|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ჩემს გუნდთან ერთად -გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ  თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ გახარიამ განცხადება რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.

გახარიას თქმით, გადადგომის მიზეზია ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.

„„გუშინ ნიკა მელიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ეს არის ადამიანი, რომელიც დიდა არასდროს სცემდა პატივს ქართულ თანამდებობას და ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც 20 ივნისს მოუწოდებდა ჩვენს მოქალაქეებს პარლამენტის შტურმისკენ და იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი პარლამენტში შეჭრის, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი აბსოლუტურად ურყევი პოზიციაა, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ, თუნდაც კანონიერი მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან საერთოდ, ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის არის მიუღებელი.

დღეს, განსაკუთრებით, როდესაც ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობა და პოლარიზაცია თვითონ ქვეყნის გარეთ განვითარების და შემდგომ ქვეყნის უსაფრთხოების და მომავლის რისკებს ქმნის, მაშინ, როდესაც ჩვენ, ყველანი, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად ვებრძვით გლობალურ პანდემიას, ეკონომიკურ კრიზისს, რეგიონალურ გამოწვევებს და რაც მთავარია, ვებრძვით პოლარიზაციას, რათა უკეთესი მომავალი მივცეთ ჩვენს შვილებს, ასეთი ღონისძიება უნდა ჩატარდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც გადაზღვეული იქნება ყველა სახის რისკი და როდესაც არანაირი რისკი არ იარსებებს, არც ერთი, მიუხედავად პოლიტიკური მიზანშეწონილობისა ან ორიენტაციისა, თითოეული ჩვენი მოქალაქის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ შექმნის არანაირ საბაბს ესკალაციის. ამიტომ, იქიდან გამომდინარე, რომ მე, სამწუხაროდ, ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან. რა თქმა უნდა, მჯერა და მინდა, მჯეროდეს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას, რამეთუ დარწმუნებული ვარ, რომ პოლარიზაცია და დაპირისპირება ჩვენ შორის არის ყველაზე დიდი რისკი ჩვენი ქვეყნის მომავლის ეკონომიკური განვითარების და ყველა სახის კრიზისის გამკლავების“,-აღნიშნა გახარიამ.

ავტორი: ნიუპრესი