"დღე არ გავა, რომ ჩემს სამშობლოში რაიმე უბედურება არ მოხდეს" -ირმა კვიცარიძე
ქართველი ექიმი ირმა კვიცარიძე, რომელი წლების განმავლობაში ავსტრიაში საქმიანობს, ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ფეისბუქპოსტით ეხმიანება.
"დღე არ გავა, რომ ჩემს სამშობლოში რაიმე უბედურება არ მოხდეს, მერე ხდება ანალიზი, გადაბრალება და ა.შ. არავის ჭკუის სწავლებას არ ვაპირებ, მაგრამ ყოველდღე გვესმის, რომ ევროპელობა გვინდა, შემიძლია, მხოლოდ გიამბოთ, აქ როგორ ხდება უსაფრთხოების დაცვა!
ყოველთვის, სამწუხაროდ, არაპროფესიონლიზმი და უპასუხისმგებლობა ქმნის პრობლემას.
ვმუშაობ უკვე 23 წელია ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ყოველ წელს კლინიკის ყველა თანამშრომელი გადის უსაფრთხოების წესებში წვრთნებს და ეს სავალდებულოა ყველა თანამშრომლისათვის! სულ მცირე ასეთი წვრთნა 23-ჯერ მაქვს გავლილი, მოიცავს: ევაკუაციის გეგმას, სახანძრო აღჭურვილობის გაცნობას (იმ აღჭურვილობის, რომელიც კლინიკაშია ყოველ ფეხის ნაბიჯზეა დაყენებული). ვეცნობით ასეთ შემთხვევაში, ჩვენს ფუნქციებს, თანმიმდევრობას, თუნდაც იმიტომ, რომ საშველად მოსულ მაშველთან ერთად სინქრონულად ვიმუშაოთ, ან თუნდაც მას ხელი არ შევუშალოთ. ასევე არა მარტო სახანძრო, არამედ სხვადასხვა შემთხვევებისათვის მზადებას.
იმაზე საუბარი, რომ უსაფრთხოების ნორმები არ იქნება დაცული შენობებში, გამორიცხულია. შენობა ექსპლუატაციაში ვერ შევა, თუ ის, პიველ რიგში, ამ პირობებს ვერ აკმაყოფილებს. და ბოლოს, ტიროლის მხარე ტურიზმით ირჩენს თავს, საუკეთესო სასტუმროები აქვს, 5 ვარსკვლავი მცირე რიცხვს აქვს. მინდა ვთქვა, რომ ნებისმიერი 3- ვარსკვლავიანი სასტუმრო ღირსეულ კონკურენციას გაუწევს საქართველოს 5- ვარსკვლავიან სასტუმროებს! ვინ არიგებს საქართველოში ასე გულუხვად ვარსკვლავებს და რომელი სახელმწიფო სტრუქტურა აკონტროლებს შენობების უსაფრთხოებას? რომელი სახელწიფო სტრუქტურა ზრუნავს, ან აგებს პასუხს, მისი, თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოებაზე?!"-წერს ირმა კვიცარიძე.
ირმა ქუთაისელია, ქუთაისში უკეთ მის ძმას, მერაბ კვიცარიძეს იცნობენ, რომელიც ქალაქის კოლორიტი და საპატიო მოქალაქეა. ის ახლადმოწვეული საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გახდა.
ირმა კვიცარიძე: „ჩემი იქ ყოფნით უფრო მეტს ვაკეთებ ჩემი ქვეყნისთვის“
ავტორი: ნიუპრესი