"ვიწყებთ ერთგვარ აქციას, რომ პოპულარიზაცია გავუწიოთ ქუთაისის ძველ შენობებს"
"ვიწყებთ ერთგვარ აქციას, რომ პოპულარიზაცია გავუწიოთ ქუთაისის ძველ შენობებს"- აცხადებს თამთა თურმანიძე.
ფოტოკონკურსი "ილო" წელს მეთერთმეტედ გაიმართება. ფოტოკონკურსის მთავარი სიახლე რუბრიკა "ჩემი ქუთაისია".
ღონისძიების პრეზენტაცია კერძო სკოლის "ღონე ქვეყნისა" ეზოში გაიმართა. ორგანიზატორების განცხადებით, მათი არჩევანი შემთხვევითი არ არის.
"ამ კონკურსის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს პოპულარიზაცია გაუწიოს ქუთაისის ისტორიას, და ეს ისტორია ხშირ შემთხვევაში ამ ქალაქის უძველეს შენობებში იმალება. ამიტომ ჩვენს გვერდზე სოციალურ ქსელში დავიწყებთ ისტორიული შენობების ამბების თხრობას. შეიძლება, ჩვენი თანაქალაქელებიც ყოველდღე ხედავდნენ ამ შენობებს, მაგრამ არ იცოდნენ, თუ რა ამბები და პიროვნებები არიან მათთან დაკავშირებული. პრეზენტაციაც გაიმართა ამ შენობაში, რომელიც "ოქროს ჩარდახის" შემდეგ ერთ-ერთი უძველესი შენობაა ქუთაისში. ჯერ კიდევ აკაკი წერეთლის ბიძამ ააშენა, მერე გადასცა ქალაქს, იყო გუბერნატორების სახლი. სხვათაშორის, რუსეთის ორ იმპერატორიც სტუმრობდა ამ შენობას", - აღნიშნა თამთა თურმანიძემ.
მისი თქმით, წელს არ იქნება ფეისბუკ კონკურსი, თუმცა რუბრიკაში "ჩემი ქუთაისი" შემოსული ფოტოები განთავსდება სოციალურ ქსელში, კონკურსის გვერდზე.
კონკურსი საერთაშორისო იქნება. ორგანიზატორები კონკურში მონაწილეობის შეთავაზებით ქუთაისის დამეგობრებულ ქალაქებს მიმართავენ.
ძირითადი ფოტოკონკურსის თემა ტრადიციულად თავისუფალია და მასში გამარჯვებულებს პროფესიული ჟიური გამოავლენს. I, II და III ადგილებზე გასულ კონკურსანტებს ფულად ჯილდოებთან ერთად გადაეცემათ თავად ილოს გამოსახულებიანი მინიატურული ქანდაკებები.
საკონკურსო მასალების მიღება 5 ნოემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.
ავტორი: ირინა მაკარიძე