"თეთრი ხიდის" სამუშაოების დაგვიანებისათვის კომპანიას 20 ათასი ლარით დაჯარიმება ემუქრება [PHOTO]
"თეთრი ხიდის" სარეაბილიტაციო სამუშაოები 1 ივნისიდან დაიწყო და 22 აგვისტოს უნდა დამთავრებულიყო. ადგილობრივი მოსახლეობა, რომელსაც ხიდის დაკეტვის გამო შემოვლითი გზებით უწევს გადაადგილება, იმედით ელოდა დაპირებულ თარიღს.
15 აგვისტოს, როდესაც უკვე ცხადი იყო, რომ სამუშაოები დათქმული დროისათვის ვერ დასრულდებოდა, მერიაში განაცხადეს, რომ კომპანია 8900 ლარით დაჯარიმდებოდა, ამასთან, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჯარიმების დარიცხვა მოხდებოდა. როგორც ჩანს, ყაზახური კომპანია "ალმა-რუს საქართველოს" ფილიალი ჯარიმებს დიდად არ შეუშინებია, რადგან ორი თვის შემდეგაც ხიდი კვლავ დაუსრულებელია.
ხიდის გახსნის კონკრეტულ თარიღს ქუთაისის მერიაში ამ დრომდე ვერ ასახელებენ.
მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ბექა ყურაშვილის განცხადებით, ხიდზე სამუშაოები დაახლოებით ორ კვირაში უნდა დასრულდეს. ჩვენ მას "თეთრ ხიდზე" ვესაუბრეთ.
"როგორც ხედავთ, მუშა პროცესი მიმდინარეობს, მაქსიმალურად ცდილობენ, რომ სწრაფად დავამთავროთ. ზუსტად ვერ ვიტყვი, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ორი კვირის განმავლობაში უნდა შევძლოთ ამ ხიდის გახსნა", - განაცხადა ბექა ყურაშვილმა.
კომპანიას 6 სექტემბრიდან ყოველ გადაგადაცილებულ დღეზე 235 ლარი ჯარიმის სახით ემატება. რა თანხა გამოვა საბოლოო ჯამში კომპანიისათვის დაკისრებული ჯარიმა, ამის თქმა, ჯერჯერობით რთულია, თუმცა, თუ ვივარაუდებთ, რომ ხიდი ოქტომბრის ბოლოს გაიხსნება, ვადაგადაცილებული დღეები დაახლოებით 50 იქნება, ასეთ შემთხვევაში, კომპანიის ჯარიმა 11 750 ლარი გამოდის, რას პირგასამტეხლოსთან (8900 ლარი) ერთად 20 650 ლარია.
კითხვაზე, თუ რამდენად ადეკვატურია 20 ათასი ლარის ჯარიმა კომპანიისათვის, რომელმაც მერიისაგან 435 999 ლარის ღირებულების პროექტი მიიღო და სამუშაოები 2 თვის ნაცვლად 4 თვეში შეასრულა, ბექა ყურაშვილი მიიჩნევს, რომ ჯარიმა სოლიდურია.
ყურაშვილს კითხვები არ აქვს კომპანიის კომპეტენციასთან დაკავშირებით. "ალმა-რუს საქართველოს ფილიალი" რომლის სათაო ოფისი ყაზახეთშია, ფოთში ერთი წლის წინ დარეგისტრირდა. მას საქართველოში რაიმე სახის სამუშაო ამ დრომდე შესრულებული არ აქვს. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ხიდზე სამუშაოების გაჭიანურებას გაუთვალისწინებელი სამუშაოებით ხსნის, რაც ძირითადად, კონსტუქციაზე საღებავის ფენების გადაშორებას უკავშირდება.
"თეთრ ხიდზე" ამ დროისათვის ლითონის ფირფიტების დიდი ნაწილი დამაგრებულია. დაახლოებით 100კვ. მეტრზე კი დეკორატიული მინა განთავსდება.
.ყურაშვილი განმარტავს, რომ ხიდის მდგრადობას კიდევ რამდენიმე წელი საფრთხე არ ემუქრება, წლების შემდეგ კი თავად ხიდის კონსტრუქციაც შესაცვლელი იქნება.
"ეს ხიდი საკმაოდ ძველია და რამდენიმე წელიწადი იმუშავებს, შემდეგ თვითონ ამ ხიდის კონსტუქციაც შესაცვლელი იქნება... დასკვნა დევს პროექტში, რომ ხიდი მდგრადია და დამძიმების შემთხვევაში, ხიდს პრობლემა არ ექნება, რაც შეეეხება ზედაპირს, წვიმის პერიოდში ხიდი არ ისრიალებს და ყინვაში ხიდიც სრიალებს და ასფალტიც", -აღნიშნა მან.
მისი თქმით, ლოთონის ზედაპირი ხესთან შედარებით გაცილებით დიდხანს გაძლებს. კონკრეტული ვადის დასახელება უჭირს, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ ფორმით ხიდი დაახლოებით 10 წელი შენარჩუნდება.
"სულ მთლიანად ავიღეთ ძველი საღებავი, შემდეგ გადაესვა სპეციალური დამცავი და საღებავი, ამასაც ექსპლუატაციის დიდი დრო ექნება. რაც შეეხება ზედაპირს, ლითონის ფირფიტები სპეციალური დამცავი ლაქით დაიფარება", - განაცხადა ყურაშვილმა.
ხიდზე დამონტაჟდა დამატებით ფანრები, რომელიც ხიდს ისტორიულ სახეს უბრუნებს. რაც შეეხება ხიდზე განთავსებილ ლითონის ფირფიტებს, მათ ნაწილზე გამოსახულია ორნამენტები, ამოტვიფრულია ციტატები, რომლებიც ქუთაისს უკავშირდება.
10 ოქტომბრის 12.00 საათის მდგომარეობით ხიდი ასე გამოიყურება.
შეგახსენებთ, "თეთრი ხიდი" ქუთაისის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია. ხიდი მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანებშია აგებული. ლითონის კონსტრუქცია, რომელიც საფრანგეთიდან ჩამოიტანეს, თეთრად იყო შეღებილი, რასაც უკავშირდება ხიდის სახელწოდება. "თეთრი ხიდი" ტურისტებისათვის მიმზიდველი ადგილია. მასზეა განთავსებული ცნობილი "პიკასოს ბიჭის" ქანდაკება. ბოლო დრომდე ხიდი ხის ზედაპირით იყო დაფარული. მასზე ავტომანქანების გადაადგილება აკრძალულია.
"თეთრი ხიდი" სექტემბრის შუა რიცხვებში გაიხსნება"
"ყველას ბოდიშს მოვუხდი, მაგრამ უკან არ დავიხევთ"- გიორგი ჭიღვარია
ქუთაისში "თეთრი ხიდი" პროტესტის ნიშნად სიმბოლურად გაიხსნა [VIDEO]
"თეთრი ხიდის" სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგვიანების გამო კომპანია 9 ათასი ლარით დაჯარიმდება
"თეთრი ხიდის" რეაბილიტაციას "ალმა-რუს საქართველოს ფილიალი" მოახდენს
ქუთაისში „თეთრი ხიდის“ რეაბილიტაცია, შესაძლოა, ყაზახურმა კომპანიამ მოახდინოს
ქუთაისში „თეთრი ხიდის“ რეაბილიტაციისთვის განმეორებით გამოცხადებული ტენდერი დასრულდა
ავტორი: ირინა მაკარიძე