ტყიბულის შახტში მომხდარი აფეთქების ფაქტზე დაკავებულებს, შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეთ
ტყიბულის შახტში 5 აპრილს მომხდარი აფეთქების ფაქტზე დაკავებულ 5 პირს, შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეთ. დაკავებულები ბრალს აღიარებენ. ადვოკატები პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების მიღწევას ცდილობენ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს ტყიბულის შახტში აფეთქების ფაქტზე დაკავებული ექვსივე პირი გამოცხადდა. თუმცა, შესაძლო შეთანხმების გამო საქმის არსებითი განხილვა არ მომხდარა .
დაკავებულთაგან მხოლოდ ერთი გოჩა ქასრაშვილი არ ცნობს თავს დამნაშავედ და დუმილის უფლებას იყენებს. ის სამსახურებრივად ყველაზე დაბალ თანამდებობაზე იმყოფებოდა. ადვოკატი აცხადებს, რომ მომხდარში მისი ბრალეულობა არაა, ვინაიდან უბედური შემთხვევის დროს იგი სამსახურში საერთოდ არ იყო.
დაკავებულებს ბრალი 240–ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით აქვთ წაყენებული, რაც გულისხმობს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას სამთო–მოპოვებით სამუშაოების წარმოების დროს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და სიკვდილი გამოიწვია. ბრალი 2–დან 5 წლამდე პატიმრობას ითავლისწინებს.
"საქნახშირის" ექვსი თანამშრომელი 6 აგვისტოს დააკავეს.
მომდევნო სასამართლო პროცესი 7 ნოემბერს გაიმართება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი