|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თვითმმართველობის არჩევნების დღესთან დაკავშირებით "საიამ" შეფასება გააკეთა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ თვითმმართველობის არჩევნების დღესთან დაკავშირებით შეფასება გააკეთა.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, კენჭისყრის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით ძირითადად მშვიდ ვითარებაში წარიმართა, ადგილი არ ჰქონია ძალადობის შემთხვევებს. თუმცა, დაფიქსირდა რიგი დარღვევები, რომლებიც სცდებოდა პროცედურული ხასიათის პრობლემებს.

კენჭისყრის დღის განმავლობაში საიას დამკვირვებლებმა დაწერეს 147 საჩივარი (აქედან - 66 საჩივარი საოლქო კომისიის დონეზე) და 162 შენიშვნა.

ორგანიზაციის შეფასებით, კარგად ორგანიზებულ და მასშტაბურ ხასიათს ატარებდა მმართველი პარტიის მხრიდან ამომრჩევლის მონაცემების შეგროვება და მათი მობილიზება ხმის მიცემის მიზნით თბილისში. აღნიშნული წარმოადგენდა კონტროლს ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე, რამაც ჩრდილი მიაყენა ამომრჩევლის ნების თავისუფლების პრინციპს.

საგულისხმოა, რომ აღნიშნულ ტენდენციას არათუ არ შეწინააღმდეგებია ცესკო, არამედ თავისი საჯარო განცხადებით გაამართლა და წაახალისა კიდეც მსგავსი ფაქტები.

ორგანიზაციის განცხადებით, ადგილი ამომრჩევლის თავისუფალი ნების კონტროლს : მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო უბნებზე, რეგისტრატორების გვერდით, უკან ან ნაკადის მომწესრიგებელთან იდგნენ საარჩევნო სუბიექტის „ქართული ოცნების“, „მემარცხენე ალიანსის“ ან სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ახალი სიტყვის“ წარმომადგენლები და აღრიცხავდნენ უბანზე მოსული ამომრჩევლის მონაცემებს.

პრობლემებს შორის დასახელდა, სარჩევნო კომისიის წევრებთან არასათანადო კომუნიკაცია, დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვის ფაქტები, დაკვირვება საოლქო საარჩევნო კომისიებში - სივრცითი მოწყობის პრობლემები.

ასევე დაფიქსირდა შემთხვევები, როცა საოლქო კომისიამ არ უზრუნველყო უბნებიდან შემოსული შემაჯამებელი ოქმების ხელმისაწვდომობა დამკვირვებლებისათვის. იყო შემთხვევები, როდესაც საარჩევნო დოკუმენტაციის მიღება-დახარისხება ატარებდა ქაოტურ ხასიათს. გუშინ, ცესკოს ჩარევის შედეგად აღნიშნული შემთხვევები აღმოიფხვრა.

ორგანიზაციის შეფასებით, მსგავსი პრობლემები არ წარმოადგენს სიახლეს და კვლავაც აქტუალური იყო 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებზე. მნიშვნელოვანია, დროულად გადაიდგას ნაბიჯები აღნიშნულის პრობლემების ინსტიტუციურ და ნორმატიულ დონეზე მოსაგვარებლად.

 

ასევე პრობლემებია უბნების ადაპტაციის  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. მონიტორინგმა გამოავლინა, რომ უბნების ნაწილი არ იყო ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესი: არაერთ უბანზე დაფიქსირდა დაუბალანსებელი და ხარვეზიანი ოქმების პრობლემები.  

საიას ადგილობრივი თვითმმართველობის კენჭისყრის დღის მონიტორინგის მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა ევროკავშირის, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ბაქოში ნორვეგიის სამეფოს საელჩოს, „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ (NED), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (UშAID) და ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“ დაფინანსებით. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ და მისი შინაარსი შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციების შეხედულებებს.

ავტორი: ნიუპრესი