ვინ არის ჭიათურელი ბიჭი, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით ჩაირიცხა?
ჭიათურელი ტატო ბაძგარაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველკურსელია. ის უნივერსიტეტის 245 სტუდენტიდან ერთ-ერთი საუკეთესოა და უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით მოხვდა.
18 წლის ტატო ბაძგარაძემ ჭიათურის მეოთხე საჯარო სკოლა დაამთავრა. გზა ჭიათურის საჯარო სკოლიდან საერთაშორისო უნივერსიტეტამდე არ იყო მარტივი.
თავდაპირველად საბუნებისმეტყველო საგნებით იყო დაინტერესებული, ბოლო წელს კი მისი დაინტერესება მათემატიკამ გამოიწვია. სასწავლო გაკვეთილების პარალელურად დადიოდა კერძო გაკვეთილებზეც, მონაწილეობდა კონკურსებში. ის მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების ოლიმპიადის გამარჯვებულია. თუმცა საკუთარ წარმატებებზე საუბარს თავს არიდებს.
ეროვნულ გამოცდებში მიღებული მაღალი შედეგით, აჩვენა, რომ სათანადო განათლების მიღება, სურვილის შემთხვევაში, ყველგანაა შესაძლებელი. როგორცის "ნიუპრესთან" საუბარში ამბობს, არჩევანი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე კურიკულუმის გამო შეაჩერა, რადგან სწავლის კურსი ზოგადი საგნებით არ არის გადატვირთული. განაცხადშიც პირველი მიუთითა უნივერსიტეტი, რომელიც წელს პირველად მიიღეს სტუდენტებს.
"ავირჩიე მათემატიკის ფაკულტეტი, არჩევანი კი ისევ და ისევ ჩემმა ინტერესმა განაპირობა. გადამწყვეტი ფაქტორი ამ უნივერსიტეტის არჩევაში ჩემთვის კურიკულუმი გახდა, რომელიც არაა გადატვირთული ზოგადი საგნებით, მაგალითად, "თავისუფალი უნივერსიტეტის" კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის ფაკულტეტის კურიკულუმისგან განსხვავებით. გარდა ამისა, კარგია, რომ სწავლა ინგლისურ ენაზე წარიმართება. მივიღე 100%-იანი გრანტი და ჩავირიცხე მათემატიკის ფაკულტეტზე. დიახ, პირველი ეს უნივერსიტეტი მქონდა მითითებული"-განაცხადა ტატო ბაძგარაძემ.
სამომავლო გეგმებზე საუბარი უჭირს, თუმცა ამბობს, რომ კარგი მოლოდინები აქვს. სწავლის გადადების გამო კურსელებს ჯერ ვერ შეხვდა, თუმცა ნაწილი ონლაინ უკვე გაიცნო. უნივერსიტეტში სწავლა, სავარაუდოდ, პირველი ოქტომბრიდან დაიწება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი