თიბისის ბიზნეს დაჯილდოების გამარჯვებულები ცნობილია
თიბისიმ ბიზნესის მხარდაჭერის პროექტში ბიზნეს დაჯილდოება 2023-ი გამარჯვებული კომპანიები გამოავლინა. ჟიურიმ გამარჯვებულები 5 ნომინაციაში დაჯილდოებაში მონაწილე 400-ზე მეტი კომპანიიდან შეარჩია.
გაიცანით ბიზნესდაჯილდოება 2023-ის გამარჯვებულები.
ნომინაციაში „საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის“ გაიმარჯვა „სტოქტონმა“, რომელიც არის ლეიბლი და მუსიკალური მენეჯმენტის კომპანია. მათი მომსახურება გულისხმობს როგორც უფრო კომფორტულ სამუშაო გარემოს მუსიკოსებისთვის, ასევე, უფრო მდიდარ მუსიკალურ პროდუქტს და საკონცერტო გამოცდილებას მსმენელისთვის. კომპანიის შემოქმედებითი ჯგუფი არტისტებთან ერთად ჩართულია მუშაობის ყველა ეტაპზე, საიმისოდ რომ შექმნან ახალი და განსხვავებული აუდიო-ვიზუალური გამოცდილება.
„გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნისთვის“ დაჯილდოვდა ბუღალტრული და ფინანსური სერვისების კომპანია „ენთები“, რომელიც ყოველდღიურად 500-ზე მეტ კლიენტ კომპანიას ემსახურება. ენთები დაარსდა 2015 წელს და მომხმარებელს შესთავაზა ბაზრისთვის უცხო, განსხვავებული და გამარტივებული სერვისი. როდესაც ენთები ბაზარზე გამოჩნდა, საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობდა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელმისაწვდომი სერვისი. ენთებმა სწორედ ამ სეგმენტზე მორგებული სერვისი შექმნა, მარტივი მიდგომის გამოყენებით: ტექნოლოგიების დახმარებით, ბუღალტერიისა და თანმდევი ტრანზაქციების ავტომატიზაციის გზით, მანუალური ინტერვენციის მინიმუმამდე დაყვანა, რაც ერთი მხრივ ამცირებდა ხარჯებს და საშუალებას იძლევა, რომ მცირე და საშუალო სეგმენტს მისაღებ ფასად შესთავაზო მომსახურება და მეორე მხრივ ახდენდა ბუღალტრული მომსახურების უდიდესი ნაწილის გაციფრულებას. ფიზიკური საბუთები პრაქტიკულად სრულად ჩანაცვლდა ელექტრონული ინფორმაციის მიმოცვლით.
ორგანიზატორების და ჟიურის გადაწყვეტილებით, ნომინაცია „გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის“ კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის დამფუძნებლის და აღმასრულებელი დირექტორის ნანა ჯანაშიას სახელობის იქნება, რომელიც შარშან ტრაგიკულად დაიღუპა. ნანა ჯანაშია წლების განმავლობაში იყო ბიზნესდაჯილდოების ჟიურის წევრი და ის სწორედ ამ ნომინაციის კონკურსანტებს აფასებდა.
წელს ნომინაციაში „გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის“ კომპანია „ბაბალემ“ გაიმარჯვა, თავისი გამორჩეული საქმიანობისთვის, რაც საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების დასაქმებას გულისხმობს. კომპანია „ბაბალე“ დაფუძნდა დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდების დასაქმების და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით. წლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ დასაქმებამდე ახალგაზრდებს ესაჭიროებათ ხანგრძლივი და რუტინული მხარდაჭერა უნარების განვითარებაში, რათა მომავალში შეძლონ სრულფასოვანი დასაქმება. ამ ეტაპზე „ბაბალეში“ სრულფასოვნად დასაქმებულია 4 დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდა, ხოლო 16 მოზარდი გადის წინა პროფესიულ მომზადებას.
სპეციალური ჯილდოს მფლობელი მწვანე ინიციატივებისათვის „ტენე“ გახდა, რომლის მიზანსაც გარემოზე ზრუნვა წარმოადგენს.
კომპანია ტენემ უარი თქვა პირველადი პლასტმასის მასიურ გამოყენებაზე და მის ნაცვლად წარმოების პროცესში დანერგა მეორადი ბოთლის თავსახურების გამოყენება. მოსახლეობაში ნარჩენების შეგროვება-დანაწევრების კულტურის გასავითარებლად წამოიწყო აქციები, რომლის ფარგლებშიც ყველა, ვინც 50 ბოთლის თავსახურს შეაგროვებდა, სანაცვლოდ მიიღებდა 1 USB სადენს.
ელექტრონული ნარჩენის მზარდი პრობლემის მიმართ ცნობიერების ასამაღლებლად და მის შესამცირებლად ტენემ მეორე აქციაც წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც ადამიანები აბარებენ დაზიანებულ USB სადენს და სანაცვლოდ ახალს იღებენ. დაზიანებულს კი ტენე მეორე სიცოცხლეს ჩუქნით, შეაკეთებს და მიმოქცევაში აბრუნებს, როგორც მეორადი მოხმარების ნივთს.
გარემოში სასათბურე აირების გამოფრქვევის შესამცირებლად ტენეს წარმოება სრულად განახლებად ენერგიაზე - მზის პანაელებზე გადავიდა.
