თვითნებური ნაგავსაყრელი ქუთაისის შემოსასვლელებში და პრეზიდენტის შენიშვნა [VIDEO]
ქუთაისი-წყალტუბოს მთავარი გზის მიმდებარედ, რეკრეაციულ ზოლში თვითნაბური ნაგავსაყრელია მოწყობილი. უცნობმა პირებმა ტონობით ნარჩენი გზიდან 10 მეტრში დაყარეს. ადგილზე ნარჩენების დაყრა რამდენიმე თვე გრძელდებოდა, ამკრძალავი წარწერის განთავსება კი მხოლოდ რამდენიმე დღის წინ მოხდა.
ნარჩენების შედეგად დაზიანებული და გამხმარია რამდენიმე ხე, ადგილზე ძირითადად სამშენებლო ნარჩენებია დაყრილი, რადგან მისი განთავსება მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე არ ხდება.
პრობლემის შესახებ იციან გარემოს დაცვის დეპარტამენტში. როგორც პრესსამსახურში განმარტავენ, არ არის იდენტიფიცირებული ვინ მიიტანა ნარჩენი, ამიტომ ამ დროისთვის ვერ ხდება დაჯარიმება. მათივე ინფორმაციით, საკითხი ადგილობრივ მუნიციპალიტეტს გადაეწერა და მათ უნდა მოახდინონ ადგილის გასუფთავება.
ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ ტერიტორია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაშია. წყალტუბოს მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი გაგა კენჭოშვილი კი აცხადებს, რომ ტერიტორია კერძო საკუთრებაა და მფლობელმა ნარჩენები გარკვეული მიზნებით მიიტანა, კერძოდ, ადგილზე კოტეჯების ჩადგმას აპირებს და ნიადაგის ასამაღლდებლად დაიწყო სამუშაოები. მან ასევე დაადასტურა, რომ მფლობელი გარემოს დაცვის სამსახურმა დააჯარიმა.
"ტერიტორია კერძო საკუთრებაშია. მფლობელს, როგორც ვიცით, ადგილზე კოტეჯების მოწყობა სურს, ამიტომ, მიიტანა ნარჩენები. რაც შეეხება წარწერას აკრძალვასთან დაკავშირებით, ალბათ, სხვებმა რომ დაინახეს ადგილზე დაყრილი ნაგავი, მათაც მიიტანეს, ამიტომ მეპატრონემ აკრძალა. მფლობელი გარემოს დაცვის სამსახურმა დააჯარიმა, რადგან, რამდენიმე მეტრით გადაცდა საკუთარ ტერიტორიას და სხვა ადგილი დააბინძურა", -განაცხადა გაგა კენჭოშვილმა, რომლის თქმითაც, მფლობელს აქვს ნებართვა ადგილზე საჭიროების შემთხვევაში ხეებიც მოჭრას. კითხვაზე, რას აპირებს მუნიციპალიტეტი, რომ არ განადგურდეს ქარსაცავი ზოლი და როგორ დაიაცვას მრავალწლოვან ხეები, ამბობს, რომ ამაზე მას პასუხი არ აქვს.
ნარჩენების პრობლემა, გარდა ქუთაისი-წყალტუბოს გზისა, ქუთაისში სხვა შემოსასვლელებსა და გარეუბნებშიც გვხვდება. საფიჩხიის მიმდებარედ, ტყეში, ნახავთ დაყრილ ნარჩენებს. თვითნებური ნაგავსაყრელის პრობლემა იყო ნიკეას დასახლებაშიც. დაბინძურებულია რიონის სანაპირო ზოლი.
კითხი მერიი ააიპ "სპეციალური სერვისების" პრეროგატივაა. ააიპი ერთ-ერთი მაღალბიუჯეტიანი დაწესებულებაა.
ქუთაისში ნარჩენების არსებობის პრობლემაზე საქართველოს პრეზიდენტმაც ისაუბრა. ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ შეიძლება კულტურის დედაქალაქში ასეთი დანაგვიანებული ადგილები იყოს.
"გეგუთის გზაზე ვნახე საკმაოდ მძიმე სურათი, ეს არის ნარჩენები, არ შეიძლება ქალაქი იყოს საქართველოს კულტურის დედაქალაქი და ასეთი ადგილები არსებობდეს. ეს არის მიუღებელი, ვიცი რომ ამაზე მუშაობენ, მაგრამ ეს უნდა იყოს უფრო ეფექტური", -განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებას ქუთაისის ვიცე-მერი გამოეხმაურა. ნინო თვალთვაძემ განაცხადა, რომ შენიშვნებზე, რომლებიც გამოითქვა, მუშაობა მიმდინარეობს და ქუთაისში ნარჩენების სეპარირებული შეგროვება მოხდება.
"ბევრი შენიშვნა, რაც გამოითქვა, თავადაც აღნიშნა რომ მიმდინარეობს მუშაობა და ჩვენ მას მივაწოდეთ ინფორმაცია ბევრი პროექტის შესახებ, იგივე ნარჩენების კუთხით. ამ კუთხით ქუთაისი იქნება პირველი ქალაქი, რომელიც დაიწყებს სეპარირებული ნარჩენების შეგროვებას, "-განაცხადა ნინო თვალთვაძემ. რიონის სანაპიროს შესახებ კი, ვიცე მერმა აღნიშნა, რომ დასუფთავება პერიოდულად ხდება აქციის ფარგლებში, თუმცა პრობლენა არსებობს.
რაც შეეხება ქალაქს, ქუთაისში დასუფთავების საკითხი მერიი ააიპ "სპეციალური სერვისების" პრეროგატივაა. ააიპი ერთ-ერთი მაღალბიუჯეტიანი დაწესებულებაა.
ავტორი: ნიუპრესი