"ტორპედოში" წლიურად 1, 5 მილიონი ლარის ინვესტიცია-პირობები, რომელიც ჩაჩავამ ვერ შეასრულა
ქუთაისის „ტორპედო“ აუქციონზე 2017 წელს 300 000 ლარად გაიყიდა. ბიზნესმენმა ზაალ ჩაჩავამ გუნდი მერიისგან შეიძინა. ხელშეკრულება, რომელიც მხარეებს შორის გაფორმდა, რამდენიმე პუნქტს მოიცავდა. მათ შორის გუნდის განვითარებას და ინვესტიციას.
აღსანიშნავია, რომ შპს "ინტერნეიშენალ სოქერ ჰაუსი", რომელმაც გუნდი შეიძინა, 2016 წელს არის რეგისტრირებული, მას საწესდებო კაპიტალში 100 ლარი აქვს მითითებული.
ელექტრონულ აუქციონზე არსებული პირობებით, შპს ,,საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის’’ (ს/კ N212917183) განვითარებისათვის მყიდველს ყოველწლიურად ფეხბურთის განვითარების ფონდის არსებობის, ფუნქციონირების შემთხვევაში არანაკლებ 1,5 მლნ. ლარის ინვესტირება, მათ შორის პირდაპირი ინვესტირების გზით ან სპონსორის მოზიდვით (ფონდიდან მისაღები თანხების გარეშე) 500 000 ლარის ინვესტირება უნდა მოეხდინა.
მიუხედავად იმისა, რომ გუნდი 2017 წლის მეორე ნახევარში გაიყიდა მყიდველს სრულად უნდა შეესრულებინა პირობა 2018 წლის 1 იანვრამდე, რაც გულისხმობდა, მყიდველის მიერ 500 000 ლარის პირდაპირი გზით ინვესტირებას, გარდა ფეხბურთის განვითარების ფონდიდან მიღებული თანხებისა.
ფეხბურთის განვითარების ფონდიდან დაფინანსების შეწყვეტის, ან შემცირების შემთხვევაში, მყიდველის მიერ უნდა განეხორციელებინა არანაკლებ 1,5 მლნ ლარით დაფინანსება.
ამასთან, "ტორპედო" ქუთაისის ბაზაზე საფეხბურთო სკოლა-აკადემიის და ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაზე უნდა ეზრუნა.
უნდა მოეპოვებინა ლიცენზიები ეროვნულ ლიგაში სათამაშოდ. ასევე ვალდებულება ქონდა უეფასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ დადგენილი საკლუბო ლიცენზირების სავალდებულო მოთხოვნები და სხვა სტანდარტების შესრულება.
მყიდველს ვალდებულება ქონდა, არ შეეცვალა შპს ,,საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის’’ სპორტული პროფილი - ,,ფეხბურთი’’.
ხელშეკრულების 11-ე მუხლში ვკითხულობთ, რომ ერთ-ერთი საპრივატიზებო პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, გამყიდველს უფლება აქვს მოითხოვოს და ასეთის არსებობის შემთხვევაში, მყიდველმა დაუყონებლივ უნდა დაუბრუნოს გამყიდველს შეძენილი შპს ,,საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის’’ 100%-იანი წილი და დანართში მითითებული ძირითადი საშუალებები, ყოველგვარი დავალიანების გარეშე.
გაყიდვიდან 2 წელიწადში ქუთაისის გუნდი დაშლის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, ფაქტს ადასტურებენ თავად გუნდში. პრეზიდენტი კი ვადას მაისს ბოლომდე ითხოვს. ზაალ ჩაჩავა პრობლემებს ჩინური კომპანიის წასვლას უკავშირებს და აცხადებს, თუ დავალიანებას ვერ დაფარავს, გუნდს დააბრუნებს.
ჩაჩავა განმარტავს, რომ მის დაქვემდებარებაში, ფეხბურთელებს საქართველოს მასშტაბით ყველაზე მაღლი ხელფასი ქონდათ. ამასთან, გუნდმა ორ წელიწადში საუკეთესო შედეგი აჩვენა.
ქუთაისს მერიაში, ვიდრე გუნდის პრეზიდენტს არ შეხვდებიან, დეტალებზე არ საუბრობენ.
"ჯერ ოფიციალურად კლუბთან დაკავშირებით, მერიისთვის არავის მოუმართავს, იგეგმება შეხვედრა მერიისა და "ტორპედოს" წარმომადგენლებს შორის და დეტალები ამის შემდეგ გახდება ცნობილი", - აცხადებენ ქუთაისის მერიაში.
"პრობლემები შეგვექმნა, რადგან "ჰუალინგ ჯგუფმა" ხელშეკრულება შეგვიწყვიტა"- ზაალ ჩაჩავა
"მიჭირს ამის თქმა, მაგრამ, შესაძლოა, მომდევნო მატჩამდე დავიშალოთ"–კახა ჩხეტიანი
ზაალ ჩაჩავა "ტორპედოს" სპონსორობიდან "ჰუალინგ ჯგუფის" წასვლის მიზეზს განმარტავს
ქუთაისის "ტორპედო", შესაძლოა, ზაალ ჩაჩავამ დატოვოს
ავტორი: ნიუპრესი