პლასტმასით დაბინძურების შესამცირებლად ბოთლის თავსახურებთან ერთად ტენემ დაიწყო ბოთლის ტარის ჩაბარებაც, რომელსაც მართალია წარმოებაში თავად არ იყენებს, ამიტომ გადაეცემა სხვა გადამამუშავებელ კომპანიებს, ასევე ბოთლების ჩაბარების გასამარტივებლად შეიქმნა „ბოთლიყლაპია“ აპარატი და მისი აღრიცხვის ელექტრონული სისტემის ქართული ვარიანტი.
სპეციალური ჯილდო გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის გადაეცა „ხმას“, რომელიც ქალის ტანსაცმლისა და აქსესუარების ბრენდია. სახელი კატო მიქელაძის საპატივცემულოდ შეირჩა, რომელიც 1917-18 წლებში ქალების გაძლიერებაზე მიმართულ პირველ ქართულ გაზეთს გამოსცემდა სახელწოდებით „ხმა ქართველის ქალისა“. ბრენდი შექმნის პირველივე დღიდან მომხმარებლებისთვის სხვადასხვა ტიპის გზავნილებს ავრცელებს, ძირითადი ხაზი კი Love yourself და why not-ია, რაც საზოგადოებაში ქალების მიმართ არსებული სტერეოტიპების მსხვრევას ემსახურება.
ნომინაციაში „საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის“ გაიმარჯვა KLIPY-მ. KLIPY არის ხმოვანი გიფების, სტიკერებისა და სხვა პროდუქტების მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლატფორმა, რომელიც უდიდეს Messenger-ებს, Social Network-ებსა და Media პლატფორმებს ეხმარება მონეტიზაციაში. ეს კი ხდება ზემოხსენებულ ფუნქციებში პროგრამატიკული რეკლამების გაშვებით სხვადასხვა ad network-ებიდან.
KLIPY უკვე ინტეგრირებულია ისეთ სოციალურ ქსელებთან და მესენჯერებთან, რომლებსაც ასობით მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს და სულ მალე ფუნქციონალს ვიხილავთ Viber-სა და სხვა დიდ სამესიჯო აპლიკაციებში.
დღეს აქტიური მომხმარებლების რაოდენობა 300,000 აჭარბებს, რაც ძალიან მალე 3 მილიონს მიუახლოვდება, ხოლო pipeline-ში არსებული ინტეგრაციების გაშვებით 20 მილიონამდე გაიზრდება მომავალი წლის ბოლომდე.
გასულ თვეში KLIPY-მ მოიზიდა $1.2mln ზომის seed round (ჯამში $2m commitment-ებიდან), რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ისეთმა ინვესტორებმა, როგორიცაა Sturgeon Capital (lead), Zaza Pachulia, Isaac Applbaum, Tim Wagner და სხვა მრავალი, ხოლო გასულ წელს პირველი pre-seed $100k ინვესტიცია Presto Ventures-მა ჩადო.
„გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში“ დაჯილდოვდა „ჰერბია“, რომელიც Global Gap, HACCP და GEO Gap-ის სერტიფიკატების მქონე კომპანიაა, რომელსაც ქიმიური საშუალებების გამოყენების გარეშე მოჰყავს მწვანილი და ბოსტნეული. კომპანია ახდენს წარმოებული პროდუქციის დაფასოებას და დისტრიბუციას საქართველოს ყველა სავაჭრო ქსელში. ჰერბიამ საქმიანობა დაიწყო 2006 წელს და მას შემდეგ ძალიან მალე გახდა უმაღლესი ხარისხის სათბურში მოყვანილი მწვანილის და ბოსტნეულის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი და პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც დაიწყო პროდუქციის დაფასოება. ჰერბიას სათბურები წყალტუბოში 10 ჰექტარზეა გაშენებული, კომპანიას მოწყობილი აქვს საწყობი-მაცივარი და დასაფასოებელი საწარმო, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და საწარმოო ხაზებით. ყველა პროდუქტი, რომელიც ჰერბიას სავაჭრო ნიშნით იწარმოება, შეესაბამება სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტებს და გარემოსდაცვით მოთხოვნებს. ჰერბია უკვე 17 წელია ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე, ამ პერიოდის მანძილზე კომპანიამ გაიჩინა ძალიან ბევრი პარტნიორი, მათ შორის არიან ადგილობრივი ფერმერები, რომლებიც რეგიონში 5000-ზე მეტია.
და ბოლოს, ბიზნესის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჟიურის წლევანდელი რჩეული კომპანია „წყალი მარგებლის“ დამფუძნებელი მიხეილ სვიმონიშვილი გახდა, რომლის ბიზნეს ისტორია 1997 წელს იწყება, როდესაც გურიის პატარა სოფელში ჩამოსხმული მინერალური წყალი, ნაბეღლავი მსოფლიო ბაზარზე გამოჩნდა. ამას მოყვა მარნეულის სასურსათო ქარხანა, შვეიცარული აგრარული სკოლა; ათასობით დასაქმებული, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხნები და ბევრი სხვა ინიციატივა, რომელმაც უდიდესი გავლენა იქონია ქვეყნის ეკონომიკისა და ზოგადი ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაზე.
ავტორი: ნიუპრესი