ტყიბულის მერობისთვის ხუთი მამაკაცი იბრძვის
ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერობისთვის ხუთი კანდიდატია რეგისტრირებული. მათ შორისაა ხელისუფლების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები,
ხუთივე კანდიდატი კაცია და არცერთი ქალი. ასაკით ყველაზე უმცროსი 26 წლისაა, უფროსი კი 54 წლის. ოთხი მათგანი ახალბედა პოლიტიკოსია, ერთს კი პოლიტიკური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. კანდიდატებს შორის არის ასოცირებული პროფესორი, იურისტი, ფინანსისტი, ადვოკატი, ყოფილი მეშახტე.
მერობის კანდიდატებმა „ოკრიბანიუსს“ განუცხადეს, რომ ტყიბულში პრობლემები ბევრია – ინფრასტრუქტურა, გზები, სასმელი წყალი, უმუშევრობა, მიგრაცია, პროფესიონალი კადრები, გაზიფიცირება. ეს პრობლემების მცირე ჩამონათვალია, რომლის მოგვარებასაც, მათი არჩევის შემთხვევაში, ადგილობრივ მოსახლეობას თითქმის ყველა კანდიდატი პირდება.
თითოეულ კანდიდატს აქვს საკუთარი ხედვა და მიდგომები მუნიციპალიტეტის ხვალინდელი დღის მიმართ. ისინი ამბობენ, რომ ტყიბულის განვითარებისთვის მთავარია ბიუჯეტის სწორად დაგეგმვა და ხარჯვა, ასევე ტურიზმის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. სამუშაო ადგილების შექმნა, რაც შეამცირებს მიგრაციას.
კანდიდატები მზაობას გამოთქვამენ, მათი მერად გახდომის შემთხვევაში იზრუნონ ტყიბულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობისათვის.
„მესამე ძალა- სტრატეგია აღმაშენებელის“ ტყიბულის მერობის კანდიდატი გიორგი ფორჩხიძე
„მე ტყიბულელი ვარ, 40 წლის ვხდები და სწორედ ამდენი წელია ვუყურებ როგორ არაფერი იცვლება ჩვენს ქალაქში. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ტყიბულის მერობა. მსოფლიო ვითარდება, ტყიბულში კი სტაგნაციაა. თითქოს დროში გაიყინა ქალაქი, რომელსაც უდიდესი პოტენციალი აქვს. ” მესამე ძალას” აქვს უნარი მეორე სიცოცხლე შთაბეროს ტყიბულს, ამისთვის ელემანტარულად სურვილი და მონდომებაა საჭირო. ჩვენს ქალაქს უამრავი პრობლემა აქვს, აქ არ ცხოვრობს ოჯახი რომელიც ყოველდღიურ სირთულეებს და სიდუხჭირეს არ აწყდება. გარეთ 21- ე საუკუნეა და ჩვენთან კვლავ ყოფითი პრობლემებია მოსაგვარებელი: უწყლობა, გზა, ინფრასტრუქტურა და რაც მთავარია სამუშაო ადგილების არ არსებობა.
ამ ულამაზესი ბუნებისა და ხედების მქონე ქალაქს ტურიზმის განვითარების უდიდესი პოტენციალი აქვს. სწორედ ტურიზმია ტყიბულის მეორე სიცოცხლის წყარო.
სწორი ხედვით, სწორი გათვლით – სულ მალე ტყიბული ტურისტულ რუკაზე შეგვეძლება მოვხაზოთ, მეტი ტურისტი განვითარებას ნიშნავს ქალაქისათვის.
მეტი ტურისტი, მეტ კვების ობიექტსა და საოჯახო სასტუმროს მოითხოვს, ეს კი დამატებითი შემოსავალი და დასაქმების საშუალებაა ადგილობრივებისთვის. დასაქმება კი ქალაქში ახალგაზრდების დამაგრებასთან არის დაკავშირებული. თორემ ტყიბული ცარიელდება და სულ მალე ამ ულამაზეს ადგილს დაცარიელებულს მივიღებთ. ინვესტორებთან ურთიერთობა, იდეების გენერირება, მართვა, ტურიზმის სექტორი ეს არის ჩემი მრავალწლიანი შრომითი გამოცდილება.
ნაციონალური მოძრაობის“ ტყიბულის მერობის კანდიდატი ბესიკი ზოსიაშვილი
„2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნები არ არის მხოლოდ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები. ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობისთვის, ამ არჩევნებზე გაეცემა პასუხი კითხვას- დაბრუნდება თუ არა საქართველო ბნელ 90-იან წლებში, თუ დაუბრუნდება განვითარების გზას.
მე არმინდა, რომ ჩემმა შვილებმა ასეთ უიმედობაში იცხოვრონ, მე არმინდა რომ ქალაქი დაცარიელდეს. ამიტომთავს მოვალედ ვთვლი ამ ბრძოლაში ჩავერთო და რაც შემეძლება ყველაფერი გავაკეთო იმისთვის რომ კვლავ დაბრუნდეს წინსვლა, წარმატებები და მომავლის იმედი, რაც ასე ძალიან აკლია დღევანდელ ტყიბულს.
