ტრეფიკინგის პრევენციისთვის ხარაგაულში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
რა უნდა ვიცოდეთ ტრეფიკინგის შესახებ და როგორ დავიცვათ თავი მასთან დაკავშირებული საფრთხეებისგან; რა არის ლეგალური და არალეგალური მიგრაცია, როგორია ლეგალური დასაქმებისა და სწავლის შესაძლებლობები საზღვარგარეთ, – ამ საკითხებზე ესაუბრნენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბორის საჯარო სკოლაში (დირექტორი ჰამლეტ ბერაძე) ბორელ და კიცხელ ორმოცდაათამდე უფროსკლასელს საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციისგან მოწვეული იურისტი პაატა ცნობილაძე და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ქუთაისის ოფისის კოორდინატორი ნუგზარ კოხრეიძე.
შეხვედრა გაიმართა იუსტიციის სამინისტროსგან მხარდაჭერილი პროექტის „რეგიონული მედია ტრეფიკინგის პრევენციისთვის იმერეთში“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია, რომლის წევრიცაა გამომცემლობა „ჩემი ხარაგაული“. პროექტის ადმინისტრირებას სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახდენს.
ტრეფიკინგის (ადამიანით ვაჭრობის) წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ ინფორმირება და რისკების თავიდან აცილების შესაძლებლობების გაცნობა.
-მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობს სკოლის მოსწავლეებთან მუშაობას, მათ ინფორმირებას, – ამბობს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ქუთაისის ოფისის კოორდინატორი ნუგზარ კოხრეიძე, – მოსწავლეების ინფორმირებულობა გვაძლევს საშუალებას, რომ შევამციროთ ტრეფიკინგის რისკები. ისინი ინფორმაციის ყველაზე კარგი გამავრცელებლები არიან. მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი მუშაობა ახალგაზრდებთან არის ყოველთვის უფრო შედეგიანი. ახალი თაობა, უფროსებთან შედარებით, გაცილებით უფრო პრაქტიკულად იყენებს იმ ინფორმაციას, რომელიც უსაფრთხო მიგრაციის თემებს ეხება. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბორის საჯარო სკოლაში ვიზიტი, ამ ბავშვების მოსმენა და მათთვის ინფორმაციის გაზიარება.
-ძალიან სასარგებლო და ნაყოფიერი შეხვედრა იყო, – მიიჩნევს იურისტი პაატა ცნობილაძე, – ბავშვებმა კარგად აითვისეს ის ინფორმაცია, რაც მივაწოდეთ ტრეფიკინგთან დაკავშირებით. ეს ჩანდა მათ აქტიურობაში. ბევრი მომენტი იცოდნენ ტრეფიკინგთან და უსაფრთხო მიგრაციასთან დაკავშირებით. თუმცა ბევრი ახალიც გაიგეს. შეექმნათ წარმოდგენა, როგორ უნდა მოიქცნენ ტრეფიკინგის შემთხვევაში, საერთოდ როგორი მძიმე დანაშაულია ტრეფიკინგი.
მაია ბარბაქაძე, ბორის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი: – დღევანდელი შეხვედრა ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო ბავშვებისთვის. სწავლობენ სამოქალაქო განათლებას და ზოგადად იციან, ტრეფიკინგი რა არის. დღეს ავხსენით ტრეფიკინგის მასალა მეათე კლასში. ვფიქრობ, რაც მეტი ინფორმაცია და ცოდნა ექნებათ, მით მეტად წინდახედულებას, ყურადღებას გამოჩენენ და დაცულები იქნებიან ტრეფიკინგის საფრთხეებისგან.
-ინფორმაცია, რომელიც შეხვედრაზე მივიღე ტრეფიკინგთან დაკავშირებით, დამიცავს ასეთ სიტუაციაში მოხვედრისგან, – ამბობს ბორის საჯარო სკოლის მოსწავლე სულიკო ფაიქრიძე,– გავეცანით ტრეფიკინგის სახეებს. შემიძლია, ჩემს თანატოლსაც და ჩემზე უფროსსაც ვურჩიო როგორ მოიქცნენ, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლნი არ გახდნენ.
დათო კვანტრიშვილი, ბორის საჯარო სკოლის მოსწავლე: -დღევანდელ შეხვედრაზე ბევრი საინტერესო რამ გავიგე, – ისეთი, რაც არ ვიცოდი ტრეფიკინგზე და ამასთან დაკავშირებით შემიძლია ვურჩიო ჩემს ახლობლებს, მეგობრებს.
ლანა ღონღაძე, ბორის საჯარო სკოლის მოსწავლე: -გვესაუბრნენ ჩვენთვის ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, როგორიც ტრეფიკინგია და ასევე სხვადასხვა სახის სასწავლო პროგრამებზე უცხოეთში. კარგი შეხვედრა იყო ჩემთვის და ჩემი თანატოლებისთვის.
ავტორი: