|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ვფიქრობთ, გავუადვილოთ ლოჯისტიკა იმ ტურისტებს, რომლებიც შემოვლითი გზებით შემოვლენ ქვეყანაში"

ვფიქრობთ, გავუადვილოთ ლოჯისტიკა იმ ტურისტებს, რომლებიც შემოვლითი გზებით შემოვლენ ქვეყანაში - განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ  ქუთაისში იმერეთში მოქმედი  მცირე სასტუმროების წარმომადგენლებს შეხვედრისას.

მინისტრი ადგილობრივ მეწარმეებს რუსეთთან გართულებული ურთიერთობის ფონზე შექმილ პრობლემებსა და გამოსავლის გზებზე ესაუბრება.  

"ვხვდებით ტუროპერატორებს, განსაკუთრებული აქცენტი გვაქვს აღებული მცირე საოჯახო ტიპის სასტუმროებზე, საკმაოდ სერიოზული გამოწვევის წინაშე დადგა ეს ინდუსტრია, მოლოდინი იყო რომ წლის ბოლომდე მილიონი ტურისტი შემოვიდოდა რუსეთის მიმართულებიდან, გარდა ამისა, სრულიად დაუმსახურებლად კითხვის ქვეშ დააყენეს საქართველოს,  როგორც უსაფრთხო ქვეყნის იმიჯი. ამას შეიძლება დაემატოს ფრენების შეწყვეტა რუსეთიდან, რა თქმა უნდა, იმის თქმა, რომ ეს უმნიშვნელო გამოწვევაა,  არ იქნება სწორი", - განაცხადა მინისტრმა.  

შეხვედრაზე გამომსვლეთა ნაწილის თქმით, მათ ბიზნესზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს რუსეთიდან შემცირებული ნაკადი, თუმცა ნაწილი იმედოვნებს, რომ ტურისტების ნაწილი, რომელთაც კარგად იცნობენ საქართველოს,  მაინც მოახერხებენ ჩამოსვლას... საოჯახო სასტუმროთა მფლობლობების ერთი ნაწილის განცხადფებით,  მათ სტუმრების შორის ევროპელი ტურისტებიც საკმაოდ მრავლად არიან.

 "ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე მაქვს საოჯახო ტიპის სასტუმრო, წელს მოვახერხეთ, ის რომ მოთხოვნებიდან გამომდინარე გაგვეზარდა ნომრების რაოდენობა, თუმცა შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ივლისის მეორე ნახევრისთვის მიღებული რამდენიმე ჯავშანი რომელი მქონდა, უკვე აღარ მაქვს, "-  განაცხადა მიკრომეწარმე სოფო კიკნაველიძემ. მისი თქმით,  ვიზიტორებს შორის ევროპელი ტურისტებიც არიან, თუმცა მნიშვნელოვან ნაწილს მაინც რუსი ტურისტები შეადგენენ.

 დარეჯან კირთაძის განცხადებით, მეხუთე წელია კინჩხაში აქვს სასტუმრო, სადაც წარმატებით საქმიანობს, მისი თქმით, სტუმრებს შორის არიან როგორც რუსეთის,  ასევე სხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც. "ივლისის მეორე ნახევარსა და აგვისტოში ტრადიციულად ველოდებით რუს ტურისტებს, იმედი გვაქვს, რომ მაინც ჩამოვლენ, შემოვლითი გზებით, რადგან მათ უკვე კარგად იციან ჩვენი მასპინძლობა და აქ დასვენების ფასი"- განაცხადა დარეჯან კირთაძემ.

შეხვედრა ამ დროისათვის ტურიზმის საინფორმაციო  ცენტრში მიმდინარეობს.  მინისტრის განცხადებით, მსგავსი შეხვედრები საქართველოს რეგიონებში იმართება, რის შემგეგაც მთავრობა თავის სტრატეგიას ჩამოაყალიბებს.

ავტორი: ირინა მაკარიძე