|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"პროექტი საზოგადოების ჩართულობის გარეშე მომზადდა"

 ქალაქის მნიშვნელოვანი ობიექტების რეაბილიტაციის პროექტებზე საზოგადოების  ჩართულობის აუცილებლობის შესახებ ისაუბრა ქუთაისის  საკრებულოს სხდომაზე "ევროპული საქართველოს" წევრმა მერაბ მეშველიანმა.

"როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხილვა ხდება, საზოგადოებამ უფრო მეტი უნდა იცოდეს. თეთრ ხიდის რეაბილიტაციის პროექტის განხილვა არ მომხდარა საზოგადოების ჩართულობით, რაც ძალიან ცუდია. ამას აღარაფერი ეშველება, რადგან პროექტზე უკვე ტენდერია გამოცხცადებული, მაგრამ ჩემი თხოვნაა,  ასსაფეხურიანი კიბის პროექტის მაინც ნუ წარმოადგენთ საზოგადოების და სპეციალისტების განხილვის გარეშე", - განაცხადა მეშველიანმა.

სხდომას  ესწრებოდა მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე, რომელმაც მოქალაქეთა დაბალი ჩართულობა მერიის მრჩეველთა საბჭოს არარსებობით ახსნა. "დაგვიგვიანდა მრჩეველთა საბჭოს შექმნა, რომელიც იქნებოდა მექანიზმი საზოგადოების ჩართულობის", - განაცხადა მან. რაც შეეხება თავად პროექტს, მისი თქმით, ამ პროექტით ქუთაისი იამაყებს. 

"ყველა ინფორმირებულია, რომ ეს პროექტი მივიღეთ საჩუქრად. ეს იქნება პროექტი, რომლითაც ქუთაისი იამაყებს", -განაცხადა თვალთვაძემ.

შეგახსენებთ, პროექტი, რომლის შესრულებაზე უკვე ტენდერია გამოცხადებული, კონკურსის გზით არ შერჩეულა. როგორც მერიაში აცხადებენ,  ის არქიტექტურმა გია ხუჯაძემ ქალაქს აჩუქა, თუმცა პროექტი ქალაქის მერის მიერ გაჟღერებული თავდაპირველი ვარიანტის ადაპტირებული ვერსიაა.

გიორგი ჭიღვარიამ  მერად არჩევის პირველსავე დღეებში განაცხადა, რომ თეთრი ხიდის სავალი ნაწილის მინით მოპირკეთება მოხდებოდა,  რაც არაპრაქტიკულობის გამო,  დაიწუნეს. მინის ნაწილი შენარჩუნდა ხუჯახის პროექტში, ოღონდ ხიდზე ჩადგმული ქვების სახით.

ავტორი: ირინა მაკარიძე