|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თუ პრობლემას ფესტივალის სახელწოდება წარმოადგენს, ის შეიცვლება"- თამთა თურმანიძე

 "თეთრი ხიდი", რომელიც ამჯერად კინოფესტივალის სახელწოდებაა, სკანდალის მიზეზი ხდება. ყოფილი კინო „ბრაზერსის“ მფლობელის ლევან ჭავჭანიძის ბრალდებას, რომელიც ქუთაისის მერიას მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის პროექტის მოპარვაში ადანაშაულებს, მერიის კულტურის განყოფილების უფროსი თამთა თურმანიძე პასუხობს. მისი თქმით, ფესტივალის პროექტის მსგავსება და მისი სახელწოდების "თეთრი ხიდის" დამთხვევაც შემთხვევითია, თუმცა რადგან ასე მოხდა, შესაძლოა, პროექტის სახელწოდება შეიცვალოს.

"ნებისმიერი სახის კინოფესტივალის ჩატარებაზე ექსკლუზივი არავის არ აქვს. მსგავსი ხასიათის ღონისძიება შეიძლება გაიმართოს თელავში, ბათუმში თუ სხვაგან. მე როგორც კინომცოდნე, რომელიც წლების ასწავლის კინოს ისტორიას და ყველაზე კარგად იცის თუ რა პრობლემებია კინოგანათლების მხრივ ჩვენს ქალაქში, დიდი სიამოვნებით მივესალმები იმ ფაქტს, რომ რაც შეიძლება მეტი აქტივობა იყოს ამ მიმართულებით. პირიქით ბევრი სხვადასხვა ხასიათის კინოფორუმი თუ ფესტივალი უნდა გაიმართოს. თუ პრობლემას სახელის დამთხვევა წარმოადგენს, რაც შემთხვევითია, ის შეიცვლება"-განუცხადა თამთა თურმანიძემ ნიუპრესს.

მისი თქმით, მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის პროექტი უკვე იყო ჩასმული 2015 წლის კულტურის ბიუჯეტში. თუმცა იმ წელს, აღნიშნული პროექტი ვერ განხორციელდა და 2018 წლის ბიუჯეტში ჩაიდო.

"მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის პროექტი უკვე იყო ჩასმული 2015 წლის კულტურის ბიუჯეტში. სამწუხაროდ, იმ წელს, აღნიშნული პროექტი ვერ განხორციელდა. წელს, თავიდანვე ეს პროექტი ხელახლა ჩაისვა ბიუჯეტში, რადგან არსებობს კონცეფცია, რომ ქუთაისი ნამდვილად გახდეს საფესტივალო ქალაქი და ისედაც ქალაქი, საიდანაც დაიწყო ქართული კინოს ისტორია, ნამდვილად იმსახურებს მნიშვნელოვანი კინოფორუმის მასპინძლობას. ბუნებრივია, ფესტივალი საკმაოდ სერიოზულ მომზადებას და გამოცდილებასაც მოითხოვს. შესაბამისად, როდესაც მივიღეთ შემოთავაზება საქართველოს ეროვნული კინოცენტრიდან ერთობლივი კინოფორუმის გამართვის თაობაზე, სიამოვნებით დავთანხმდით ამ ორი ღონისძიების გაერთიანებას, რაზეც გავაფორმეთ კიდეც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. რაც შეეხება სახელწოდებას "თეთრი ხიდი", ეს იდეა დაიბადა იქედან, რომ წელს, 3 მაისს აღნიშნულ ხიდზე მოეწყო რეზო გაბრიაძის შესახებ გადაღებული ფილმის ჩვენება და ბუნებრივია ქუთაისისთვის დიდი კინო, სწორედ გაბრიაძესთან და თეთრ ხიდთან ასოცირდება"-განაცხადა თამთა თურმანიძემ. 

შეგახსენებთ, ყოფილი კინო „ბრაზერსის“ მფლობელი, ბიზნესმენი ლევან ჭავჭანიძე ამტკიცებს, რომ ფესტივალი, რომლის დაწყებასაც მერია რამდენიმე კვირაში აპირებს, მისი პროექტია და  2016 წელს შეიტანა მერიაში, თუმცა  დაფინანსებაზე უარი უთხრეს. ჭავჭანიძე ასევე განმარტავს, რომ ფესტივალი უშუალოდ კულტურის სამსახურის უფროსის მოადგილის მირანდა კუპრავას და მთავარი სპეცილაისტის თამთა თურმანიძის  მიერ დაიბლოკა. ამავდროულად ირწმუნება, რომ თამთა თურმანიძე, რომელიც ახლა პროექტს კურატორობს, მის პროექტს დასცინოდა, ახლა კი პროექტი ერთი–ერთზე გადაიღო, ისე რომ მისი სახელწოდებაც კი არ შეცვალა.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე