შესახებაც პოლიტიკოსები და ექსპერტები საუბრობენ, რომ ვინც შეძლებს ამის წარმოებას და ლიცენზიის მიღებას, ეს იქნება ბიძინა ივანიშვილი. გამოვიდა, რომ "გირჩის" აქტივობამ ივანიშვილის საქმე გააკეთა. ამის შესახებ რა იტყვით?

-ასე შეიძლება ბევრი თეორია განვავითაროთ, მაგრამ თუ შევხედავთ რეალურად ფაქტებს,  ვნახავთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში "გირჩმა" გაასაჩივრა, მაგრამ არ უთქვამს,  ჩვენ იმიტომ ვიწყებთ კანაფის ლეგალიზაციას, რომ მისი წარმოება უნდა მოხდეს. თუმცა გამორიცხულია, რომ ამით მარტო ერთმა ადამიანმა ისარგებლოს. თუ სახელმწიფო წავა იმ მიმართულებით, რომ ეს ბიზნესი ერთი ადამიანის ხელში აღმოჩნდება და მოხდება მონოპოლიზება, ჩვენ ყველაფერს ვიზამთ ამის წინააღმდეგ. ზურამ (ჯაფარიძე) დააანონსა კიდეც, ასეთ შემთხვევაში ჩვენ როგორც 31 დეკემბერს საჯაროდ დავრგეთ კანაფი, გავიმეორებთ იგივეს და ვნახოთ, რას გვიზამენ. 

ავტორი: ირინა მაკარიძე