თუ ბავშვმა თავი მოიკლა, წესს ვერ ავუგებთ - 11 წლის თერჯოლელი ბიჭის ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან
თერჯოლაში 11 წლის ბავშვის გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიად თუ თვითმკვლელობა დასახელდა, მოზარდს წესის აგების გარეშე დაკრძალავენ. ოჯახიც და სასულიერო პირებიც ოფიციალურ პასუხს ელოდებიან.
თერჯოლა-ტყიბულის ეპარქიის მეუფე გიორგი შალამბერიძე აცხადებს, რომ თუ მოზარდმა თავი მოიკლა წესს ვერ აუგებენ.
მისი თქმით, ვერც გამონაკლისს დაუშვებენ, თუმცა აცხადებს, რომ ამ თემით დაინტერესდება და მამაოებს მოკითხვას დაავალებს. ამბობს, რომ ამ დრომდე მისთვის არ მიუმართავთ და რომ მის გარეშე ვერავინ გადაწყვეტს.
"არ ვიცი, ამის შესახებ ჩემთვის არ მოუმართავთ. აუცილებლად დავავალებ მამაოს ამ საკითხის გამოკვლევას, ვიმსჯელებთ, თუ ბავშვმა თავი მოიკლა, წესს ვერ ავუგებთ, გამორიცხულია, ეს ღვთის გმობაა. არ გვაქს უფლება, ვერც გამონაკლისს დავუშვებთ, ღმერთს გამონაკლისები არ აქვს, ზუსტად მოქმედებს. ვერც მოზარდის შემთხვევაში. 11 წლის ბავშვი გაუაზრებელია? ჩვენ შეგვიძლია ცოდვები მივუტევოთ, სხვა მხრივ დაუშვებელია, გამონაკლისს ვუშვებთ ავადმყოფობის შემთხვევაში, თუ ექიმის ცნობა იქნება, სხვა მხრივ არა", -განაცხადა მეუფე გიორგი.
ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი