|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვის მიმართ გავრცელდება 20 ივნისის ამნისტია - "ქართული ოცნების" კანონპროექტი

ცნობილი ხდება "ქართული ოცნების" მიერ 2019 წლის 19-21 ივნისი მოვლენებთან დაკავშირებით ინიცირებული ამნისტიის კანონპროექტი. ხელისუფლების კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე უარს არ აცხადებს.

ამნისტია, ასევე, ვრცელდება პირზე, რომელმაც დანაშაულის მომზადება ან მცდელობა ჩაიდინა. კანონპროექტი სრულად:

მუხლი პირველი:

  • სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და ამ კანონით დადგენილი წესით უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.
  • ამ მუხლით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება აგრეთვე პირზე, რომელმაც ჩაიდინა ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის მომზადება ან მცდელობა.
  • ამ მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ვრცელდება პირობით მსჯავრზეც.
  • ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმა, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღსრულებულია, მსჯავრდებულს არ დაუბრუნდება.

მუხლი მეორე –  ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 144-ე პირველი პრიმა და 144-ე მესამე პრიმა მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე.

მუხლი მესამე:

  • გამოძიების ეტაპზე ბრალდებულის, მათ შორის ძებნილი ბრალდებულის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილებას, ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული გარემოებების გამოკვლევის შემდეგ, ამ კანონის ამოქმედებიდან 1 კვირის ვადაში იღებს შესაბამისი პროკურორი. პირის მიმართ ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება უქმდება.
  • სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე ბრალდებულის, მათ შორის ძებნილი ბრალდებულის, ასევე მსჯავრდებულის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილებას, უახლოეს სასამართლო სხდომაზე ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული გარემოებების გამოკვლევის შემდეგ, იღებს შესაბამისი სასამართლო. პირის მიმართ ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება უქმდება.
  • თუ სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია, მსჯავრდებულის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილებას, ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული გარემოებების გამოკვლევის შემდეგ იღებს თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო.
  • ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამ კანონის ამოქმედებიდან 1 კვირის ვადაში ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული გარემოებების გამოკვლევის შემდეგ, თავდაპირველი განაჩენის გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს მსჯავრდებულის პირად საქმეს უგზავნის:  ა) პენიტენციურ დაწესებულება, თუ მსჯავრდებული სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში; ბ) დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო, თუ მსჯავრდებულს არასაპატიმრო სასჯელი აქვს შეფარდებული ან პრობაციის რეჟიმში იმყოფება.
  • ძებნილი მსჯავრდებულის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილებას, უახლოეს სასამართლო სხდომაზე ამ კანონით გათვალისწინებული გარემოებების გამოკვლევის შემდეგ იღებს: ა) სააპელაციო სასამართლო, თუ მის მიმართ გამოტანილი განაჩენი გასაჩივრებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 292-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით; ბ) უზენაესი სასამართლო, თუ მის მიმართ გამოტანილი განაჩენი გასაჩივრებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.
  • თუ ძებნილ მსჯავრდებულს განაჩენი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 292-ე მუხლის მე-3 ნაწილით ან მე-300 მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით არ გაუსაჩივრებია, მის მიმართ ამნისტიის გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილებას, ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული გარემოებების გამოკვლევის შემდეგ იღებს თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო.
  • ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამ კანონის ამოქმედებიდან 1 კვირის ვადაში ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული გარემოებების გამოკვლევის შემდეგ, თავდაპირველი განაჩენის გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს მსჯავრდებულის პირად საქმეს უგზავნის საქართველოს გენერალური პროკურატურა.

მუხლი მეოთხე:

  • პირის მიმართ, რომელზეც არ ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია, სამართალწარმოება გრძელდება. ეს პირი სარგებლობს სამართლიანი სასამართლოს უფლებით. გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, სასამართლოს განაჩენი გამოაქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი წესის დაუცველად, სასჯელის დანიშვნით. აღნიშნული განაჩენი საჩივრდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად.
  • პირს, რომლის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი, უფლება აქვს ნებისმიერ დროს გამოიხმოს თავისი უარი ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის მის მიმართ გავრცელებაზე. თუ აღნიშნული უარი გამოხმობილი იქნა: ა) სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე, სასჯელისაგან და პირობითი მსჯავრისგან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილებას, უახლოეს სხდომაზე იღებს შესაბამისი სასამართლო; ბ) სამართალწარმოების დასრულების შემდეგ, სასჯელისაგან და პირობითი მსჯავრისგან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო.
  • ამ მუხლის მე-2 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თავდაპირველი განაჩენის გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს მსჯავრდებულის პირად საქმეს უგზავნის: ა) პენიტენციურ დაწესებულება, თუ მსჯავრდებული სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში; ბ) დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო, თუ მსჯავრდებულს არასაპატიმრო სასჯელი აქვს შეფარდებული ან პრობაციის რეჟიმში იმყოფება.

მუხლი მეხუთე –  ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიისადმი დაქვემდებარებული დანაშაულის ჩადენისათვის პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის ამ კანონის ამოქმედების შემდეგ დაწყების შემთხვევაში, ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის ათვლა იწყება ბრალის წაყენების მომენტიდან.

მუხლი მეექვსე – ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

რაც შეეხება ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ კანონპროექტს, პირველი მუხლი ითვალისწინებს, ადმინისტრაციული სახდელისგან – ჯარიმისაგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელსაც სახდელის აღნიშნული სახე 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩადენილი სამართალდარღვევისთვის დაეკისრა. 

მიუხედავად ამისა, თუ პირს ჯარიმა უკვე გადახდილი აქვს ის უკან არ დაუბრუნდება.

 ცნობისთვის, ოპოზიციამ პარლამენტში ამნისტიის პროექტის საკუთარი ვერსია დაარეგისტრირა. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა