|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„უტრეხტის ოქმი“- თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის გარანტი

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ „ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის მიღების უფლების შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის დამატებითი ოქმის“ სარატიფიკაციოდ წარმოდგენის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის რეკომენდაციის პროექტი წარადგინა.

 „უტრეხტის ოქმი“ შემუშავებულია ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების მიერ და წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის დამატებით ოქმს, სადაც აქცენტი კეთდება თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის მნიშვნელობაზე. 

„ევროპულმა სახელმწიფოებმა, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა საკმაოდ მნიშვნელოვანი გზა გაიარეს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და გაძლიერებისთვის, როგორც მმართველობითი სისტემის სრულყოფისთვის. ეს, ბუნებრივია გამოიხატა იმ შეთანხმებებში, რომელზეც კონსენსუსი აქვს ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს და რომელიც გამოიხატა ევროპული ხასიათის დოკუმენტებში. საქართველომ მოახდინა დეკლარირება იმ ღირებულებების, რასაც ეყრდნობა ევროპული ადგილობრივი თვითმმართველობა“, - განაცხადა მომხსენებელმა. 

როგორც ზაზა გაბუნიამ აღნიშნა, ევროპულ ქარტიას საქართველომ ხელი მოაწერა 2002 წელს, ხოლო 2004 წელს მოახდინა მისი რატიფიცირება, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი და ნაბიჯი საქართველოში თვითმმართველობის სისტემის შექმნისთვის და გაძლიერებისთვის. „თვითმართველობის განვითარებაზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ ამ პროცესში საზოგადოების მონაწილეობა არის ფუნდამენტური საკითხი, რაც გამოიყო კიდეც ცალკე დოკუმენტის სახით“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ. 

მისივე თქმით, 2009 წელს ევროპულმა სახელმწიფოებმა შეიმუშავეს ახალი დოკუმენტი, რომელიც არის ევროპული ქარტიის დამატებითი ოქმი, სადაც საუბარია თვითმართველობის განხორციელების პროცესში მოქალაქეების მონაწილეობაზე და საზოგადოების ჩართულობაზე. 

„იმის გათვალისწინებით, რომ დაანონსებული გვაქვს დეცენტრალიზაციის რეფორმა, ამასთან, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში გვაქვს ვალდებულება, შევქმნათ ისეთი პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა ფართო მონაწილეობას და ჩართულობას, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ თვითმმართველობის გაძლიერებისთვის ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები, მათ შორის, საკონსტიტუციო გარანტიები, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო დადგეს იმ სახელმწიფოთა რიგში, რომელთაც აქვთ ეს ევროპული დოკუმენტი მიღებული, ხელმოწერილი და რატიფიცირებული. ამით ჩვენ მოვახდენთ სწორედ იმ ღირებულებების დეკლარირებას, რომელზეც დგას ევროპული ადგილობრივი თვითმმართველობა“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ. 

კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილი დოკუმენტის რატიფიცირებას მხარი ერთხმად დაუჭირეს. დოკუმენტი განხილვისას, ასევე, ერთხმად იქნა მხარდაჭერილი ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომებზე.

ავტორი: ნიუპრესი