ვერ გიშველეთ პატარა მარიამ! - ბაღდათელი გოგონა გარდაიცვალა
ვერ გიშველეთ პატარა მარიამ! - წერენ ბაღდათელი გოგონას შესახებ სოციალურ ქსელში. მარიამ კოჩაძის თურქეთის კლინიკაში გადასაყვანად თანხების მობილიზება სოციალური ქსელის მეშვეობით ხდებოდა.
პატარა გოგონას ოჯახის წევრები ავტოავარიის შედეგად გარდაეცვალა, შემდეგ კი თავადაც მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა.
“გასული წლის 25 ოქტომბერს მარიამის ოჯახი მიდიოდა ბაღდათის სოფელ დიდველიდან, სოფელ დიმში ბაბუის ეზოში ხეხილის ნერგების დასარგავად. ბაღდათის გზა მოუვიდათ ავარია, სადაც ადგილზევე გარდაიცვალა მარიამის მამა, ბებია, ბებიის ძმა და მარიამის 4 წლის ძმა. მარიამი და მისი დედა გადაიყვანეს ქუთაისში, ევექსის კლინიკაში, სადაც მოგვაინებით გარდაიცვალა დედა და გადარჩა მხოლოდ გოგონა. რამდენიმე დღეში ბავშვს დაემართა კოვიდი და რეანიმობილით გადაიყვანეს თბილისში, ციციშვილის კლინიკაში. ბავშვი ავარიის შემდგომ იმყოფება მართვით სუნთქვაზე კომატოზურ მდგომარეობაში. აუცილებელია თურქეთის კლინიკაში გადაყვანა. გთხოვთ, ნუ დავუშვებთ რომ ოჯახიდან გადარჩენილი ერთადერთი სიცოცხლეც გამოგვეცალოს ხელიდან,”-წერდნენ ოჯახის ახლობლები სოციალურ ქსელში.
კამპანიას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. მას დახმარება პრემიერმაც გაუწია.
ავტორი: ნიუპრესი