ვინ დაიკავებს მესხიშვილის თეატრის დირექტორის პოსტს?
ქუთაისის მესხიშვილის თეატრის დირექტორის პოსტზე თეატრის სამხატვრო საბჭომ უკვე შეარჩია თავისი კანდიდატურა. მისი ვინაობა, ჯერჯერობით, საიდუმლოდ რჩება. როგორც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი სიხარულიძემ "ნიუპრესს" განუცხადა, შერჩეულ კანდიდატურას კულტურის სამინისტროს წარუდგენენ. "2 კვირის შემდეგ გახდება ცნობილი, დაამტკიცებს თუ არა კულტურის სამინისტრო ჩვენს მიერ წარდგენილ პიროვნებას",-აღნიშნა გიორგი სიხარულიძემ.
მისი თქმით, დღეს თეატრში დახურული თათბირი გაიმართა, სადაც სამი დასახელებული კანდიდატიდან კენჭისყრით ერთი მათგანი შეირჩა.
შეგახსენებთ, ქუთაისის ლადო მესხიშვილის დრამატული თეატრის დირექტორის პოსტიდან თამარ ლორთქიფანიძე დღეს გადადგა. თეატრის დირექტორის პოსტზე სამი კანდიდატურა განიხილებოდა: მსახიობი და რეჟისორი სულხან გოგოლაშვილი, რომელიც სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი სიხარულიძემ დაასახელა, კინოსა და თეატრის მსახიობი მარიკა სამანიშვილი. ის დასის ერთი ნაწილის მხარდაჭერით სარგებლობდა და მესხიშვლის თეატრის მსახიობი გიორგი შალამბერიძე. მან თავისი კანდიდატურა თავადვე წარადგინა.
"ნიუპრესის" ინფორმაციით, შერჩეული კანდიდატი სულხან გოგოლაშვილია.
ავტორი: ირინა მაკარიძე