უსინათლო ხელოვანის ფერადი სამყარო
ქუთაისელმა ხელოვანმა ხვიჩა სიმონიამ შეზღუდული შესაზლებლობის მქონე პირების დასაქმებისა და დახელოვნების ლიგა 2005 წელს დაარსა. ლიგაში 20-მდე შშმ პირია გაწევრიანებული. ისინი სასურველ პროფესიას ეუფლებიან. ლიგის დამფუძნებელი ხვიჩა სიმონია თავად შშმ პირია. ის შშმ პირების დახმარებისათვის საქველმოქმედო კონცერს მართავს.
მომღერალ ხვიჩა სიმონიას მხედველობის პრობლემა აქვს. ის 25 წლის ასაკში ავტოკატასტროფაში მოხვდა, რის შედეგადაც მხედველობა დაკარგა. პროფესიით მუსიკოსია, დაამთავრა ქუთაისის მუსიკალური სასწავლებელი. ადრე ბას გიტარაზე უკრავდა, სხვადასხვა ქართულ და უკრაინულ ჯგუფებთან ერთად მუშაობდა. უბედური შემთხვევის შემდეგ, საყვარელ ინსტრუმენტთან დაშორება მოუხდა. ავტოკატასტროფის შემდეგ მისი ცხოვრება ძალიან ბუნდოვანი და სევდიანი გახდა. მოგვიანებით გააცნობიერა, რომ ცხოვრება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვისაც მშვენიერია. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებამ რთული განსაცდელი მოუვლინა, შინაგანი სიძლიერითა და მეგობრების დახმარებით შეძლო მუქი ფერების გაფერადება. მართალია მისი საყვარელი ინსტრუმენტი ვერ „შემოირიგა“, თუმცა კლავიშებიანი საკრავის საშუალებით, კვლავ ეშვება ხელოვნების უსაზღვრო სივრცეში. ხვიჩამ სიმღერა დაიწყო.
როგორც თვითონ ამბობს, ვიდრე საკუთარ თავზე არ გამოცადა, არც კი იცოდა შეზღუდული შესაძლებლობების შესახებ.
„როცა ჯანმრთელად ვიყავი და პრობლემა არ გამაჩნდა, არ ვიცოდი, რა იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების ცხოვრება. სიმართლე გითხრათ, ამაზე ნაკლებად ვფიქრობდი. თურმე ძალიან მძიმე სატარებელი ტვირთი ყოფილა. თითქმის ყველა მხრიდან პრობლემები გაქვს. მქონდა პერიოდი, როდესაც სახლში ვიკეტებოდი და არაფრის გაკეთების სურვილი არ მქონდა. თუმცა ჩემი მეგობრების ძალისხმევამ შთამაგონა, რომ ცხოვრება გრძელდება და რომ ცოცხლად არ უნდა მოვმკვდარიყავი. ამ მოტივაციით და შემართებით შევძელი ცხოვრების გაგრძელება“,-ამბობს ის.
სხვების დახმარების სურვილმა უსინათლო მუსიკოსს შშმ პირების დახელოვნებისა და დასაქმების ლიგის შექმნა გადაწყვეტინა. მას ახლა სხვა საფიქრალი აქვს. ის იმ ადამიანების გააქტიურებას ცდილობს, ვისაც ცხოვრებამ ზურგი აქცია და ამის გამო სახლში გამოიკეტენ.
„ჩემსავით პრობლემური ადამიანები სახლში რომ არ გამოიკეტონ, დავაარსე შშმ პირთა დახელოვნებისა და დასაქმების ლიგა, სადაც რამდენიმე შშმ პირია გაწევრიანებული და მათთვის საყვარელ საქმეს შეისწავლიან. ჩვენ შეზღუდვებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ვაწყდებით. არაადაპტირებული გარემო, დასაქმება, დაბალი ჩართულობა, ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომელიც გვაწუხებს, თუმცა არ მიმაჩნია, რომ პრობლემის მოსაგვარებლად მხოლოდ მთავრობა უნდა ზრუნავდეს. ჩვენი, თითოეული მოქალაქის ვალია ერთმანეთს გვერდით დავუდგეთ“,- ამბობს ხელოვანი.
მისი თქმით, ვინაიდან ის დასაქმებულია, „ცუდი ფიქრებისთვის“ დროც აღარ რჩება, ამიტომ გახდა მისი მიზანი შშმ პირებზე ზრუნვა, თუმცა მიზნის მისაღწევად ხელის შემშლელი უამრავი ფაქტორია. ხვიჩას თქმით, ვიდრე საზოგადოების აქტივობა არ იქნება მაღალი, მიზნის მიღწევა გაჭირდება.
„პირველ რიგში, ბიზნესმენებმა უნდა გაითვალისწინონ და შენობებს გაუკეთონ პანდუსები და ჩვენთვის ადაპტირებული გარემო შექმნან. აი, მაგალითად, სუპერმარკეტში შესვლა რომ გინდოდეს, ვერ შეხვალ, ვერც ტაძარში. ტრანსპორტი, არასამთავრობო ორგანიზაციების შენობები, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები - არცერთს პანდუსი არ აქვს. ყველა მთავრობისკენ ვიშვერთ ხელს, საზოგადოებამაც უნდა მოგვცენ შესაძლებლობა, რომ მათთან მივიდეთ. ამას გარდა ტროტუარზეც შეუძლებელია გავლა, თითქმის ყველგან ავტომობილებია დაპარკინგებული“,-აღნიშნავს ხვიჩა სიმონია.
მიუხედავად არაერთი პრობლემისა, ის მაინც აქტიურად აგრძელებს მის საქმიანობას. შშმ პირების დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტს უწევს ორგანიზებას, რომელიც 17 ივნისს გაიმართება. ღონისძიებაზე სხვადასხვა ცნობილ მუსიკოს-შემსრულებლებთან ერთად თავადაც მიიღებს მონაწილეობას. კონცერტიდან შემოსული თანხა სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებს სცენაზე გადაეცემათ.
„17 ივლისს საქველმოქმედო კონცერტს ვმართავთ შშმ პირების დასახმარებლად და იმედი მაქვს საზოგადოების ჩართულობის. მოვუწოდებ ყველას, ვისაც გული შეტკივა ჩვენს პრობლემაზე, მოვიდეს კონცერტზე. მასში მონაწილეობას ცნობილი მომღერლები მიიღებენ. შემოსული თანხა სრულიად გადაეცემათ ამ ადამიანებს, პირდაპირ სცენაზე, მაყურებლის თვალწინ“- აცხადებს ხელოვანი.
ამ თემაზე: შშმ პირების დასახმარებლად ხვიჩა სიმონია კონცერტს გამართავს
ქუთაისში უსინათლოთა კავშირის წევრებს აუდიო ბიბლიოთეკა გადასცეს
ავტორი: ანი ლიპარიშვილი