ყველაზე მთავარი რასაც ჩვენ გავაკეთებთ იქნება ის, რომ ტყიბული ისევ გახდება ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი, ტყიბული დაუბრუნდება ხელისუფლების მთავარ დღის წესრიგს.
განვაახლებთ ჯერ კიდევ 2011 წელს დაწყებულ და ოცნების ხელისუფლების მიერ გაჩერებულ 300 მგვტ სიმძლავრის თბოლექტრო სადგურის მშენებლობის პროექტს, რომელიც პარალელურად ითვალისწინებდა ასევე შახტების მოდერნიზების საკითხს. ასევე თანამდროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ტყიბულის წყალსაცავის მიმდინარე ტერიტორიაზე მოვახდენთ განახლებადი ენერგიის წყაროების მონტაჟს. უმოკლეს დროში დავასრულებთ , ქალაქის N2 დაN 7 სკოლების უსაშველოდ გაწელილ რემონტს, მუხურა მუჯირეთის და ტყიბული სოჩხეთი ძმუისის, ასევე ყველა სახვა სოფლების გზების რეაბილიტაციას. გადავჭრით მოსახლეობის წყლით მომარაგების საკითხს.სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობის დახმარება ჩვენი ერთ- ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება. ქალაქში არსებული სპორტული კომპლექსი შესაძლებლობას მოგვცემს ტყიბული გახდეს რეგიონის წამყვანი სპორტული ცენტრი. საკმაოდ რეალურია მუნიციპალიტეტის მაღალი ხარისხის ინტერნეტით უფასო უზრუნველყოფა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ტყიბულს და მის სოფლებს დავუბრუნოთ 2016 წელს ქართული ოცნების მიერ წართმეული მაღალმთიანი რეგიონის სტატუსი. გელათის, მოწამეთას მთასაყდარის მონასტრები, ასევე ტყიბულის წყალსაცავი, ცუცხვათის მღვიმე და ოკრიბის უნიკალური ბუნება კარგ საფუძველს იძლევა ტურიზმის განვითარებისათვის.
ფოტოზე: პარტია „საქართველოსთვის“ ტყიბულის მერობის კანდიდატი სანდრო სახვაძე
ჩემი ოჯახის თითოეული წევრის ცხოვრება და კარიერა ტყიბულის მუნიციპალიტეტს უკავშირდება. როგორც ბებია ბაბუები, ისე ჩემი მშობლები ტყიბულში მოღვაწეობდნენ და თავაინთ რესურს მისი განვითარებისაკენ მიმართავდნენ. დავიბადე და გავიზარდე ქალაქ ტყიბულში, გარკვეული წლების განმავლობაში ვსწავლობდი მე-6 საჯარო სკოლაში და დღემდე ყოველთვის მჭიდრო კავშირი მაქვს ამ ქალაქთან. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ტყიბულის მოსახლეობამ შეძლოს ყველა ყოფითი და აუცილებელი პრობლემის გადაჭრა, რათა ახალგაზრდებს ჰქონდეთ აქ ღირსეულად ცხოვრების სურვილი და შესაძლებლობა. შესაბამისად, დღეს როცა მომეცა შანსი ჩემი სურვილის რეალიზების, გადავდგი ნაბიჯი და დავთანხმდი მონაწილეობა მიმეღო ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერობისთვის ბრძოლაში.
ტყიბულის მუნიციპატილიტეტში დღეის მდგომარეობით ძალიან ბევრი პრობლემის გამოკვეთა შეიძლება. თითოეულ სოფელში მოუწესრიგებელია შიდა გზები, წყალმომარაგება და განათება. ასევე გზების პრობლემა იკვეთება მნიშვნელოვანი ობიექტების დაკავშირებისას, თუმცა ძირითად პრობლემას ტყიბული მუნიციპალიტეტში კომუნიკაციების არ არსებობასთან ერთად, უმუშევრობა და ცხოვრების რთული პირობები წარმოადგენს.
პრობლემების მოსაგვარებლად პირველ რიგში აუცილებელია არამიზნობრივი ხარჯების მინიმუმადე შემცირება და ბიუჯეტის სწორად დაგეგმვა. საკუთარი შემოსავლებიდან პრიორიტეტულ საკითხებად მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შერჩეული უნდა იქნას ისეთი საკითხები, რომელიც მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს. მერიის სამსახურმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მიიღოს რაც შეიძლება მეტი როგორც სახელმწიფო, საზღვარგარეთის გრანტები, სხვადასხვა პრობლემის აღმოფხვრის მიზნით.
მაქსიმალურად ვეცდები, რომ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ყოფითი და ყოველდღიური პრობლემების მოგვარების პარალელურად, ტყიბული გახდეს მიმზიდველი ქალაქი როგორც ქართველი ისე უცხოელი ტურისტებისთვის.
ფოტოზე: თამაზ მეჭიაური-ერთიანი საქართველოსთვის“ ტყიბულის მერობის კანდიდატი გელა ჩივაძე
„დავიბადე და გავიზარდე ტყიბულში, აქ მივიღე საშუალო განათლება და ვიცი ჩემი მშობლიური ქალაქის და მასში შემავალი სოფლების პრობლემები, რის გადაჭრასაც ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში ეფექტურად შევძლებ მოსახლეობასთან ერთად.
ტყიბულის მუნიციპლიტეტის მცხოვრებლები განიცდიან ეკონომიკურ და სოციალურ პროლემებს, უმუშევრობას, არ არის დღემდე გადაწყვეტილი მეშახტეთა პრობლემები, მოსახლეობა გაედინება, როგორც ქალაქიდან ასევე სოფლებიდან.
ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში, პირველ რიგში მოვახდენ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სწორად, მიზნობრივად დაგეგამარება განკარგვას, პრიორიტეტული სფეროების განსაზღვრას და დაფინანსებას, უნდა დაფინასდეს მხოლოდ ადამიანზე მორგებული პრიორიეტეტები. ხელს შევუწყობ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. ტყიბულის მუნიციპალიტეტს გავხდი ახალი შესაძლებლობების რეგიონად, რისი რესურსიც მას გააჩნია. გამჭირვალე და ხელმისაწვდომი იქნება მუნიციპალიტეტზე გამოყოფილი ბიუჯეტი და ხარჯვითი ნაწილი, ავაღორძინებ ტურიზმს, მრეწველობას, ინფრასტრუქტურას და სოფლებში მეურნეობას. ვიზრუნებ მეშახტეთა უფლებების დაცვაზე.
განვავითარებ ტურიზმის სექტორს, მოვახდენ რეგიონის გაზიფიცირებას, შიდა გზების და ინფრასტრუქტურის პრობლემების მოგვარებას. ვიზრუნებ ახალგაზრდების სწავლა განათლებაზე, შევქმნი პროფესიული გადამზადების ცენტრს, ჩამოვაყალიბებ ქალაქსა და სოფელებში ახალგაზრდულ ცენტრებს, მხარს დაუჭერ კულტურის და ხელოვნების აღორძინებას.
ფოტოზე: „ქართული ოცნების“ ტყიბულის მერობის კანდიდატი დავით ჩერქეზიშვილი
„ხშირად არ დგება ადამიანის ცხოვრებაში მომენტი, როდესაც მას ეძლევა შესაძლებლობა, პირადად იზრუნოს მშობლიურ ქალაქზე და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს მის განვითარებაში. მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორის პოზიციაზე ვსაქმიანობდი, რთული აღმოჩნდა უარის თქმა ტყიბულის მუნიციპალიტეტში საქმიანობის გაგრძელებაზე.
სწორედ ის, რომ ვარ ტყიბულში გაზრდილი და ტყიბულის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს, ხოლო დღეს აქვს ტყიბულს სწრაფად განვითარების რეალური შესაძლებლობა, გადავწყვიტე საკუთარი გამოცდილება და ცოდნა ტყიბულის მუნიციპალიტეტის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანისთვის მომეხმარებინა.
მიუხედავად იმისა, რომ არაერთი მსხვილმაშტაბიანი პროექტი განხორციელდა ან მიდმინარეობს, მძიმე მემკვიდრეობა გვაქვს და არის გამოწვევები სხვდასხვა მიმართულებით – როგორც ქალაქის, ასევე სოფლების მთავარ პრობლემად რჩება სასმელი წყალის, ინფრასტრუქტურის, შიდა გზების საკითხები; ამავე დროს, ისეთი მიმართულებების განვითარება როგორიცაა კულტურა, განათლება, ტურიზმი, სპორტი, ჯანდაცვა.
ტყიბულის მუნიციპალიტეტი უნდა გავხადოთ სამაგალითო მოსახლეობაზე ზრუნვის თვალსაზრისით. მუნიციპალიტეტში ინტენსიურად გაგრძელდება სასმელი წყლის სისტემის შექმნა-რეაბილიტაციის პროცესი. ამავე დროს, პარალელურ რეჟიმში გაგრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტები, განხორციელდება აქტივობები და პროექტები განათლების, კულტურის, ტურიზმის, ჯანდაცვისა და სპორტის მიმართულებით.
ტყიბული შეივსება სპორტული სტადიონებით და სკვერებით. ტყიბული უნდა გახდეს მიმზიდველი ყველა მიმართულებით და მაქსიმალურად ხელი შეეწყოს მცირე და საშუალო ბიზნესისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას, ტურისტული პოტენციალის თანდათანობით ათვისებასა და განვითარებას.
ხუთი კანდიდატიდან ვისზე გააკეთებს ადგილობრივი მოსახლეობა არჩევნას, ვინ გახდება ტყიბულის მუნიციპალიტეტის რჩეული მერი, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების შემდეგ გახდება ცნობილი.
სტატია ქვეყნდება პროექტის „გამჭვირვალე არჩევნები და მედია” ფარგლებში.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
ავტორი: ნიუპრესი