|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისი იყო, არის და იქნება ფეხბურთელთა სამჭედლო"

ქუთაისი იყო, არის და იქნება ფეხბურთელთა სამჭედლო - ამგვარად აფასებენ სოციალურ ქსელში 19 ოქტომბრის არაორდინალურ შეხვედრას, როდესაც ქუთაისის "ტორპედომ"  უმაღლეს ლიგაში სათამაშოდ თითქმის არასრულწლოვნებით დაკომპლექტებული გუნდი გამოიყვანა.

პირველად მოხდა, როდესაც უმაღლესი ლიგის განაცხადში 13 წლის მეკარე (სოსო კოპალიანი) შევიდა, ასევე უპრეცედენტო ფაქტი იყო, რომ გუნდის  კაპიტნობა 16 წლის მეკარემ დავით ასათიანმა ჩაიბარა. 

"საბურთალოსთან" გამართულ შეხვედრაზე ტორპედოს ახალგაზრდული გუნდი ანგარიშით 2:0 დამარცხდა. არაორდინალურ შეხვედრას, რომელიც გუნდის ფინანსურ კრიზისს უკავშირდება, გულშემატკივრები ეხმიანებიან.  

"საბურთალოსთან შეხვედრამ ბევრ რამეს გაუსვა ხაზი: 1. ვიცოდით, მაგრამ მაინც არ გვინდოდა ტორპედო ასეთ დღეში გვენახა.

2. კარგად მოიქცა კლუბი, რომ თამაში არ ჩაშალა და ეს გზა მონახა.

3. საბურთალო ქუთაისის ტორპედოს გულშემატკივართა კეთილ განწყობას იმსახურებდა და იმსახურებს.

4. საოცარი იყო 15, 16, 17 წლის ბიჭების უკომპლექსო, შესაშური მონდომებით და უშიშრად თამაში.

5. 13 წლის მეკარე თადარიგში (ეს თუ შეიძლებოდა, არც ვიცოდი).

6. ცრემლის მომგვრელი იყო გულშემატკივრების და ფეხბურთელების ურთიერთ დამოკიდებულება.

7. ქუთაისი იყო, არის და იქნება ფეხბურთელთა სამჭედლო.

8. მტერმა და მოყვარემ ნახა ის, რასაც მსოფლიო საფეხბურთო წრეებში ვერავინ წარმოიდგენდა.

9. აღნიშნულმა ფაქტმა შეიძლება დიდად დააფიქროს და დააჩქაროს ის,  ვისაც ყველაზე მეტად ხელეწიფება და ეკუთნის ტორპედოს გადარჩენა.

10. ამ ფაქტმა შეიძლება თავის მხრივ გაამდიდროს ტორპედოს ისედაც მდიდარი ისტორია, რა თქმა უნდა თუ ის გადარჩება და აღორძინდება, რის იმედსაც მიუხედავად ყველაფრისა მე მაინც ვიტოვებ" - წერს ტორპედოს გვერდზე ყოფილი პარლამენტარი ნუგზარ ნავაძე. 

"დაიშალა ტორპედო და ეგაა.. გუშინ დინამო ბათუმი, ლანჩხუთის გურია, ზესტაფონო დაიშალა, ასე შენდება ქართული ფეხბურთი.."- წერს გუნდის სხვა გულშემატკივარი.

19 ოქტომბერის თამაშში ტორპედოს განაცხადში შევიდნენ: სოსო კოპალიანი (13 წლის);ლუკა ელბაქიძე (15 წლის); ირაკლი მელქაძე (15 წლის); ლუკა მჟავანაძე (15 წლის); დავით ასათიანი (16 წლის); მურთაზ სანებლიძე (16 წლის); ოთარ აფრიდონიძე (16 წლის); გურამ დეისაძე (16 წლის); სერგი ბაბუნაშვილი (16 წლის); აკაკი მელაძე (16 წლის); ბექა ღირდალაძე (17 წლის); გიორგი აბზიანიძე (18 წლის); ვახტანგ ბოჭორიშვილი (18 წლის); თამაზ შარვაშიძე (18 წლის); იაკობ მაღლაფერიძე (19 წლის); მათე აბულაძე (19 წლის); ლუკა ფიფია (21 წლის); ნიკა ქორიძე (22 წლის). 

 გულშემატკივრები საქებარ სიტყვებს არ იშურებენ ასევე გუნდის კაპიტანის კახა ჩხეტიანის მიმართ, რომელმაც პრობლემების მიუხედავად "ტორპედოს" ბოლომდე უერთგულა.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე