|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ტორპედოში" ფეხბურთელების დავალიანება გასტუმრებულია" - ხელმძღვანელობა პრობლემებს არ ადასტურებს

ქუთაისის საფეხბურთურთო კლუბ "ტორპედოში" პრობლემების არსებობას არ ადასტურებენ. "ტორპედოს" მენეჯერი იმედა გიორგაძე განმარტავს, რომ კლუბს პრობლემა არ აქვს და დაშლის საფრთხეც არ არსებობს. როგორც "ნიუპრესთან" საუბარში განმარტა, ამ ეტაპზე დავალიანება გასტუმრებულია და გუნდი თამაშისთვის ემზადება.

"არანაირი პრობლემა არაა, ჭორები გავრცელდა. იყო გარკვეული შეფერხება, ასეთი პრობლემა ყველა გუნდშია. ამ დროისთვის ყველა დავალიანება გასტუმრებულია, გუნდის დაშლის საფრთხე არ არსებობს და ხვალინდელი თამაშისთვის ვემზადებით"-განმარტა იმედა გიორგაძემ. 

"ტორპედოში" არსებულ პრობლემებზე ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. სპორტული გამოცემა  "ლელო" წერდა, რომ ქუთაისელებს პრობლემები შეექმნათ: “ტორპედოს” ფინანსური საკითხები მოსაგვარებელია. ინფორმაციას კულუარულად “ტორპედოშიც” ადასტურებენ.

რაც შეეხება დავალიანებას: გავრცელებული ცნობებიდან ირკვევა, კლუბს ფეხბურთელთა ხელფასების და პრემიების გადაუხდელობის გამო მილიონ ლარამდე დავალიანება დაუგროვდა, მათ შორის, ევროსარბიელზე გამოსვლის თანხაც"-წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. ასევე განმარტავენ, რომ ფეხბურთელებმა დავალიანების გასტუმრება თურქულ შეკრებამდე მოითხოვეს. მაშინ ითქვა, რომ პრობლემები დროებითი იყო და მალე მოაგვარებდნენ.

ქუთაისელი ფეხბურთელები ზედიზედ 27 მატჩია,  ქართულ ოფიციალურ მატჩებში წაუგებლად თამაშობენ. 

9 მარტს "ტორპედო" თბილისის "ლოკომოტივს" უმასპინძლებს. ამის შემდეგ ქუთაისის სტადიონი დაიკეტება და რეაბილიტაცია დაიწყება. 

  

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი