|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ვიპოვე სამასი მანეთი, დამკარგველმა მომაკითხოს მუშათა საბჭოში"

ვიპოვე სამასი მანეთი, დამკარგველმა მომაკითხოს მუშათა საბჭოში -ამის შესახებ საუკუნის წინ  ქუთაისში გამომავალი ყოველდღიური გაზეთი "სოციალ-დემოკრატი იუწყებოდა.

„ნიუპრესი“ აგრძელებს რუბრიკას, რომელშიც ქუთაისში გამომავალ გაზეთებში ზუსტად 100 წლის წინ გამოქვეყნებულ ამბებს გაგაცნობთ.

ამ დროის პრესის მთავარი თემა დემოკრატიის მშენებლობაა.  სოციალ-ფედერალისტების გაზეთი "მეგობარი"  მიესალმება განახლებულ რუსეთსა და მასთან ერთად დემოკრატიულ, ავტონომიურ   საქართველოს. ქვეყანაში არჩევნების ბუმია, ირჩევენ სამაზრო, სარაინო, საქალაქო, საუბნო ადგილობრივ კომიტეტებს.  ქუთაისის გაზეთებში ქვეყნდება არჩევნების ჩატარების წესდება.

აქვე ქვეყნდება ცნობა სასულიერო პირების დაკავების შესახებ, რომლებიც თურმე ხალხში "პროვოკაციას" ეწეოდნენ. "მათ წინააღმდეგ ზომებია მიღებული", -ნათქვამია გაზეთში. 

     

პარტიებს შორის იდეოლოგიური განსხვავება ჯერ კიდევ მშვიდობიან ფორმებს ატარებს.  წერილში "შავრაზმული მოქმედება" საუბარია ვინმე სარდიონ აბზიანიძეზე, რომელიც აგრესიული რიტორიკით გამოირჩეოდა სოციალ- ფედერალისტების მიმართ.

   

სოფლებიდან ინფექციური დაავადების გავრცელების შესახებ მოდის ცნობები, ქალაქში კი მატლებიან პურს ჭამენ.

 სოფლებში გავრცელებულა "საშინელი სახადი, "ყვავილბატონები", როგორც სოფლად უწოდებენ მას. საჭირო ყურადღება მიექცეს ამ გარემოებას და დაიგზავნოს პირები და ამ მხრივ დაიხსნას სოფლის მცხოვრებნი ამ საშინელ სახადისაგან", -მიუთითებს გაზეთი.

"გუშინ ჩოროდვიანცის ფურნიდან ქალაქის თვითმმართველობაში მოიტანეს უმცხვარი მატლებიანი პური, რისთვისაც ზემო აღნიშნულ მეფურნეს ფურნე დაუკეთეს. როგორც ჩოროდვიანცმა განაცხადა და სხვა მეპურეებმაც სთქვეს, ამ ბოლო დროს მიღბულ პურის ფქვილში, ძლიან ბევრი მატლები ურევია. ერთ ტომარა პურის ფქვილში ხუთი გირვანქა მატლები რჩება გაცრის შემდეგ", -წერს მაშინდელი პრესა. 

მოქალაქეები შაქარს ბარათებით იღებენ,  თუმცა ამ დროისათვის შაქრის ოდენობა თითოეულ სულზე სამი გირვანქიდან ერთ გირვანქამდე შემცირდა. 

 

 მიუხედავად ამ პრობლემებისა, ქალაქში თეატრალური ცხოვრებისათვის მაინც სცალიათ.

"ხვალიდან ქუთაისის ქალაქის თეატრში იწყება თბილისის თეატრის გასტროლები", -წერს გაზეთი. პრესის ყურადღების მიღმა არც ლიტერატურა რჩება. გაზეთის "მეგობარი" ვრცელ სტატიაში სხვა პოეტებთან ერთად გალაკტიონის შემოქმედებაცაა "განხილული":  "გალაქტიონ ტაბიძეც ისწრაფვის, ყოველდღიური სიცხადით გულმოკლულმა სიმშვიდე მხოლოდ წმინდა ხელოვნების ნიჭიერ, მაგრამ ცალმხრივ სამსახურში მოიპოვოს", - წერს სტატიის ავტორი. 

  

 მთავარ ფოტოზე: ძველი ქუთაისი, მიხეილის ქუჩა

 

მსგავსი:

"გატეხეს ეკლესია, ჯიბგირების თავგასულობას საზღვარი არ აქვს"

ავტორი: ირინა მაკარიძე