"ტორპედოს" ქუთაისის მერიისათვის გადაცემის პროცესი ჭიანურდება
ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მერიისა და კლუბ "ტორპედოს" პრეზიდენტის ზაალ ჩაჩავას შორის მიმდინარე მოპალარაკებები 4 სექტემბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ამ დროისათვის ინფორმაციას არც კლუბის მფლობელი ზაალ ჩაჩავა და არც ქუთაისის მერია ავრცელებს.
მერიის მხრიდან მოლაპარაკებებში ქალაქის მერი გიორგი ჭიღვარია, ვიცე-მერი იუზა უგულავა, ასევე მერიის იურისტი მონაწილეობდნენ. ერთ-ერთ შეხვედრას ესწრებოდა ასევე თემურ ჩეჩელაშვილი, რომელიც "ტორპედოს" დაბრუნების შემთხვევაში კლუბის ხელმძღვანელად მოიაზრება.
გაჭიანურების მიზეზი გუნდში არსებული ფინანსური პრობლემებია. მხარეები ვალის აღიარების საკითხთან დაკავშირებით ვერ თანხმდებიან, რის გამოც გამორიცხული არაა, საქმე სასამართლომდე მივიდეს. ასეთ შემთხვევაში პროცესი დროში გაიწელება, რაც კლუბს კიდევ უფრო დააზარალებს.
კულუარებში კლუბის დაშლის საფრთხეზეც საუბრობენ. ერთ-ერთი ვერსიით, თუ პროცესი დიდხანს გაგრძელდა, შესაძლოა, კლუბი დაიშალოს და მის ბაზაზე ახალი დაბალბიუჯეტიანი გუნდი შეიქმნას, რადგან არსებული დავალიანებით, გუნდის შეძენის მსურველის მოძებნა ვერ ხერხდება. ამასთან, აღსანიშნავია, ისიც, რომ "ტორპედოს" შენახვის რესურსი არც ქალაქის ბიუჯეტს აქვს, რაც ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ფანებთან უკვე დაადასტურა.
შეგახსენებთ, ზაალ ჩაჩავა "ტორპედოს" მფლობელი 2 წლის წინ გახდა, კლუბი ოფიციალურად შპს "ინტერნეიშენალ სოქერ ჰაუსმა" შეიძინა, რომელიც ჩაჩავას მამის სახელზეა რეგისტრირებული.
კლუბი თავდაპირველად 580 000 ლარად შეფასდა, თუმცა შემდეგ ფასი 300 000 ლარამდე შემცირდა, ასევე ჩაიდო პირობა თანხის გადახდის ორწლიანი ვადით განწილადების შესახებ.
როგორც ცნობილია, ჩაჩავამ ეს პირობა არ შეასრულა და კლუბის გამოსასყიდი თანხის მხოლოდ მცირე ნაწილი გადაიხადა.
ინვესტორს არც სხვა დაკისრებული პირობა შეუსრულებია. კლუბში შექმნილმა ფინანსურმა კრიზისმა "ტორპედო" დაშლის პირას მიიყვანა.
"თვითმმართველობა ყველაფერს გააკეთებს, რომ ,,ტორპედომ" უმაღლეს ლიგაში ითამაშოს"
ავტორი: ნიუპრესი