ტვ “პირველის” ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს სცემეს, გარდაიცვალა
ტვ “პირველის” ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ჯერჯერობით, მისი გარდაცვალების უშუალო მიზეზი უცნობია, გარდაცვლილს უტარდება ექსპერტიზა.
ალექსანდრე ლაშქარავას 5 ივლისს, თბილისში, ფიზიკურად გაუსწორდნენ მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისში შეჭრილი ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები.
ლაშქარავა ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიასთან ერთად “სირცხვილიას” ოფისის შენობაში პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
მირანდა ბაღათურიას მონაყოლის მიხედვით, ათეულობით პირმა ტვ “პირველის” გადამღები ჯგუფი სადარბაზოში მიიმწყვდია, დაუმტვრია ტექნიკა და სასტიკად გაუსწორდა მას.
“პირველად როცა შემოიჭრნენ, პირველი გამიზნული წიხლი მომხვდა მე და მერე უკნიდან თმა მომქაჩა მამაომ და მითხრა, ახლა მაინც ძლივს გაგაჩუმებო. ჩემმა ოპერატორმა უთხრა, რას აკეთებ, ჟურნალისტიაო, ვიყავით ჩაკეტილები მე და ჩემი ოპერატორები, ვიყავი ძალიან დაუცველი, იყო დაუცველი ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. ჩემი ოპერატორი იყო სისხლის გუბეში, 20 წუთის განმავლობაში უმოწყალოდ ურტყამდნენ. მე ვყავდი კიბის მოაჯირზე 15 კაცს გაკავებული, ვკიოდი, არ მოკლათ-თქო, მჩქმეტდნენ და წიხლებს მირტყამდნენ, ტელეფონი გადამიგდეს და 20-მა კაცმა ჩაითრია ლექსო და არ ჩანდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომელსაც სცემდნენ”, — ამბობს მირანდა ბაღათურია.
ლაშქარავას აღენიშნებოდა ტვინის შერყევა, სახის ძვლების მოტეხილობა და მრავლობითი დაჟეჟილობა. მას ქირურგიული ოპერაციაც ჩაუტარდა, ბოლო დღეებში კი მკურნალობას სახლში აგრძელებდა.
ავტორი: ნიუპრესი