"ტორპედოს" ყოველწლიური დაფინანსება 5 მილიონი ლარი იქნება"
"ტორპედოს" ყოფილი პრეზიდენტი ზაალ ჩაჩავა აცხადებს, რომ კვლავ გეგმავს კლუბის შეძენას.
"კლუბის ყიდვა არ გადამიფიქრებია. "ტორპედოში" გასული წლის ზაფხულში მოვედი და ეს პროცესები მას მერე მიმდინარეობს. მთელი ეს პერიოდი ვმსჯელობდით იმაზე, თუ როგორ და რა ფორმით გადმომეცემოდა კლუბი.
ვალდებულებებს ვიღებდი, რომ კლუბს წლიურად მინიმუმ 500 000 ლარს დავახარჯებდი. ამასთან, შევქმნიდი უფასო აკადემიას. მე ამ ვალდებულებებს დღესაც ვიღებ, მაგრამ მაინც აუქციონის ფორმით გადმოცემა გადაწყდა"-აცხადებს ჩაჩავა.
მისი თქმით, დიდი გაუგებრობაა შექმნილი და გაწეული ხარჯის მიუხედავად, შიდა საქმეებში ვეღარ ერევა.
"არ მინდა საკუთარი თავის ქებად გამომივიდეს, მაგრამ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მოგებაში დიდი წვლილი მიმიძღვის. 200 000 ლარამდე დავახარჯე "ტორპედოს": ფორმები ვიყიდე, ფეხბურთელებს ხელფასები გადავუხადე, შეკრებები გავუკეთე.
რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მადლობა ქომაგთა კლუბ "ჯუნგლებს", რომლებიც ძალიან მაგრად უდგანან გუნდს გვერდში და მადლობა მთავარ მწვრთნელ კახა ჩხეტიანს. ჩვენ, ყველანი ერთ გუნდად ვიყავით და იმ პერიოდში ეს იყო ჩვენი მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეგვეძლო, ახლა კი გუნდის საქმეებში ვეღარ ვერევი. თითქოს ჩემია "ტორპედო", მაგრამ ამავე დროს, არ არის. ხალხმა იცის, რომ მე ვპატრონობ ამ კლუბს, მაგრამ არ ვჩანვარ, რადგან გაურკვევლობაში ვარ და სწორად გამიგეთ, ძალიან მიჭირს.
ქუთაისის მერია ნამდვილად ცდილობს, ეს პროცესი დააჩქაროს, მაგრამ სამხარაულის ექსპერტიზა ხან ერთ საბუთს გვთხოვს, ხან მეორეს, 700 000 ლარი კი იყო პირველადი ფასი, მაგრამ არავის ეგონოს, რომ, აი, გადავიხდი ამ თანხას და ეგაა ეს სიმბოლური ფასია. აქ დიდი ვალდებულებებია.
ჩემი მხრიდან, წელიწადში 1 000 000 ლარი დაიხარჯება. ამას რომ დავუმატოთ მინი-ინვესტორები, რომლებიც კლუბში მოვლენ, რომ დავუმატოთ ფეხბურთის განვითარების ფონდის თანხა და ის თანხა, რასაც მატჩების მოგებით მივიღებთ, გამოვა, რომ ჩემი მოსვლის შემდეგ "ტორპედოს" ყოველწლიური დაფინანსება 5 მილიონი ლარი იქნება და გვეყოლება ძალიან კარგი გუნდი, რომელიც სტაბილურად მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს"-განაცხადა ჩაჩავამ. მისი ინფორმაცით,
აუქციონი შემდეგ კვირას გაიმართება, ამ დროისთის ჩაჩავა ერთადერთ მყიდველად სახელდება.
იანვარში სამხარაულის ექსპერტიზამ ქუთაისური კლუბი 700 000 ლარად შეაფასა, მაგრამ აუქციონი არ გაიმართა.
წყარო:sportall.ge
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი