|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"უამრავი სოციალურად დაუცველი ითხოვს დახმარებას, მერია კი კონდიციონერებს ყიდულობს"

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია აგრძელებს აქციების სერიას.  ამჯერად,  მან  მერიის მიერ   სამი კონდიციონერის შეძენა  გააპროტესტა.  მისი თქმით, ადამიანები მშიერი კვდებიან და თვითმმართველობა კომფორტისთვის 7 ათას ლარს კონდიციონერებში ხარჯავს.

"ქუთაისში, გუშინ იპოთეკით დაზარალებულმა მოქალაქემ თავი ჩამოიხრჩო, უამრავი სოციალურად დაუცველი ითხოვს დახმარებას  - ზოგი მშიერი კვდება, ზოგი წყლის შეყვანას ითხოვს, ზოგი ელექტრო ენერგიის, ზოგს მძიმე დაავადება აქვს - ამ ადამიანებისთვის თანხები არ მოიძებნა და მერია თავისი კომფორტისთვის  3 უზარმაზარ  კონდიციონერს ყიდულობს, რომელზეც 7 ათასი ლარი გახარჯეს, 100 ათასი ლარი მოინახა იტალიაში ცოცხების საყიდლად. ვთვლი, რომ ეს არის ჩემი და ყველა ოპოზიციონერის  ბრალი, რომ არ ვართ მეტად აქტიურები და არ ვართ უფრო მკაცრები, ვინაიდან ამას ბედავს ხელისუფლება. პირველ რიგში, დამნაშავეა საკრებულო და შემდეგ ჩვენ, ოპოციზია", - აღნიშნა წულაიამ.

მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, ზვიად ჯავახიამ  წულაიას მორიგი "მასხარაობისთვის"  ბოდიში მოიხადა. მისი განცხადებით, კონდიციონერები  კაბინეტში დასამონტაჟებლად არ შეუძენიათ. ჯავახიას განცხადებით, ერთი კონდიციონერი ახლად რეაბილიტირებულ შესასვლელში დამონტაჟდება, რომ  ზაფხულში მოსახლეობისთვის  იქ ყოფნა აუტანელი არ იყოს, ორი კი,  საკრებულოს დარბაზში.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი